ცვიცვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცვიცვი ა. ბელიუკინი

ცვიცვ-ი //ბჟეიქვა-ბჟაშლა (აფხ. Цәыцә – „ბურბუშელა“) – აფხაზურ ნართულ გადმოცემათა ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი, ნართი კუნისა და ჯუჯა აწანების ასულის, ზილხას, ვაჟი, სათანეი-გვაშას აღზრდილი [ზოგი ვარიანტით გმირი გაზარდა ათალიყმა, რომლის ცხენის სახელია ხნიში (შდრ. ცვიცვის ყაბარდოული ვერსიის ორეულის მამის სახელი – ხიმიში)]. ზოგიერთი გადმოცემით, იგი არის 49 წლის ან ითვლება ნართების რიგით 49-ე ძმად. ცვიცვი ანუ „ბურბუშელა“ იმის გამო შეერქვა, რომ კერასთან მჯდარი მთელი დღის განმავლობაში ჯოხების თლით ერთობოდა („ცვიცვი“, როგორც ჩანს, გმირის მეტსახელია. მისი ნამდვილი სახელი უნდა იყოს იშვიათი ვარიანტებით ცნობილი ფათრაზი, რომლის ტიპოლოგიური პარალელებია ოსური ვერსიის ბათრაძი და ყაბარდოული ვერსიის ბათრეზი). დღისით უქნარობით თავმოსულელებული ცვიცვი, ღამით რაშს მოაჯდება და ნართების დასახმარებლად მიემართება. ძმებისთვის შეუცნობი რომ იყოს და მისი საგმირო საქმეები საიდუმლოდ დარჩეს, იგი თავისი სახის, თმის, ტანსაცმლისა და ცხენის ერთ მხარეს თეთრად ღებავს, მეორეს კი – შავად (ამას უკავშირდება გმირის მეტსახელი „ბჟეიქვა-ბჟაშლა“ – „ნახევრადშავი-ნახევრადჭაღარა“). ცვიცვის საგმირო საქმეთაგან მთავარია ღვინთვინთის (სხვა ვარიანტით ბათალაყლას ან გუმბივის) ციხე-სიმაგრის აღება, რაც ნართებმა ვერა და ვერ შეძლეს. აფხაზები თვლიან, რომ ადამიანებს ხეხილი პირველად ნართებმა მოუტანეს, რაშიც საგანგებო წვლილი ცვიცვს მიუძღვის. სწორედ ამ გმირის წყალობით იქნა, მანამდე დევების ხელში არსებული ვაშლი, მსხალი, ბალი, ლეღვი, ვაზი და სხვ. მოპოვებული.

ის ფაქტი, რომ ცვიცვი შავ-თეთრად იღებება არის აფხაზთა უძველესი მითოლოგიური წარმოდგენების ანარეკლი და გმირის ორბუნებოვნებით ჩანს განპირობებული. იგი, როგორც ზილხას შვილი, შავი ფერით ქვესკნელს განასახიერებს (ჯუჯები ქვესკნელის ბინადრები არიან, რაც კარგად ჩანს ნართული ეპოსის ოსური ვერსიიდანაც, რომლის მიხედვით ბცენთები მიწისქვეშეთში ჭიანჭველების მეზობლად სახლობენ. ჭიანჭველები კი ძველი ინდოევროპული შეხედულებით ქვეკნელთა შორის საკომუნიკაციო საშუალებებს წარმოადგენდნენ. ის, რომ ჯუჯები ქვესკნელის ბინადრები არიან კარგად ჩანს სხვა ხალხების მითოლოგიიდანაც. ქვესკნელთან ცვიცვის კავშირი იმითაც გამოიხატება, რომ იგი ღამის გმირია), თეთრი ფერით კი ზესკნელს (შეუძლია ავდრისა და ქარიშხლის გამოწვევა). ცვიცვის „შავ-თეთრობა“ საიმისოდ, რომ ძმებისთვის შეუცნობი იყოს, არის უძველესი მითოლოგიური წარმოდგენების გადააზრების შედეგი. ეპოსის თავდაპირველ მითოლოგიურ ბირთვში გმირის შავ-თეთრი ფერი მისი პერიოდული გაუჩინარების (შდრ. ცვიცვის სამდღიანი ძილი ცხენის ფაშვში), სკნელთა შორის გადაადგილების, ბუნების კვდომა-აღორძინების გამომხატველი ნიშანი უნდა ყოფილიყო (ამ აზრს უფრო აძლიერებს ცვიცვის კავშირი მცენარეულ სამყაროსთან; ამ პოზიციიდან უნდა შევხედოთ მის მიერ ჯოხების თლასაც), რაც კარგად ჩანს ისეთ ატრიბუტებში, როგორიც არის ცვიცვის სამი ფერის (თეთრი, შავი, წითელი) რაში და სამი ფერის (თეთრი, შავი, წითელი) ჩოხა. ეს ფერები, ძველი ქართული წარმოდგენების მსგავსად, აფხაზური შეხედულებით სამ სკნელს – ზესკნელს (თეთრი), ქვესკნელს (შავი) და შუასკნელს ანუ სააქაოს (წითელი) შეესაბამება. ბუნებასთან მისი კავშირის გამო არის ცვიცვი ნართებისათვის ბარაქის მომტანი, რასაც ნართები შეცდომით ადოუჰას (უზენაესის) წყალობას მიაწერენ.

შესაძლებელია, ცვიცვი და ნართული ეპოსის ოსური ვერსიის ბათრაძი (ამ უკანასკნელს ჟ. დჲუმეზილი ე.წ. „ჭექა-ქუხილის მითებთან“ აკავშირებს) ხალხის მითოპოეტურ მეხსიერებას შემორჩენილი ვეგეტატიური ხასიათის ის გმირები არიან, რომლებიც ბუნების კვდომააღორძინებას განასახიერებენ და ამდენად ნაყოფიერების კულტს უკავშირდებიან. შემთხვევითი არ არის, რომ ბათრაძის სიკვდილის გამო ღმერთის მიერ დაღვრილი სამი წვეთი ცრემლისგან სწორედ ნაყოფიერების მფარველი ოსური ღვთაებების – რექომის, თარანჯელოზის და მიქელგაბირთის – კულტები წარმოიქმნებიან.

ვფიქრობ, რომ ცვიცვი და მისი, კერასთან მჯდარი ნაცრითმოთხვრილი, კავკასიური ორეულები, ქართული ფოლკლორის პერსონაჟის – ნაცარქექიას – შორეული წინაპრები არიან.


ლიტერატურა

  • Приключения нарта Сасрыквы и его девяноста девяти братьев. М., 1962; Сух., 1988;
  • Ш. Д. Инал-Ипа. Памятники абхазского фольклора. Сух., 1977;
  • Салакая Ш. Х. Цвицв // мифологический словарь. Главный редактор Е. М. Мелетинский. М., 1991;
  • Ф. Лукьянов. Из космогонических поверии абхазцев // СМОМПК. 1904. Вып. 34;
  • Н. Иоакимов. Предразсудки моих учеников // Кавказ. 1873. № 82;
  • Сказания о нартах. Осетинский эпос. Цхинвали. 1981;
  • Кабардинский фольклор. М.-Л., 1936;
  • Ж. Дюмезиль. Осетинский эпос и мифология. М., 1976;
  • ნ. ანთელავა. აფხაზური მითები, რიტუალები, სიმბოლოები. თბ., 2006.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები