ჩერნიავსკი კოლაუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩერნიავსკი კოლაუ (ნიკოლოზ) ანდრეის ძე - (დ. - 1892, აკერმანი, ბესარაბიის გუბ. - გ. - 1947) - პოეტი. მწერალი. თბილისური ავანგარდის წარმომადგენელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა პოლონური წარმომავლობის სათავადაზნაურო ოჯახში. მამა, ანდრეი, 1904 წელს ცოლის გარდაცვალების შემდეგ, სამი მცირეწლოვანი ვაჟიშვილით გადმოსახლდა თბილისში. 1912-1914 წლებში იყო თბილისის გუბერნატორი. კვლავ ქორწინდება და ცოლად ირთავს ალექსანდრე ყაზბეგის ბიძაშვილის შვილს, მომღერალ ოლგა დოლგოვას. 1917 წელს ილია და კირილე ზდანევიჩებთან, ლადო გუდიაშვილთან, ზიგა ვალიშევსკისთან, ყარა-დარვიშთან, ალექსეი კრუჩონიხთან ერთად, აყალიბებს ჯგუფს „ფუტურისტული სინდიკატი“. კოლაუ ჩერნიავსკი 1918 წელს რუსულენოვან გაზეთ „რესპუბლიკაში“ („Республика“, №145, 10 იანვარი) აქვეყნებს წერილს კირილე ზდანევიჩზე: „კირილე ზდანევიჩის გამოფენა“ (Выставка К. Зданевича). კოლაუ ჩერნიავსკი სწავლობდა თბილისში ვაჟთა I გიმნაზიაში. სწავლას აგრძელებს ყაზანის უნივერსიტეტში.

მისი ლექსები დაბეჭდილია 1917-1919 წლებში „ფანტასტიკური სამიკიტნოს“ მიერ გამოცემულ ცნობილ კრებულში „Софии Георгиевне Мельниковой“, ძირითადი ნაწილი კი დაკარგული. 1918-1920 წლებში ილ. ზდანევიჩის მიერ დაფუძნებული ფუტურისტული ჯგუფის „41°“-ის აქტიური წევრია. ამ რადიკალურ ავანგარდულ ჯგუფში ყოფილი „ფუტურისტული სინდიკატის“ თითქმის ყველა წევრი გადმოდის. კოლაუ ჩერნიავსკი ზაუმის პოეტია. სერიოზულადაა დაინტერესებული ნიკო მარის ენის თეორიით, თარგმნის ტექნიკით, ისტორიული ქრონიკებით. ილ. ზდანევიჩთან ერთად მუდმივად ეძებს ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებს, წერს ე.წ. „ორკესტრულ ლექსებს“.

1926 თბილისში გამოცემულ სამენოვან (ქართული, რუსული, ფრანგული) წიგნში, „ნიკო ფიროსმანაშვილი“, იბეჭდება მისი ფრანგულენოვანი ტექსტი. „ფანტასტიკური სამიკიტნოს“ საღამოების მუდმივი თანამონაწილე, ექსპერიმენტატორი ავანგარდისტი პოეტი, არაჩვეულებრივად ერკვეოდა ხელოვნებაში, უყვარდა ფიროსმანაშვილი (აღმოჩენილი აქვს მისი რამდენიმე ნამუშევარი; თავისთვის ქმნიდა მისი ნამუშევრების კატალოგს).

თარგმანი

იყო საინტერესო კრიტიკოსი და მშვენიერი მთარგმნელი. რუსულად თარგმნა:

  • დემნა შენგელაიას „სანავარდო“
  • ნიკოლო მიწიშვილის „ეპოპეა“
  • რაჟდენ გვეტაძის ნოველები
  • ტიციან ტაბიძის „როალდ ამუნდსენ“
  • მიხეილ ჯავახიშვილის „ლამბალო და ყაშა“
  • სიმონ ჩიქოვანის ლექსები

სომხურიდან რუსულად თარგმნა:

  • ფუტურისტი ყარა-დარვიშის ლექსები და სხვ.

წერდა სტატიებს და აქვეყნებდა სხვადასხვა გაზეთებსა და ჟურნალებში.

ნანა ყიფიანი

ლიტერატურა

  • И. Дзуцова, Колау Чернявский (1893-1943), Материалы к творческой биографии, ЗБОРНИК Матице српске за славистику главни и одговорниуредникКорнелијаИчин, Oктобр, 2013;
  • Т. Н икольская, Фантастический город, М., 2000;
  • ს. ჩერნიავსკაია, დროზე, ნიკოლაი ჩერნიავსკიზე, მის ნათესავებზე და მეგობრებზე იხსენებს ძმიშვილი, ჟურ. ლიტერატურის მაცნე, 1998;
  • Чернявский Колау. Автобиография. Российский государственный архив литературы и искусства. Москва. Ф. 2825. Оп. 1. Ед. хр. 12.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები