შხეფის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შხეფის ციხე

შხეფის ციხე− (ინგლ. Shkhepi Castle), IV საუკუნის მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე საქართველოში, სამეგრელო-ზემოსვანეთის მხარეში, ისტორიული ეგრისის სამეფოში, ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტში, მისგან 5 კმ-ში, სოფელ შუა ნოსირში, მთის ერთ-ერთ პატარა გორაკზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: მთავარი ციხე, გალავანი, ორი კოშკი, საცხოვრებელი სათავსები, წყალსაცავი და მარანი. ციხე უძველესი დროიდან ლაზიკის (ეგრისის) სამეფოს მომხვდურთაგან დაცვის საერთო ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი იყო. თავდასხმები ძირითადად ზღვის ან სამხრეთის მხრიდან იყო მოსალოდნელი, ამიტომ თუ ეგრისელები მტერს კოლხეთის დაბლობზე ვერ შეაჩერებდნენ, მაშინ ჩრდილოეთით იხევდნენ და მთებსა და ხეობებს აფარებდნენ თავს, რომელთა დაცვას ემსახურებოდა მთის ქიმზე გადმომდგარი შხეფის და მისი მსგავსი სხვა ციხეები.

შხეფის ციხეს მეტად მოხერხებული მდებარეობა უკავია. ციხე მრავალჯერ გადაკეთებულა. კარგადაა შემორჩენილი კოშკები და გალავანი (სისქე 120-180 სმ). გალავნისა და კოშკების სქელი კედლები ნამტვრევი ქვის დიდი კვადრებითაა ნაწყობი და შესანიშნავი პროპორციები აქვს. ადრე ოთხწახნაგოვანი წაკვეთილი პირამიდის ფორმის ოთხსართულიანი მთავარი კოშკიც არსებულა ციტადელის შუაში, მაგრამ მას, სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოუღწევია. ციხის ეზოში ბლომადაა მიწაში ჩამარხული სხვადასხვა ზომის ქვევრები. ჩრდილო-აღმოსავლეთის მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნაშთია. აღმოსავლეთის მონაკვეთის ცენტრში კი მოზრდილი წყალსაცავია. გვიან საუკუნეებში აუზის წყალი ციხისათვის საკმარისი არ ყოფილა და სპეციალური წყალსადენი გამოუყვანიათ. წყალსადენის სათავე ჩრდილო-დასავლეთით თითქმის ერთ კილომეტრზეა, მაღალი მთის ფერდობზე. წყალსადენი ნაგებია კერამიკული მილსადენებით, რომლებიც ერთმანეთთან კირის დუღაბითაა დაკავშირებული. იგი ზიარჭურჭლის პრინციპზეა აგებული – ჯერ დაღმა მიდის შედარებით მოკლე, განიერი და თხელი მილებით და შემდეგ მაღლა ციხეზე ადის უფრო გრძელი, ვიწრო და სქელი მილებით. გალავანი მრავალჯერაა გადაკეთებული, რასაც ადასტურებს გალავნის ჩრდილო ხაზზე აღმოჩენილი სხვადასხვა დროის სამშენებლო ფენები, ხოლო სამხრეთის ხაზზე XVI-XVIII საუკუნეების ახალი კედლებია სათოფურებით. ციხის ეზოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია საცხოვრებელი კომპლექსის სათავსების (6 სათავსი) ნანგრევები (დარჩენილია კედლები სიმაღლით 2-3,5 მ.) და ერთი 2 მ-ის სიგანის ბუხარი თავისი საკვამლე არხით. არსებობს მოსაზრება, რომ შხეფის ციხე იგივე ციხესიმაგრე ონოგურისია, სადაც 554 წელს გაიმართა ბრძოლა ირანისა და ბიზანტიის ლაშქარს შორის (ონოგურისის ბრძოლა).



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები