ჰერბარტი იოჰან ფრიდრიხ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოჰან ფრიდრიხ ჰერბარტი

ჰერბარტი იოჰან ფრიდრიხ - Herbart Johann Friedrich, Гербарт Иоганн, 1776-1841

გერმანელი ფსიქოლოგი, პედაგოგი და ფილოსოფოსი, გერმანული ემპირიული ფსიქოლოგიის ფუძემდებელი. ცნობილია აგრთვე, როგორც მეცნიერული პედაგოგიკის „მამა” . იყო გიოტინგენისა და კენიგსბერგის უნივერსიტეტების პროფესორი. მისი ძირითადი ფსიქოლოგიური ნაშრომებია: „ფსიქოლოგიის სახელმძღვანელო” (1816) და „ფსიქოლოგია, როგორც ახალდაფუძნებული მეცნიერება გამოცდილებასა, მეტაფიზიკასა და მათემატიკაზე” (1825).

ფსიქოლოგია არაექსპერიმენტული ემპირიული მეცნიერებაა, რომელმაც უნდა გამოიყენოს ინტროსპექცია, სხვათა დაკვირვება და ქცევის შედეგების ანალიზი. საგანგებოდ ხაზგასმულია ფსიქოლოგიაში მათემატიკის გამოყენების საჭიროება. ამით ფსიქოლოგიას საშუალება ეძლევა, არ დარჩეს მხოლოდ აღწერით მეცნიერებად და შეიმუშაოს ფსიქიკურ მოვლენათა ურთირთკავშირის რაოდენობრივად გამოხატული კანონები, აღრიცხოს და გაზომოს ფსიქიკური მოვლენები. ეს მოვლენები წარმოდგენებისაგან შედგება, რომელთაც აქვთ თვისებრივი (რომელობითი) და რაოდენობრივი (ენერგეტიკული) მხარე. წარმოდგენები უამრავ რომელობით სახესხვაობას ქმნის. წარმოდგენები, როგორც დინამიკური ძალები, ერთმანეთთან ურთიერთობს. წარმოდგენებს შორის, საზოგადოდ, ორგვარი ურთიერთობაა: წინააღმდეგობრივი და არაწინააღმდეგობრივი. არაწინააღმდეგობრივი წარმოდგენები ერთიანდება და ძლიერდება; ერთი მოდალობის წარმოდგენების გაერთიანება აღინიშნება ტერმინით „შერწყმა”, სხვადასხვა მოდალობისა - ტერმინით „აპერცეფცია” . ხოლო წინააღმდეგობრივი წარმოდგენები აფერხებს და ასუსტებს ერთმანეთს {ინტერფერენცია}. ამ კონტექსტში ჰერბარტი ავითარებს შეხედულებას ცნობიერების დონეებისა თუ საფეხურების შესახებ და აქტიურად იყენებს არაცნობიერის ცნებას (გ. ლაიბნიცის კვალად). გამოიყოფა:

  1. ნათელი ცნობიერება, რომელიც ცხადი და მკაფიო წარმოდგენებისაგან შედგება;
  2. ბუნდოვანი ცნობიერება, რომელშიც თავმოყრილია ნაკლებად ნათელი და ნაკლებად მკაფიო წარმოდგენები;
  3. არაცნობიერი, რომელიც ბნელი, სხვა წარმოდგენების მიერ განდევნილი, დაუძლურებული წარმოდგენებითაა შევსებული.

წარმოდგენების განაწილება ცნობიერების დონეების მიხედვით მუდმივი არაა - ერთიდაიგივე წარმოდგენა დროის სხვადასხვა მონაკვეთში შეიძლება ცნობიერების განსხვავებულ საფეხურზე იმყოფებოდეს. სულის ცხოვრება - ესაა წარმოდგენების გამუდმებული მოძრაობა ცნობიერიდან არაცნობიერისკენ და პირიქით. საზღვრებს ფსიქიკის სხვადასხვა დონეებს შორის ჰერბარტმა ზღურბლი უწოდა (მაგ., აღქმის ზღურბლი).

იმისთვის, რათა წარმოდგენამ გადალახოს ცნობიერების ზღურბლი და შევიდეს ცნობიერების არეში, გარდა სათანადო ძალისა, საჭიროა, ის ცნობიერების ერთიანობას შეესაბამებოდეს. ახალი წარმოდგენა ცნობიერებაში ვერ გაჩნდება და იქ ადგილს ვერ დაიმკვიდრებს, თუკი ის ძველ წარმოდგენებს არ დაუკავშირდა, მათთან საერთო არ მონახა. გ. ლაიბნიცის მიერ შემოტანილ ტერმინს „აპერცეფცია” ჰერბარტი სწორედ ამ მნიშვნელობით იყენებს. აპერცეფცია მხოლოდ წარმოდგენის გაცნობიერება არაა, არამედ აგრეთვე მისი ასიმილაციაა ცნობიერების წარმოდგენათა მთლიანობის (გამოცდილების) მიერ. წარსულ შთაბეჭდილებათა ამ მთლიანობას ჰერბარტმა „მააპერცირებელი მასა” უწოდა, ხოლო ახალი წარმოდგენების წარსულ გამოცდილებასთან შეერთების პროცესს - აპერცეფცია. „მააპერცირებელი მასა” შეიძლება მიზანდასახულად იქნეს ჩამოყალიბებული პედაგოგიურ პროცესში. ცოდნის შეძენის პროცესი მართვას დაექვემდებარება, თუკი ვიცით ის ფსიქოლოგიური კანონზომიერებები, რომელებიც მას განსაზღვრავს. მოძღვრება აპერცეფციაზე ჰერბარტმა თავის პედაგოგიურ სისტემაში გამოიყენა.

ჰერბარტმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მეცნიერული ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაზე. ფსიქოლოგიაში მათემატიკის გამოყენების, ფსიქიკური მოვლენების გაზომვის, ზღურბლის იდეების გარეშე ვერ გაჩნდებოდა ფსიქოფიზიკა, რომელიც უმნიშვნელოვანესია ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის დამკვიდრებაში. ბევრი სასარგებლო აიღო ჰერბარტისაგან მეცნიერული ფსიქოლოგიის პატრიარქმა ვ. ვუნდტმა (შერწყმა, კომპლიკაცია, აპერცეფცია). გვერდს ვერ ავუვლით ჰერბარტის ნააზრევის გავლენას ფსიქოანალიზის ჩამოყალიბებაზეც {ცნობიერებისა და არაცნობიერის დინამიკური ურთიერთობა}.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები