ზდანევიჩი კირილე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კირილე ზდანევიჩი

ზდანევიჩი კირილე მიხეილის ძე (დ. - 16.X.1892, კოჯორი - გ. - 17.II.1969, თბილისი) - ქართველი მოდერნისტი-გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი, ქართული ავანგარდული სცენოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ე.წ. ქართულ-რუსული კუბო-ფუტურიზმის ერთ-ერთი შემქმნელი. კირილე და ილია ზდანევიჩების მამა წარმოშობით პოლონელი იყო, დედა კი ქართველი - გამრეკელიძის ასული.

თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ბ. ფოგელისა და ნ. სკლიფასოვსკის ხატვისა და ფერწერის კურსებზე. 1911-1918 წლებში სწავლა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა, შემდეგ კი - გ. გურჯიევის ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტში (თბილისი, 1920). 1912 გაწევრიანდა რუსეთის მხატვართა ჯგუფში Ослиный Хвост, მონაწილეობდა მის „ნეოპრიმიტივისტულ“ გამოფენებში მ. ლარიონოვთან, ნ. გონჩაროვასთან, ვ. ტატლინთან, კ. მალევიჩთან და სხვა მხატვრებთან ერთად. 1911 წელს შედგა ზდანევიჩის ნამუშევრების პირველი გამოფენები მოსკოვსა და თბილისში. 1912 წლის არდადეგებზე თბილისში ყოფნისას ი. ზდანევიჩთან და მ. ლედანტიუსთან ერთად აღმოაჩინა ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრობა და დაიწყო მისი ნამუშევრების შეგროვება (მან ფიროსმანის ტილოები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს ხელოვნების მუზეუმს). ამასთანავე, დაწერა და გამოაქვეყნა მონოგრაფია ნ. ფიროსმანაშვილზე ქართულ და რუსულ ენებზე).

ზდანევიჩი კირილე, ფიროსმანის პორტრეტი. ნახატის ასლი გამოქვეყნებულია კირილე და ილია ზდანევიჩების გამოფენის კატალიგში, თბილისი–პარიზი

1913 წელს მ. ლარიონოვის ჯგუფთან - გონჩაროვასთან, მალევიჩთან, შაგალთან, შევჩენკოსთან, ლედანტიუსთან ერთად მონაწილეობდა გამოფენაში Мишень, სადაც ძმები ზდანევიჩებისა და ლე-დანტიუს მიერ პირველად იყო ექსპონირებული ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრები. გამოფენას წინ უძღვოდა დისპუტი თემაზე „აღმოსავლეთი, ეროვნულობა და დასავლეთი“, სადაც ილია ზდანევიჩმა პირველად წარმოადგინა თავისი კონცეფცია „ვსიოჩესტვო“. 1913 წელს გაემგზავრა პარიზში, სადაც სწავლობდა მოქანდაკე ა. არხიპენკოსთან და ახლოს იყო ავანგარდულ გაერთიანებასთან „ახალგაზრდათა კავშირი“. 1914 წელს გაიწვიეს I მსოფლიო ომში, სადაც იბრძოდა ოფიცრად გერმანიის ფრონტზე.

1917 წელს დაბრუნდა თბილისში. ძმასთან (ი. ზდანევიჩთან) ერთად გახდა მემარცხენე ფუტურიზმის ერთ-ერთი ლიდერი. კ. ზდანევიჩი იყო საქართველოში ე.წ. არტისტული წიგნის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1917 წლიდან მუშაობდა რადიკალურ კუბო-ფუტურისტულ ექსპერიმენტებზე ტიპოგრაფიაში, ქმნიდა წიგნის დიზაინს. თანამშრომლობდა ზაუმის პოეტებთან. შესრულებული აქვს კუბისტური და კუბო-ფუტურისტული გამოფენების აფიშები. ს. ვალიშევსკისთან ერთად გააფორმა ა. კრუჩიონიხის ფუტურისტული ლექსების კრებულები (Учитесь худоги, Малахолиа в Капоте, 1917-1918).

1918 წელს თბილისში გახსნილი მისი პერსონალური გამოფენა საქართველოში მემარცხენე ხელოვნების პირველი მნიშვნელოვანი წარდგენა იყო. ძმებმა ზდანევიჩებმა, პოეტებმა - ი. დეგენიმ, კ. ჩერნიავსკიმ, ყარა-დარვიშმა, მხატვრებმა - ლ. გუდიაშვილმა, ს. ვალიშევსკიმ, ა. კრუჩიონიხმა, ი. ტერენტიევმა დააარსეს „ფუტურისტული სინდიკატი“. 1919 წელს სინდიკატი დაიშალა და დაარსდა ახალი ჯგუფი - „41°“, რომელმაც დააფუძნა იმავე სახელწოდების გაზეთი. ზდანევიჩი მონაწილეობდა ამ ჯგუფის მიერ დაარსებულ „ფუტურვსეუჩბიშჩეს“ (футурвсеучбище) ლექციებში, გამოდიოდა თბილისის არტისტულ კაფეებში „ფანტასტიკურ დუქანსა“ და „არგონავტთა ნავში“ გამართულ არტისტულ საღამოებზე. მანვე მოხატა ეს კაფეები ლ. გუდიაშვილთან, ა. პეტროკოვსკისთან, ი. დეგენთან და ი. ზდანევიჩთან ერთად.

1921-1923 წლებში იმყოფებოდა კონსტანტინოპოლსა და პარიზში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა თბილისის, ლენინგრადისა და მოსკოვის თეატრებში სცენისა და თეატრალური კოსტიუმის დიზაინერად. 1949-1957 წლებში კ. ზდანევიჩი გადასახლებული იყო ვორკუტაში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს მუზეუმებში, ასევე, არაერთ კერძო კოლექციაში.

მაია ციციშვილი

ლიტერატურა

  • ზდანევიჩი კირილე, ზდანევიჩი ილია (კატალოგი), თბ., 2009;
  • თ. ტაბატაძე, არტისტული კაფე „ქიმერიონი“ და მისი მოხატულობა, თბ., 2011;
  • მ. ციციშვილი, ნ. ჭოღოშვილი, ქართული მოდერნიზმი 1910-1930, თბ., 2005;
  • Т. Никольская, Фантастический город: Русская культурная жизнь в Тбилиси: 1917–1921, М.: Пятая страна, 2000.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

კირილე ზდანევიჩი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები