ჭალადიდელი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ჭალადიდელი

ჭალადიდელი გიორგი − (1847 − 1898), ქართველი პოეტი, სამხედრო პირი. ნამდვილი გვარი − ქოჩაკიძე. დაიბადა სოფელ ფერსათში (ბაღდათი). 1869 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია; გიმნაზიის დასრულების შემდეგ პეტერბურგის ჯერ კონსტანტინეს, შემდეგ კი მიხეილის სახელობის საარტილერიო სასწავლებელში იუნკერის ჩინით ჩაირიცხა და თავისი სამხედრო კარიერა პოლკოვნიკისა და არტილერიის ბრიგადის დივიზიონის ხელმძღვანელის წოდებით დაასრულა. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში; 1870 წლიდან იყო რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში და რუსეთის სხვადასხვა გუბერნიაში მსახურობდა.

მისი ლექსები 1868 წლიდან იბეჭდებოდა „დროებაში”, „მოამბეში”, „ივერიაში” და სხვა. იგი „სამოციანელთა” მიმდევარი იყო. მისი შემოქმედება გამსჭვალულია მშრომელისადმი დიდი თანაგრძნობით („ქება შრომას”, 1868), პატრიოტიზმით, თავისუფლების სიყვარულით („მოლაღური გალიაში”, 1872). გიორგი ჭალადიდელის სატრფიალო ლექსებია: „სატრფო”, 1869; „ქართველო ქალო”, „სიმღერა”, 1870 და სხვ. მისი ზოგიერთი პოპულარული ლექსი სიმღერად იქცა („მოგონება”, „ფაცხა”). მისი პირველი კრებული − რჩეული თხზულებები − გამოიცა 1913 წელს ქუთაისში.


* * *
მახსოვს, პირველად სასწავლებელში
წასაყვანად რომ მე მომამზადეს:
მაშინ ანბანი მომცეს მე ხელში
და შორსა გზასა მე გამამგზავრეს.
ვხედავდი, მინდვრებს რომ ვშორდებოდი,
ნაჩვევ ბაღებსაც ვეთხოვებოდი,
დაღონებული მწარედ ვსტიროდი,
მაგრამ არავის ვებრალებოდი.
მხოლოდ ეს მახსოვს, გამომყვა დედა
და მითხრა: ,,შვილო, კმარა, ნუ სტირი,
ვინ სახლში დარჩა, რა გააკეთა,
ვინ მოიშორა თავიდან ჭირი;
გიყვარდეს სწავლა, გულს მოდგინება,
შრომა და ჯაფა ნუ დაგეზარება,
თუ შენი შრომა და შენი ჯაფა
სამშობლოს რადმე გამოადგება;
იყავ ბეჯითი და გქონდეს სმენა, -
კარგია, შვილო, სწავლის შეძენა, -
მაგრამ ამას გთხოვ ყველაზე უფრო, -
არ დაივიწყო სამშობლო ენა;
მერწმუნე, რომა გამოცდილია,
თუ საძირკველი დანგრეულია,
მაშინ კედლების აშენებისთვის
ყოველი შრომა დაკარგულია”.
ამ სიტყვებითა დედა მომშორდა
და ეს მას აქეთ დამამახსოვრდა,
რომ ის ამ სიტყვებს გრძნობით ამბობდა.
თვალთაგან ცრემლსა ფრქვევა გაჰქონდა..


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები