ჯაფარიძე ზურაბ (ენათმეცნიერი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე – (დ. 19 თებერვალი 1920, თბილისი, – 16 აგვისტო 2000. იქვე). ენათმეცნიერი, ზოგადი ენათმეცნიერების, ზოგადი და ექსპერიმენტული ფონეტიკის სპეციალისტი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1947). გელათის აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი. 1968-2000 ხელმძღვანელობდა არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორიას. იყო მრავალი სამეცნიერო საბჭოსა და საზოგადოების წევრი, საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესებისა და სიმპოზიუმების მონაწილე, სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციების კონსულტანტი და ხელმძღვანელი, კითხულობდა ზოგადი და ექსპერიმენტული ფონეტიკის კურსს თსუ-ში.

ზურაბ ჯაფარიძემ 1954 დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტი კავკასიური ენების სპეციალობით. 1954-57 იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი. 1954 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ხუნძური ენის დიალექტოლოგიის საკითხებზე, 1974 – სადოქტორო დისერტაცია თემაზე „პერცეფციული ფონეტიკის ძირითადი საკითხები“.

ზურაბ ჯაფარიძე იკვლევდა ზოგადი და ექსპერიმენტული ფონეტიკის, ზოგადი ენათმეცნიერების ქართული ენის ფონეტიკის სისტემის, ბავშვთა მეტყველების, ადამიანისა და მანქანის დიალოგის, მეტყველების ანალიზისა და სინთეზის, ხუნძური ენის ფონეტიკის, გრამატიკისა და ლექსიკის აქტუალურ საკითხებს.

განსაკუთრებულია ზურაბ ჯაფარიძის როლი ახალი დარგის – პერცეფციული ფონეტიკის შექმნაში. მან ჩამოაყალიბა აღნიშნული დარგის ცნებათა სისტემა და შესაბამისი ტერმინოლოგია, პერცეფციული ფონეტიკის საკითხებზე დაწერა პირველი მონოგრაფიული გამოკვლევა, სადაც გამოვლენილია მრავალი ახალი ფაქტი და კანონზომიერება, ლინგვისტიკის კვლევის სფეროში შემოტანილია ახალი უბანი – ბგერათა აღქმა და მასთან დაკავშირებული ქვეცნობიერი პროცესები; მიღებული შედეგები თანამედროვე ფონოლოგიურ მოძღვრებათა რიგ ფუნდამენტურ დებულებას ეჭვქვეშ აყენებს.

ზურაბ ჯაფარიძემ გზა გაუკვალა მეცნიერულად სრულიად შეუსწავლელ სფეროს, რაც ადამიანის ამეტყველების უნარის პირველი ნიშნების გამოვლენას უკავშირდება. ექსპერიმენტის არაორდინარული შედეგებითა და თამამი ინტერპრეტაციით, მან სხვადასხვა ეროვნების ახალშობილთა ტირილის ფიზიკურ მახასიათებლებში სხვაობა მშობლიური ენის ფონეტიკასთან კავშირით ახსნა, რაც დედაენაზე ბავშვის ამეტყველების აუცილებლობას მეტ ბუნებრიობას სძენს.

ზურაბ ჯაფარიძე წარმატებით მუშაობდა ქართული ენის კომპილაციური სინთეზის საკითხებზე. აქაც ბევრი საინტერესო იდეისა და მიგნების ავტორი იყო.

ზურაბ ჯაფარიძეს ეკუთვნის აგრეთვე წერილების საინტერესო სერია, რომელიც ქართული ენის სიწმინდის დაცვის საკითხებს ეხება. ამ გონებამახვილურ სტატიებში იგრძნობა მშობლიური ენის ღრმა ცოდნა, დიდი სიყვარული, მწერლური ალღო და ნიჭი.

გ. კვარაცხელია

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები