ჩხიკვაძე ზაქარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაქარია ჩხიკვაძე

ჩხიკვაძე ზაქარია ივანეს ძე - (დ. - 23.II.1862, თელავი - გ. - 27.IV.1930, თბილისი) - ლოტბარი, ფოლკლორისტი, პედაგოგი, ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების შემკრები, მეცნიერი, მკვლევარი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაამთავრა ჯერ თელავის, შემდეგ, 1884 წელს თბილისის სასულიერო სემინარია. ვ. აუშევის კლასში მ. ბალანჩივაძესთან ერთად სწავლობდა. იყო ხ. სავანელის მოწაფე. თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლისას შექმნა მოწაფეთა სამუსიკო გუნდი. თბილისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ თელავის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე გალობა-სიმღერის მასწავლებლად მუშაობდა. პარალელურად თელავის სასულიერო სასწავლებლის მგალობელთა გუნდს ხელმძღვანელობდა.

1889-1907 წლებში თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიასა და მის მიერვე დაარსებულ უსინათლოთა სკოლაში სიმღერის მასწავლებლად მუშაობდა. 1890 წელს გამოიცა მის მიერ შეკრებილი და რედაქტირებული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების კრებული „სალამური“. გაიცნო და დაუმეგობრდა პ. ჩაიკოვსკის, რომელსაც გადასცა რვეული ქართული ხალხური სიმღერების ნოტებით. ასე მოხვდა ცნობილი ქართული „იავნანა“ ბალეტ „მაკნატუნაში“. აღნიშნულ მელოდიას ჩაიკოვსკიმ „არაბული ცეკვა“ უწოდა. 1905 წელს ზ. ფალიაშვილთან, ა. ყარაშვილთან და ი. კარგარეთელთან ერთად, მონაწილეობდა ქართული ფილარმონიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში, აგრეთვე დააარსა პირველი ქართული სამუსიკო სასწავლებელი და თავადვე ხელმძღვანელობდა მას. სიღნაღსა და თელავში დააფუძნა სამუსიკო სკოლები.

1913 წლიდან ქართული ფილარმონიული გუნდის ლოტბარი იყო. დამოუკიდებელ საქართველოში, 1919 წლის ჩათვლით, კვლავ აგრძელებდა ქართული ფილარმონიული გუნდის ლოტბარის თანამდებობაზე მუშაობას. 1919 წელს სოხუმში ქართული ფილარმონიული საზოგადოების ფილიალი დააარსა. იმავე წლიდან სიღნაღსა და თელავში მის მიერვე დაფუძნებული მუსიკალური სკოლების დირექტორი და პედაგოგი იყო. გასაბჭოების შემდეგ მუსიკალური სასწავლებლების დირექტორის თანამდებობა 1922 წლამდე შეინარჩუნა, 1925 წლამდე კი აგრძელებდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც. 1925-1930 წლებში საქართველოს ხელოვნების მუზეუმში სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა. 1925 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გ. ჩუბინაშვილის მიერ დაარსებულ ქართულ სიძველეთა მუზეუმს ხელმძღვანელობდა. წერდა წერილებს, იკვლევდა ძეგლებს და ძველ წარწერებს.

ზურაბ ლეჟავა

ლიტერატურა

რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები