ჯადვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯადვარი

ჯადვარი – (Orchis purpurea subsp. Caucasica [Regel] B. Baumann & al.);
ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae).

მცენარის ღერო 30-80 სმ სიმაღლისაა. ფოთლები ღეროს ძირთანაა თავმოყრილი, 3-6 ელიფსურ-ლანცეტა ფორმის, ბლაგვი; მათ ზემოთ ვაგინაა, რომელიც ფოთლის მსგავსია, გრძელი და წაწვეტებული. ყვავილედი გრძელია, ხშირ და მრავალყვავილიანი. თანაყვავილები ხასიათდება მუქი მეწამული ფერის წინწკლებით, რომელიც ვარდისფერ ფონზეა მოფენილი; ზოგჯერ ეს წინწკლები ერთმანეთს უერთდება და მთლიან ლაქადაა წარმოდგენილი. ტუჩი მოთეთროა ან ვარდისფერი, მუქი მეწამული ფერის წინწკლებით მოფენილი. მრავალწლოვანი ბალახოვანი, ტუბერიანი მცენარეა. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება ტყეებში, ნესტიან ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფ. შაქრიანის, ქალაქ თელავისა და სოფ. ქვემო ალვანის მიდამოებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.

სამეგრელოში ჯადვარის სხვადასხვა სახეობები იზრდება: Orchis flavescens, O. caucasica, O. amblioloba, O. triphyla, O. provincialis, O. palustris, O. mascula, O. viridifusea

სამკურნალო მიზნებისათვის გამოიყენება ტუბერები, რომლებიც „სალეპის“ სახელითაცაა ცნობილი. შეიცავს: პექტინოვან და მწარე ნივთიერებებს, ფისებს, ლორწოს, მინერალურ მარილებს, სახამებელს, გლიკოზიდებს, ეთერზეთებს, ცილებს.

მეცნიერულ მედიცინაში უნიშნავენ მძიმე მოწამლვის შემთხვევაში, როგორც შემომგარსავ საშუალებას კუჭ-ნაწლავის კატარისა და სისხლიანი ფაღარათის დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის. ხასიათდება მატონიზირებელი და საერთო გამაძლიერებელი მოქმედებით; ეფექტურია ნერვული გამოფიტვის, მძიმე დაავადებების შემდგომი სისუსტის, ქრონიკული პროსტატისა და სქესობრივი უძლურობის დროს, ქიმიური და ბაქტერიალური ტოქსინებით ინტოქსიკაციის, ყელისა და პირის ღრუს ანთების, ხველების სამკურნალოდ. კომპრესების სახით გამოიყენება დაჩირქებული სიმსივნეების შემთხვევაში.

ჯადვარი - Orchis flavescens, O. caucasica

ქართულ ხალხურ მედიცინაში უძველესი დროიდან იყენებენ, განსაკუთრებით სიმსივნეებისა და მოშხამულ ჭრილობათა სამკურნალოდ, ძალების აღსადგენად, სასქესო ორგანოთა აღმგზნებ საშუალებად, კუჭ-ნაწლავის აშლილობის, სისხლიანი ფაღარათის შემთხვევაში; გამოიყენებოდა უშვილობის დროსაც.

პრეპარატების მიღებისას დაცული უნდა იყვეს დოზები, მათი დიდი რაოდენობით მიღება იწვევს გადაჭარბებულ სქესობრივ აღგზნებას.

უძველესი დროიდან ჯადვარის სახეობებს იყენებენ ხალხურ მედიცინაში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. აღმოსავლეთში, მაგალითად, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ჩინეთში, ირანში დღემდე იყენებენ ტუბერკულოზის, დამბლის, კრუნჩხვების, გაციებისა და ნაწლავების დაავადებებისას.

თანამედროვე მედიცინაში ნაკლებად გამოიყენება არასათანადო გამოკვლევების გამო. ტუბერები შეიცავს 70%-მდე სახამებელს და სხვა პოლისახარიდებს, გლიკოზიდებს, მცენარეულ ლორწოს, მწარე ნივთიერებებს, მცირე რაოდენობით ეთერზეთებს, ნაცარს. ბალახში აღმოჩენილია გლიკოზიდები, მჟაუნმჟავა, ზეთები და ლაქტოგენური შენაერთები. ამ ნივთიერებებიდან გამომდინარე, ჯადვარის სახეობები ხასიათდება დამარბილებელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტიტოქსიკური მოქმედებით. გამშრალი ტუბერებიდან, რომლიც სალეპის სახელითაა ცნობილი, ამზადებდნენ წამლებს მოწამლვის, გასტრიტისა და კოლიტის სამკურნალოდ. მეცნიერულად დამტკიცებულია მისი სპაზმოლიტური მოქმედებები. ასევე ჯადვარის პოლისახარიდები იწვევს იმუნომასტიმულირებელ მოქმედებას. ტუბერის ლორწო ხასიათდება გონადოტროპული, მატონიზირებელი და ანაბოლიტური მოქმედებით.

ხალხურ მედიცინაში ჯადვარს იყენებდნენ როგორც ქალების, ისე მამაკაცების სასქესო ორგანოების დაავადებებისას. ხოლო ექსპერიმენტალურმა გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ ეპილეპსიური შეტევების განვითარებას ამუხრუჭებს ტუბერები, მათში შემავალი ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო. ასევე გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ჯადვარის ფოთლების ექსტრაქტი ადაბლებს წნევას და ხსნის ტკივილებს, ასევე ამცირებს ლიპიდების რაოდენობას სისხლში. ჯადვარი რეკომენდირებულია წყლულით დაავადებულთათვის.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები