წმინდა გერმანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წმინდა გერმანე - კონსტანტინეპოლის პატრიარქი. დაიბადა კონსტანტინეპოლში VII საუკუნეში. მამამისი ბიზანტიის ერთ-ერთი სენატორი იყო, მოკლეს იმპერატორ პოგანატის (668-685) ბრძანებით. ყრმა გერმანე დაასაჭურისეს და ეკლესიის კლირიკოსად განამწესეს. მან საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი. წმინდა ცხოვრების წყალობით გერმანე კიზიკიის ეპისკოპოსად დაადგინეს. იგი ხატმბრძოლობის დროს მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლურ რწმენას,. მოგვიანებით კონსტანტინეპოლის პატრიარქი გახდა.

წმ. გერმანე განაგრძობდა ბრძოლას ხატმებრძოლების წინააღმდეგ, რომელსაც ლევონ III ედგა სათავეში. ძალები არათანაბარი იყო, რის გამოც იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა მღვდელმთავრის კათედრა - პატრიარქის მიერ ცოტა ხნით ადრე მხილებულმა განრისხებულმა იმპერატორმა მასთან ჯარისკცები გაგზავნა, რომლებმაც წმინდანი სცემეს და საპატრიარქოდან გამოაძევეს.

წმ. გერმანე პატრიარქობდა 14 წელი და 5 თვე. დარჩენილი დღეები მონასტერში გაატარა. გარდაიცვალა 740 წელს 95 წლის ასაკში, დაიკრძალა კონსტანტინეპოლის ქორას მონასტერში. მოგვიანებით მისი ნეშტი საფრანგეთში გადააბრძანეს.

VII მსოფლიო კრებაზე გერმანეს სახელი წმინდანთა დიპტიქში ჩაწერეს. იგი ასევე ცნობილია, როგორც საეკლესიო მწერალი, აქვს თხზულება სიკვდილის შემდომ მისაგებელზე. საეკლესიო ისტორიული ცნობების სიუხვის მხრივ მნიშვნელოვანია მისი თხზულებები მწვალებლობებზე, რომლებიც მოციქულთა დროს ჩნდებოდა და საეკლესიო კრებებზე, რომლებიც ლევონ ხატმებრძოლის დროს იმართებოდა. შემოინახა სამი ეპისტოლე ხატების თაყვანისცემის შესახებ, რომლებიც VII მსოფლიო კრებაზე იქნა წაკითხული. სხვა თხზულებები წარმოადგენს წმინდანთა შესხმას, სიტყვას ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებაზე, ხარებასა და მიძინებაზე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყლის დადების ნიშნად ტაძრის განახლებაზე.


წყარო

წმ. დიმიტრი როსტოველი, სენაკის მემატიანე (შენიშვნები); თარგ. ნინო გულიაშვილის.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები