ხევის სიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხევის სიონი

ხევის სიონი – (ინგლ. Sioni Basilica), IX-X საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა. მდებარეობს დარიალის ხეობაში, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიონში.

სადარაჯო კოშკი

ნაგებია სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული შავი ქვით. გარედან შეთეთრებული იყო. ორი მასიური ბოძი და სამ-სამი თაღი ნაგებობას სამ ნავად ჰყოფს. ეკლესიას სპეციფიკური ნიშნები ახასიათებს: დასავლეთის თაღები სხვებზე ბევრად ვიწროა და გვერდით ნავებში გასასვლელი კარის შთაბეჭდილებას ტოვებს; შუა ნავი სხვებისგან თავისი დიდი ზომებით გამოირჩევა; სწორკუთხა პასტოფორიები საკურთხეველს არ უკავშირდება; ღრმა ბემიან აფსიდს ნაოსისგან ძველი ექვსსვეტიანი კანკელი გამოჰყოფს. საკუთრივ აფსიდის სივრცეში კედლებს საფეხური შემოუყვება, რომელიც სასულიერო პირთა დასაჯდომადაა განკუთვნილი. ცენტრში, სარკმლის ქვეშ მღვდელმთავრის დასაჯდომია, მის გვერდით აღმართული მრგვალი სახატე სვეტით. დეკორაციული გაფორმება ბაზილიკას მხოლოდ აღმოსავლეთით, საკურთხევლის ფასადზე აქვს. ცენტრში განთავსებულია სარკმელი სათაურით, რომელსაც გვერდებზე ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს გაკეთებული. ზემოთ ძლიერად შვერილი უბრალო თაროა. ამ შვერილსა და სარკმელს შორის კედელში სამკუთხა წვერით დასრულებული ბრტყელი და დაბალი ნიშაა ჩასმული. ეკლესიას შერჩენილი აქვს ქვის ფილებიანი ძველი სახურავი, რომელსაც ფრონტონების წვერში ქვისგან გამოკვეთილი ჯვრები ადგას. სავარაუდოდ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებს თავდაპირველად ღია თაღოვანი გალერეა ჰქონდა მიშენებული, რომელიც დღესდღეობით აღარ იკითხება. ფასადების მორთულობა ღარიბულია. ტაძარში დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი.

ეკლესიის მახლობლად, ციცაბო კლდის პირას დგას ოთხსართულიანი, ზემოთ საგრძნობლად შევიწროვებული სადარაჯო კოშკი. იქვე, კვარცხლბეკზე აღმართულია მემორიალური ქვა – სტელა, რომელსაც თავდაპირველად ჯვარი აგვირგვინებდა. ერთ ქვაზე შემორჩენილია ღვთისმშობლისა და ჩვილის გამოსახულების ნაშთი. ხოლო ფუძის რვაკუთხა ქვაზე ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. ეზოს ამშვენებს წითელი კრამიტით დახურული სამრეკლო. ეკლესიის შესასვლელთან ხევის უხუცესთათვის განკუთვნილი ქვის სავარძლები და სკამებია.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები