მაკდონალდი ჯეიმს რამსეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჯეიმს რამსეი მაკდონალდი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაკდონალდი ჯეიმს რემზეი

მაკდონალდი ჯეიმს რემსეი - (12.X.1866, მორაიშირი - 9.XI.1937, ატლანტის ოკეანე) - დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

ბიოგრაფია

დაიბადა შოტლანდიის აგრარულ რეგიონში, იყო ფერმის მუშისა და დიასახლისის შვილი. ელემენტარული განათლება მიიღო შოტლანდიის თავისუფალი ეკლესიის სკოლაში. ადრეულ ასაკში საზაფხულო სამუშაოებს ეწოდა ფერმაში და ამასთანავე იღრმავებდა ცოდნას. ახალგაზრდობიდანვე შეუერთდა მემარცხენე მოძრაობებს, ჯერ ბრისტოლის სოციალისტურ საზოგადოებას, ხოლო შემდგომში ლონდონში განაგრძო აქტიური საქმიანობა. პარალელურად, 1880-იან წლებში ბაირბეკის ლიტერატურისა და მეცნიერების ინსტიტუტში საღამოს კლასებში იღებდა განათლებას ბოტანიკისა და სოფლის მეურნეობის დარგებში, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სწავლის მიტოვება მოუხდა. 1890-იანი წლების დასაწყისიდან აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთო, დაუახლოვდა რადიკალ ლიბერალ პოლიტიკოსებს. შემდგომში ხდება ფაბიანური საზოგადოების წევრი, თავისუფალი ჟურნალისტია და სხვადასხვა დროს, ცოდნის შევსების მიზნით, ესწრება ლექციებს ლონდონის ეკონომიკის სკოლაში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

1894 წელს შეუერთდა ახლად შექმნილ დამოუკიდებელ ლეიბორისტულ პარტიას. 1901 წელს არჩეულ იქნა ქალაქ ლონდონის საბჭოში. 1900 აირჩიეს ინგლისის ლეიბორისტული პარტიის მდივნად. პირველად 1906 წელს არჩეული იქნა იყო დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრად. 1911 წელს აირჩიეს ინგლისის ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარედ. წლების განმავლობაში იყო მემარცხენე ჟურნალის „The socialist Review” რედაქტორი. პირველი მსოფლიო ომის დროს გამოდიოდა რადიკალური პაციფისტური მოწოდებებით და ეწეოდა ანტისაომარ პროპაგანდას.

ომის შემდგომ პერიოდში აქტიურ საქმიანობას ეწოდა სოციალისტურ ინტერნაციონალში. იმოგზაურა საბჭოთა რუსეთში. 1920 წლის სექტემბერში, სხვა ევროპელ სოციალისტებთან ერთად, რამსეი მაკდონალდი ეწვია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სიტყვით გამოვიდა საგარეჯოსა და ტყიბულის მიტინგებზე. საქართველოში ყოფნისას შეხვდა ბრიტანეთის წარმომადგენელ პოლკოვნიკ სტოუკს და საქართველოსათვის ყოველმხრივ დახმარება სთხოვა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ არაერთი სტატია და მოხსენება გამოაქვეყნა. ერთ-ერთი მთავარი წერილი კი გაზეთ „ნეიშენში“ გამოქვეყნდა, სადაც წერს: „საქართველოს დემოკრატიულმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რაც ვერ გააკეთეს ევროპელმა სოციალ-დემოკრატებმა. მათ გაატარეს აგრარული რეფორმა; მოახდინეს ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია... შენდება სრული დემოკრატიული სახელმწიფო სოციალისტური მთავრობის ხელმძღვანელობით... თუ ერთა თავისუფლება ცარიელი სიტყვა არაა, თუ რომელიმე ერს თავისუფლება ეკუთვნის, ესაა ქართველი ერი, რომელმაც დაუმტკიცა მთელ კაცობრიობას თავისი მაღალი კულტუროსნობა და პოლიტიკური სიმწიფე“.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ, სხვა ევროპელ სოციალისტებთან ერთად, აპროტესტებდა აღნიშნულ ქმედებას და გარკვეულ დახმარებას უწევდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილ მთავრობას. 1920-იან წლებში იყო თემთა პალატის ლიდერი. 1924 წელს რამსეი მაკდონალდი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. წარუმატებელი მმართველობისა და პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, 10 თვეში გადადგა, 1929-1931 წლებში მეორედ ჩაუდგა სათავეში ლეიბორისტულ მინისტრთა კაბინეტს, მმართველობის ეს პერიოდი „დიდ დეპრესიას“ დაემთხვა და არცთუ წარმატებული გამოდგა. 1931-1935 წლებში ხელმძღვანელობდა ეროვნული მთავრობას, ეროვნულ ლეიბორისტული ორგანიზაციისა და კონსერვატიული პარტიის შემადგენლობით, თუმცა წარუმატებლად. 1937 წელს ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საზღვაო ლაინერით გაემგზავრა სამოგზაუროდ, გარდაიცვალა ატლანტის ოკეანეში, ჩაუტარდა კრემაცია, თავდაპირველად დაკრძალეს ვესტმინისტერში, შემდეგ - მშობლიურ მხარეში.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ნ. კირთაძე, ევროპა და დამოუკიდებე ლი საქართველო (1919-1921 წწ). თბ., 1997;
  • გ. შარაძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თბ., 2003;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920, №209, №216, №236;
  • გაზ. „ერთობა“, 1920, №211.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები