ჰიუმი დევიდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დევიდ ჰიუმი

ჰიუმი დევიდ - Hume David, Юм Дэвид, 1711-1766

შოტლანდიელი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, ეკონომისტი, პუბლიცისტი. დაიბადა ედინბურგში. ერთხანს სწავლობდა იქვე უნივერსიტეტში, შემდეგ კი განათლების მიღება საფრანგეთში განაგრძო. ინგლისში დაბრუნების შემდეგ თავი მრავალ დარგში გამოცადა: მუშაობდა ბიბლოთეკარად, ადვოკატად, დიპლომატად, ბავშვის მასწავლებლად მდიდარ ოჯახში. დაწერა არაერთი პუბლიცისტური ესსე და ინგლისის რვატომიანი ისტორია. ჰიუმის მთავარი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური თხზულებებია „ტრაქტატი ადამიანის ბუნების შესახებ” (1739) და „გამოკვლევა ადამიანის შემეცნების შესახებ” (1748).

ჰიუმის ფილოსოფიაში ფსიქოლოგიურ პრობლემატიკას დიდი ადგილი უკავია. ეს ბუნებრივია. როგორც თანმიმდევრული სუბიექტური იდეალისტი, იგი სრულებით უარს ამბობს ობიექტური სამყაროს შესახებ მსჯელობაზე და მთლიანად სუბიექტური სინამდვილის ანალიზით იფარგლება. ჰიუმი, ჯ. ლოკის მსგავსად, ადასტურებს მარტივი და რთული იდეების არსებობას და ამ უკანასკნელთა წარმოქმნის ასოციაციურ პრინციპს უფრო ჩამოყალიბებულ სახეს აძლევს. მთელ შინაგან გამოცდილებას, ცნობიერების მდგომარეობათა ერთობლიობას მან პერცეფცია უწოდა და ორ კლასად დაყო: „შთაბეჭდილებებად” და „იდეებად”. „შთაბეჭდილებებში” იგულისხმება შეგრძნებები, გრძნობები, ვნებები. ხოლო „იდეა” ისეთი განცდაა, რომელიც არსებობს მისი შესაბამისი საგნის სუბიექტზე უშუალო ზემოქმედების გარეშეც, ანუ, ფსიქოლოგიურად - წარმოდგენა. ეს ტერმინი დღესაც ამ მნიშვნელობით იხმარება, რასაც ვერ ვიტყვით „შთაბეჭდილება” და „იდეა” ტერმინების ჰიუმისეულ მოაზრებაზე. „შთაბეჭდილება” და „იდეა” განცდის ორი სახესხვაობაა. მათი გამიჯვნის ძირითადი კრიტერიუმია განცდის სიცხოველე: „იდეა” არის „შთაბეჭდილების” მკრთალი სურათი ან ასლი ჩვენს გონებაში (ცნობიერებაში).

ჰიუმის მიხედვით, შთაბეჭდილებები, ისევე როგორც იდეები, შეიძლება იყოს მარტივი ან რთული. მარტივი იდეა უთუოდ ჰგავს მარტივ შთაბეჭდილებას, მაგ., წითელი ფერის იდეა - ანალოგიური შინაარსის შეგრძნებას. მარტივ შთაბეჭდილებებსა და იდეებს არა აქვთ ნაწილები, ხოლო რთული იდეები განსხვავებული ნაწილების ან თვისებების ერთობლიობაა. მაგ., ვაშლის აღქმაში ან იდეაში განვასხვავებთ ფორმას, ფერს, გემოს და ა.შ. რთული იდეები შინაარსის მხრივ ასევე შეესაბამება რთულ შთაბეჭდილებებს (აღქმებს). მაგრამ, არსებობს ისეთი რთული იდეებიც, რომლებიც არ ჰგავს არავითარ აღქმით შთაბეჭდილებას და მარტივი იდეების ახლებური შეერთებით წარმოიქმნება. ამ საკითხის განხილვისას ჰიუმი ბევრად უფრო თამამად საუბრობს ასოციაციის მექანიზმზე, ვიდრე მისი წინამორბედნი. ასოციაცია განიხილება, როგორც მუდმივი დამაკავშირებელი უნივერსალური პრინციპი, რომელიც ყველგან და ყოველთვის მოქმედებს. ის საშუალებას იძლევა, მარტივი იდეები გაერთიანდეს რეალურად ერთსა და იმავე კომპლექსებში ისე, რომ ერთმა იდეამ ბუნებრივად გამოიწვიოს მეორე, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. თავდაპირველად ჰიუმმა გამოყო ასოციაციის სამი კანონი: მსგავსების, მეზობლობის (დროსა ან სივრცეში) და მიზეზ-შედეგისა. ჰიუმი განარჩევდა ერთდროულ (სიმულტანურ) და თანმიმდევრულ (სუქცესიურ) ასოციაციებს.

ჰიუმის ფილოსოფია ყველაზე უფრო ფსიქოლოგიზებული მოძღვრებაა. მას უკიდურესი ემპირიზმი ახასიათებს: მხედველობაში უნდა მივიღოთ მხოლოდ ის, რაც გამოცდილებაშია (ცნობიერებაშია) მოცემული. ამ გამოცდილების პირველადი მასალა კი შეგრძნებებიდან მიიღება. ამიტომ მეცნიერებამ მხოლოდ დაკვირვებად მოვლენებზე უნდა იმსჯელოს. ეს პოზიცია მომდევნო საუკუნეებში გაგრძელდება და განვითარდება პოზიტივიზმის ფილოსოფიაში და დიდ გავლენას მოახდენს ფსიქოლოგიური აზროვნების ჩამოყალიბებაზე. მიუხედავად თავისი უკიდურესობისა და ცალმხრივობისა, განვითარების სწორედ ეს ვექტორი მიიყვანს ფსიქოლოგიას ექსპერიმენტამდე და, საბოლოოდ, ფილოსოფიისაგან დამოუკიდებელი ემპირიული მეცნიერების დამკვიდრებამდე.

დ. ჰიუმი ცნობილია აგრეთვე თავისი ფილოსოფიური სკეპტიციზმით. მის თეორიაზე ჯ. ბერკლის ფილოსოფიამ მოახდინა გადამწყვეტი გავლენა. ხოლო დ. ჰიუმის თეორია იყო ერთ-ერთი მთავარი ბიძგი ი. კანტის უდიდესი ფილოსოფიის ჩამოყალიბებისთვის - ი. კანტი, აშკარად ან ფარულად, ძირითადად დ. ჰიუმს ეკამათებოდა და ჰიუმისეული სკეპტიციზმის უკუგდების დასაბუთებას ცდილობდა. ამის მიუხედავად, მან ვერ უარყო ჯ. ბერკლისეული მთავარი აღმოჩენა - ობიექტის შექმნა სუბიექტის მიერ {ობიექტივაციის ცნების ფილოსოფიური საფუძვლები}. თუმცა საყოფაცხოვრებო საღი აზრის დონეზეც ცხადია, რომ სწორხაზოვნი მოაზრებით ჯ. ბერკლისეული სუბიექტივიზმი მცდარია: ყველა ადამიანი (და ყველა ცხოველიც) რომ გაქრეს, ნივთიერი საგნები ხომ მაინც იარსებებენ. ი. კანტმა სიღრმისეულად დააზუსტა ბერკლი-ჰიუმის თეორია და საკაცობრიო აზროვნების ისტორიაში უდიდესი გადატრიალება დაასაბუთა {შუალობის პოსტულატის ფილოსოფიური საფუძვლები}. (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები