ჯან ალიუჩუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯან ალიუჩუ (ბალყ.-ყარაჩ. Джан алиучу – „სულის წამღები“) – აგონიაში მყოფი მომაკვდავის სულის ამომრთმევი ბალყარულ-ყარაჩული რწმენა-წარმოდგენების თანახმად. მძიმედ დაავადებული ადამიანის ბედის (სიკვდილ-სიცოცხლის) გამორკვევის მიზნით, საწესო სამოსში გამოწყობილი პირი ავადმყოფს თვალთან მაჩვის ან ფოცხვერის თათს მიუტანდა და ეკითხებოდა: „ხედავ რამეს?“ თუ პასუხი უარყოფითი იყო, ჩათვლიდნენ, რომ ავადმყოფი კიდევ იცოცხლებდა, თუ – უარყოფითი, იტყოდნენ, რომ ჯან ალიუჩუ მოვიდა. როცა მოხუც ადამიანს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, ცხოველის ბრჭყალებიან თათს დაიკავებდნენ და ამბობდნენ:

მიწის ქალბატონი საფლავში გიხმობს,
ქალწული უმაჲ საფლავის თავთანაა.
იარე, იარე, იარე,
ცხენზე უსულოდ (ევფემიზმი: მიცვალებულის საზიდარი)
დაწექი.

აგონიის შემთხვევაში წესის აღმსრულებელი ფოცხვერის თათით ხელში ასეთ ლოცვას იტყოდა:

უვლიდა-უვლიდა, შემოუარა,
მთაზე ხახვი დავყარე.
მკვდრებს შეუერთეთ,
ცოცხლებში არ ეწერება,
დე, თბილ საფლავში ჩავიდეს,
დე, წავიდეს თავის ღმერთთან,
თავის საფლავში.
დე, მის გვერდით ნახშირი იყოს,
დე, თავთან საკვები ჰქონდეს.

არსებობდა სხვა სახის კითხვები, რომლებსაც ავადმყოფს უსვამდნენ: „მოფრინდნენ თუ არა შენთან გუმაჲ და ხუმაჲ?“ თუ ავადმყოფი უპასუხებდა, რომ ზარნაშო ან წივწივა და ფრთებით სახეზე შეეხო, გასვენების სამზადისს შეუდგებოდნენ. ბალყართა და ყარაჩთათვის გუმაჲ სიკვდილის მაცნე იყო, ხუმაჲ კი – საცოცხლისა.


ლიტერატურა

Хатуев Р. Т. Похоронно-поминальная обрядность // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები