ბუდეშური
ბუდეშური - აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულ ვაზის ადგილობრივ ჯიშებს შორის ბუდეშური ყურადღებას იპყრობს, როგორც სუფრის ყურძნისა და ორდინარული პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში.
ქართლისა და იმერეთის ზოგ რაიონში იგი ცნობილია აგრეთვე „თეთრი ბუდეშურის“ სახელწოდებით, განსხვავებით „შავი ანუ წითელი ბუდეშურისაგან“, რომლის გავრცელების არეალი ძირითადად კახეთით განისაზღვრება (3). მას ეძახიან აგრეთვე „ბუდეშურის ყურძენს“, ხოლო სპეციალურ ლიტერატურაში (პროფ. ს. ჩოლოყაშვილი, აკად. ივ. ჯავახიშვილი, დოც. ნ. ჩახნაშვილი), მოხსენებულია „ბუდეშურის“ სახელით (5, 6, 9).
საქართველოს ტერიტორიაზე ბუდეშურის წარმოშობის შესახებ წერილობითი მასალა არ მოიპოვება, მის ირგვლივ მცირეოდენ ცნობებს ვხვდებით XVII საუკუნის მიჯნაზე. ასე მაგ., სულხან-საბა ორბელიანს თავის შესანიშნავ ლექსიკონში (2) მოხსენებული აქვს: „ბუდეშური ყურძენი, მოგრძე მარცუალი“ არისო, რაც მიგვითითებს XVI-XVII საუკუნეში ამ ჯიშის ფართოდ გავრცელებაზე.
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ბუდეშურის შესახებ მოკლე დახასიათება ან მხოლოდ დასახელება მოცემულია ლ. ჯორჯაძის (7), გეევსკისა და შარერის (9), აგრეთვე ფირალოვისა და შავერდოვის (11) შრომებში.
უფრო მოგვიანებით, ბუდეშურის ირგვლივ ზოგიერთი ცნობა ენობრივ ანალიზის საფუძველზე წარმოდგენილია აკად. ივ. ჯავახიშვილის შრომაში (6), ხოლო მისი ამპელოგრაფიული დახასიათება მოცემული აქვთ პროფ. ს. ჩოლოყაშვილს (5) მევენახეობის სახელმძღვანელოში და დოც. ნ. ჩახნაშვილს (4) საკავშირო ამპელოგრაფიაში გამოსაქვეყნებლად გადაცემულ მონოგრაფიაში.
დაკვირვება ცხადყოფს, რომ კახეთში, გარე კახეთსა და ქართლის რაიონებში გავრცელებული თეთრი ბუდეშური მორფოლოგიური ნიშნებით ურთიერთისადმი იდენტურია, ხოლო სხვადასხვა ადგილებში ამ ჯიშის ზრდის სხვადასხვა სიძლიერე და ამის შესაბამისად მეტ-ნაკლები მოსავლიანობა, ან მტევნისა და მარცვლის სხვადასხვა სიდიდე ამა თუ იმ რაიონის ეკოლოგიური პირობების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ასე, მაგალითად,კახეთისა და გარე კახეთის სარწყავ პირობებში, აგრეთვე ღრმა, ღონიერსა და სათანადოდ დამუშავებულ ნიადაგებზე, ბუდეშური ძლიერ იზრდება და მსხვილმარცვლიან დიდ მტევნებს ისხამს, რითაც ზოგიერთ შემთხვევაში თითა ყურძენს ემსგავსება.
პ. ყანდურალოვის მიხედვით (9), ბუდეშური ქართლის პირობებში საშუალოზე ნაკლები, ან სუსტი ზრდით და საშუალო სიდიდის მტევნითა და მარცვლებით ხასიათდება. გემური თვისებებით იგივე ავტორი ბუდეშურს აკუთვნებს ხარისხოვან სუფრის ყურძნისა და აგრეთვე საუცხოო ღვინომასალის მომცემ ვაზის ჯიშთა ჯგუფს.
ყურადღებას იპყრობს ჯიშ ბუდეშურის სახელწოდების ენობრივი ანალიზი. ამ მხრივ ფრიად საინტერესოა აკად. ივ. ჯავახიშვილის ნარკვევი (6), რომლის მიხედვით სახელი „ბუდეშური“ ამ ჯიშის სადაურობის მაუწყებელს უნდა წარმოადგენდეს. დასახელებული ავტორი მიუთითებს, რომ იგი „ბუდეში“-საგან უნდა მომდინარეობდეს, თუმცა ხუთ ვერსიან რუკაზე ამგვარი დასახელება ჯერ არ ყოფილა აღმოჩენილი.
მსგავსი საწყისი სახეებისა, როგორც ამას განმარტავს მხცოვანი მეცნიერი, უნდა მიგვითითებდეს ჯიშის წარმოშობის ადგილზე; ასეთია მაგალითად; „ბუდას ხევი“ – ბათუმში; „ბუდელაური“ – მდინარის სახელია თიანეთში, და „ბუჯა“ ხევისწყლის სახელია არაგვეთში, მაგრამ როგორც ამას სამართლიანად აღნიშნავს ივ. ჯავახიშვილი, არც ერთი დასახელებული ადგილი ბუდეშურის წარმოშობის კერად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული, ვინაიდან თიანეთი მევენახეობის კერა არ არის, ხოლო ბუჯა და ბუდას ხევი ძნელი მისაჩნევია ამ ჯიშის სამშობლოდ, რადგან იგი იმერეთს არ სცილდება და ლიხთ-იმერეთში არ ჩანს“. მხცოვანი მეცნიერი საქართველოს ფარგლებს გარეშე ეძებს რა ბუდეშურის იდენტურ სახელწოდებას, მიგვითითებს დაღესტნის მხარეზე, სადაც ბუდეშურის სახელს უკავშირებს რუტულის კანტონის ბუჯ-ის სახელთან. როგორც ირკვევა რუტულურად „ბუჯელს“ – „ბუჯეშურა“ ეწოდება და აქედან გამომდინარე შესაძლებელი გახდებოდა ამ ორი სახელის: ბუდეშურისა და ბუჯეშურას იგივეობა დადგენილიყო. მაგრამ რუტულის კანტონი მთიანეთს წარმოადგენს, სადაც მევენახეობა ისტორიულად არ არსებულა და ამ მხარის ძირითად დარგს, როგორც წარსულში, ისე ამჟამად მხოლოდ მესაქონლეობა-მეცხვარეობა წარმოადგენდა. ამრიგად, ივ. ჯავახიშვილი ბუდეშურს მხოლოდ და მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ჯიშად გულისხმობს და მის სახელს საქართველოს რომელიმე გეოგრაფიულ სახელს უკავშირებს და როგორც ამის ირგვლივ სამართლიანად განმარტავს თვითონვე: „მისი კვალის წარხოცილობის გარემოებაც ამ ყურძნის ჯიშის საპატიო ხნიერების გამომჟღავნებელია“.
კახეთში არის სოფელი „ბუშეტი“ – ბუშეტური, შესაძლებელია ასოთა გადანაცვლებამ მოგვცა „ბუდეშური“.
მრავალი წლის განმავლობაში ამ ჯიშის ირგვლივ წარმოებული დაკვირვებანი ცხადყოფენ, რომ ჯიშის ბოტანიკურ-ბიოლოგიური ნიშან-თვისებებით ბუდეშური ალაზნის კერის ტიპიური წარმომადგენელია, რომელიც ქართლში ფართოდ გავრცელებულ ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება.
ჩვენში სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის შემოჭრამდე ბუდეშური ფართოდ ყოფილა გავრცელებული ქართლის, მესხეთის, გარე კახეთისა და კახეთის რაიონებში; აგრეთვე მის გავრცელებაზე მიგვითითებენ იმერეთშიაც.
უცნობ ავტორის მიხედვით, როგორც ეს მოხსენებული აქვს ივ. ჯავახიშვილს, მესხეთში – საროსა და ხიზაბავრას მიდამოებში გავრცელებული ყოფილა წითელი და თეთრი ბუდეშური. აღნიშნულს ადასტურებს დასახელებულ ადგილებში ჩვენ მიერ ნაპოვნი და ამჟამად შერჩენილი ბუდეშურის მაღლარები, რომელთა ხნოვანება მრავალ ათეული წლით განისაზღვრება და მათი მოსავლიანობა წლის ამინდის ხელშემწყობ პირობებზეა უშუალოდ დამოკიდებული. ქართლშიც ძველ ვენახებში ბუდეშური ხშირად იყო გაშვებული ბაბილოდ ვენახის ირგვლივ დარგულ ხეხილზე.
იმერეთში თეთრი და შავი ბუდეშურის არსებობა მოხსენებული აქვს ილია ბახტაძეს, თუმცა ამ ჯიშების დახასიათებას არ იძლევა.
გადმოცემით, წარსულში ბუდეშურის პროდუქცია გამოყენებული ყოფილა როგორც სუფრის ყურძნად (ადგილობრივ მოსახმარად), ისე საოჯახო ღვინის დასამზადებლად. იგი როგორც შედარებით ადრე მწიფობის ჯიში, ფართოდ ყოფილა გავრცელებული ქართლისა და მესხეთის რაიონებში.
სოკოვან ავადმყოფობათა და მავნებელთა მოქმედებამ (განსაკუთრებით ნაცარმა და ფილოქსერამ) მნიშვნელოვნად შეამცირა ბუდეშურის ნარგაობა, ხოლო ზოგიერთ რაიონში იგი სრულიად მოსპო.
1953 წლის აღწერის მასალების მიხედვით ბუდეშურის მიერ დაკავებული საერთო ფართობი შეადგენს 114,30 ჰექტარს: აქედან დაბლარია 111,72 ჰექტარი, ხოლო მაღლარი – 2,58 ჰექტარი. აღნიშნული ფართობის ცალკეულ რაიონების მიხედვით განაწილება მოტანილია 1-ლ ცხრილში.
ცხრილი 1
- ბუდეშურის გავრცელების რაიონები საქართველოში
რაიონის დასახელება | ფართობი ჰექტრობით დაბლარი |
ფართობი ჰექტრობით მაღლარი |
ფართობი ჰექტრობით სულ |
---|---|---|---|
ქართლი | |||
კასპის | 33,70 | – | 33,70 |
გორის | 5,95 | – | 5,95 |
ხაშურის | 6,24 | – | 6,24 |
ქარელის | 0,15 | – | 0,15 |
მცხეთის | 13,34 | – | 13,34 |
თბილისის | 2,59 | – | 2,59 |
გარდაბნის | 1,59 | – | 1,59 |
მარნეულის | 0,15 | – | 0,15 |
ბოლნისის | 2,72 | – | 2,72 |
დუშეთის | 0,77 | – | 0,77 |
თეთრი წყაროს | 0,62 | – | 0,62 |
დმანისის | 0,59 | 0,01 | 0,60 |
თიანეთის | 0,01 | – | 0,01 |
სტალინირის | 1,96 | – | 1,96 |
ლენინგორის | 15,85 | – | 15,86 |
ზნაურის | 2,19 | – | 2,15 |
სულ | 88,43 | 0,01 | 88,44 |
მესხეთი | |||
ახალციხის | 0,56 | 0,15 | 0,71 |
ასპინძის | – | 2,22 | 2,22 |
სულ | 0,56 | 2,37 | 2,93 |
კახეთი | |||
გურჯაანის | 8,10 | – | 8,10 |
სიღნაღის | 0,87 | – | 0,87 |
წითელწყაროს | 0,56 | – | 0,56 |
თელავის | 7,01 | – | 7,01 |
ახმეტის | 0,11 | – | 0,11 |
ყვარლის | 0,71 | – | 0,71 |
ლაგოდეხის | 0,08 | - | 0,08 |
კაჭრეთის | 0,75 | – | 0,75 |
საგარეჯოს | 1,91 | – | 1,91 |
სულ | 20,01 | – | 20,01 |
იმერეთი | |||
ჭიათურის | 1,70 | – | 1,70 |
თერჯოლის | 0,50 | – | 0,50 |
ქუთაისის | 0,11 | 0,20 | 0,31 |
საჩხერის | 0,05 | – | 0,05 |
ორჯონიკიძის | 0,01 | – | 0,01 |
სულ | 2,37 | 0,20 | 2,57 |
რაჭა-ლეჩხუმი | |||
ონის | 0,03 | – | 0,03 |
ცაგერის | 0,32 | – | 0,32 |
სულ | 0,35 | – | 0,35 |
ჯამი | 111,80 | 2,58 | 114,30 |
როგორც 1-ლ ცხრილიდან ჩანს ბუდეშურს მეტი ფართობი დათმობილი აქვს ქართლში (88,44 ჰექტ.). შემდეგ კახეთში (20,01 ჰექტ.), ხოლო დანარჩენ მხარეებში იგი მცირედ არის წარმოდგენილი (0,35-3,0 ჰექტ.).
ზემოთ დასახელებულ რაიონებში ბუდეშური ძირითად ჯიშებს შორის მინარევის სახითაა წარმოდგენილი. ქართლის ზოგიერთ სოფელში იგი გვხვდება აგრეთვე დაბალი ხეივნების სახით, განსაკუთრებით საკარმიდამო ნაკვეთებზე (დიღომი, ავჭალა, გლდანი, მცხეთა და სხვ.). სათანადო მოვლით ბუდეშურის ვაზების განვითარება და მოსავლიანობა ხეივანზე დამაკმაყოფილებელია და მიღებული პროდუქცია, როგორც შედარებით საადრეო, გამოყენებულია სუფრის ყურძნად.
სარჩევი |
ბოტანიკური აღწერა
ბუდეშური აღწერილია გორის რაიონის სოფ. წედისში და შესადარებლად დიღმის მევენახეობის სასწავლო მეურნეობის საკოლექციო ნაკვეთში.
ახალგაზრდა ყლორტი
ზრდის კონუსი და ახლად გასაშლელი პირველი ფოთოლაკი სქლად არის შებუსვილი მოთეთრო ფერის ბეწვისებრი ბუსუსით, რომლის ნაპირებს გადაჰკრავს ღია მოწითალო ან მოვარდისფრო ელფერი. ახლადგაშლილი პირველი და მისი მომდევნო მეორე ფოთოლი ორივე მხრიდან სქლად არის დაფარული მოთეთრო-მონაცისფრო ბეწვისებრი ბუსუსით; ფოთლის ნაპირებს ემჩნევა ღია მოვარდისფრო შეფერვა. მომდევნო მესამე, მეოთხე, მეხუთე და შემდგომ ფოთლებზე შებუსვა ზედა მხრიდან თანდათანობით მცირდება და ბოლო ფოთლები თითქმის შიშვლდება. ასევე მცირდება შებუსვა ქვედა მხრიდანაც, თუმცა მცირეოდენი ბუსუსი ქვედა ფოთლებს მაინც გასდევს, უმთავრესად ძარღვების გასწვრივ. ფოთლებს ახასიათებს ღია მწვანე შეფერვა ოდნავ მოწითალო ელფერით. ყლორტი ღია მწვანეა და მომრგვალო, რომელიც ოდნავ შებუსვილია მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით.
ერთწლიანი რქა
საშუალო სიმსხოსია (8-9 მმ). სრული სიმწიფის პერიოდში იგი იღებს ღია მოყვითალო ფერს მონაცრისფრო ელფერით. ახასიათებს მკრთალი თითქმის შეუმჩნეველი ზოლები. მუხლები უფრო მუქად არის შეფერილი. მუხლთშორისის სიგრძე 7-11 სმ აღწევს.
ფოთოლი
ზრდადამთავრებული ფოთოლი საშუალო სიდიდისაა. ფორმით მომრგვალოა ან ოდნავ ოვალური. მისი საშუალო სიგრძე 18,5-19,5 სმ, ხოლო სიგანე 18,5-19 სმ აღწევს და ღია მწვანეა.
ფოთლის ყურწის ამონაკვეთი უფრო ხშირად ღია და ღრმად ჩაჭრილია; ფორმით ჩანგისებრია მომრგვალებული ფუძით; გვხვდება აგრეთვე ისევ ღია და განიერი ისრისებრი მახვილი ფუძით. ბუნებრივ მდგომარეობაში ყუნწის ამონაკვეთი ხშირად დახურულია ურთიერთთან მიახლოებული ან საკმაოდ ღრმად გადადებული ნაკვთებით და ვიწრო ან განიერ ელიფსური ნაპრალით. ზედა ამონაკვეთი უფრო ხშირად საკმაოდ ღრმად ჩაჭრილია, გვხვდება აგრეთვე ამონაკვეთები მცირედ ან შესამჩნევად შეჭრილი კუთხით. ამონაკვეთები უმეტეს შემთხვევაში დახურულია განიერი ელიფსური ან მომრგვალო ნახვრეტით. ღია ამონაკვეთების ფორმა უმთავრესად ჩანგისებრია მომრგვალო ან მახვილი ფუძით.
ქვედა ამონაკვეთი უფრო ხშირად მცირედ ჩაჭრილია ან საკმაოდ შეჭრილი კუთხით ხასიათდება. იგი ღიაა და ზოგ შემთხვევაში ფუძეზე განვითარებული აქვს ერთი მარტივი კბილი.
ფოთოლი უმეტესად სამნაკვთიანია; ზოგჯერ გვხვდება ხუთნაკვთიანიც. ნაკვთების წვერის კბილები სამკუთხედისებრია, ამოზნექილი გვერდებით და მახვილი ან წამახვილებული წვერით; გვხვდება აგრეთვე ისევ სამკუთხედისებრი თანასწორი გვერდებით და მახვილი წვერით. მეორადი კბილები სამკუთხედისებრია ან ხერხკბილა სამკუთხედისებრი ცალმხრივ ამოზნექილი გვერდით და მახვილი წვერით.
ბუნებრივ მდგომარეობაში ფოთოლი ძაბრმაგვარ-ღარისებრია, ან ძაბრმაგვარი, მისი ზედა მხარე გლუვია; ზოგჯერ ბადისებრ-დანაოჭებული. ზედა მხარეზე ბუსუსი სრულებით არ მოიპოვება, ქვედა მხრიდან კი უმნიშვნელო ბუსუსი გასდევს მხოლოდ ძარღვების გასწვრივ.
ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან უდრის 0,9-1,0. ამრიგად, იგი მთავარ ძარღვზე ოდნავ მოკლეა, ან მისი თანატოლია. ზოგ შემთხვევაში გასდევს უმნიშვნელო ბუსუსი და მოწითალო ღვინისფერია.
ყვავილი
ორსქესიანია, ნორმალურად განვითარებული მტვრიანებითა და ბუტკოთი. მტვრიანა სიგრძით ბუტკოს თანატოლია, ან მასზე ცოტად გრძელი. მათი რიცხვი ყვავილში მერყეობს 5-დან 7-მდე. უფრო ხშირად 6 ან 5 ცალია. ნასკვი განიერ კონუსისებრია, კარგად განვითარებული სვეტით და ორად გაყოფილი დინგით. ყვავილედში ყვავილების რიცხვი აღწევს 150-350 ცალამდე.
მტევანი
მტევნის ყუნწის სიგრძე 4-6 სმ; ყურძნის სრული მწიფობის პერიოდისათვის იგი მხოლოდ მიმაგრების ადგილას ხევდება მცირე სიგრძეზე და იღებს რქის ფერს; დანარჩენი ნაწილი ყუნწისა კლერტით ბალახისებრია და მწვანე.
მტევანი საშუალო სიგრძისაა, ფორმით უფრო ხშირად განიერ-კონუსისებრია; გვხვდება განტოტვილი და უფორმო მტევნებიც, აგებულებით საშუალო სიკუმსისაა და კუმსი; გვხვდება აგრეთვე ძლიერ კუმსი და თხელი მტევნებიც, რომელთა სიგრძე 12,5-დან 19-სმ-მდე, ხოლო სიგანე 7,5-დან 12,5 სმ-მდე აღწევს.
მარცვალი
მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშით 7-9 მმ, იგი მწვანეა. საჯდომი ბალიში უფრო ხშირად ვიწრო კონუსისებრია და დამეჭეჭებული. მარცვალი ყუნწზე საკმაოდ მტკიცედ არის მიმაგრებული. სრული მწიფობის პერიოდში მარცვალი მწვანეა მზის მხრიდან ოდნავ მოყვითალო ელფერით. იგი საშუალო სიდიდისაა და ფორმით ოვალურია ან ოდნავ მოგრძო. შუა წელში უფრო განიერია; ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიული. მისი საშუალო სიგრძე 16-19,5 მმ და სიგანე – 13-15,5 მმ აღწევს. მარცვლის კანი თხელია და რბილობს ადვილად არ სცილდება. წვნიანია და ხორციანი, ჩვეულებრივზე მეტად ტკბილი გემოთი. მარცვლის კანი ცვილით საკმაოდ დაფარულია.
წიპწა
მარცვალში 1-3 ცალი წიპწაა. უფრო ხშირად გვხვდება 1 და 2 წიპწა, იშვიათად კი 3 ცალი. წიპწის საშუალო სიგრძე 6,5-8 მმ, ხოლო სიგანე 4,5-5,2 მმ აღწევს და ღია ყავისფერია – მუცლის მხრიდან ღარებში ოდნავ მოყვითალო ნარინჯისებრი ელფერით. ქალაძა მოთავსებულია ზურგის მხარის შუა ნაწილს ცოტა ზემოთ, საკმაოდ გამოსახულია და ფორმით მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია, ნისკარტი ნარინჯისებრი, მცირედ დამეჭეჭებულია და კონუსისებრი ფორმა აქვს. მისი სიგრძე 1,5 მმ-მდე აღწევს.
აგრობიოლოგიური დახასიათება
სავეგეტაციო ფაზების მსვლელობა
გორის რაიონის სოფ. წედისის ზონაში ბუდეშურის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე 159 დღეს უდრის; დიღმის მევენახეობის სასწავლო მეურნეობაში (თბილისის გარეუბანი) – 157 დღეს, თელავის ზონაშიაც (კახეთი) მევენახეობა-მეღვინეობის საცდელი სადგურის ბაზაზე, მრავალწლიურ დაკვირვებათა საშუალო მონაცემების მიხედვით იგი 157 დღით განისაზღვრება.
ქვემოთ მოყვანილ მე-2 ცხრილში მოცემულია ბუდეშურის ირგვლივ ზემოდასახელებულ ადგილებში ჩატარებული ფენოლოგიურ დაკვირვებათა საშუალო მონაცემები.
ცხრილი 2
- ბუდეშურის სავეგეტაციო პერიოდი და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობა
დაკვირვების წარმოების ადგილი |
დაკვირვების წელი |
ვაზის ფორმა |
კვირტის გაშლის დასაწყისი |
ყვავილობის დასაწყისი |
შეთვალების დასაწყისი |
ყურძნის სრული სიმწიფე |
დრო კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე |
ტემპერატურის ჯამი კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე გრადუსობით |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
სოფ. წედისი, (გორის რ-ნი) |
3 წლის საშუალო |
ქართული ცალმხრივი |
17.IV | 3.VI | 16.VIII | 22.IX | 159 | 3182 |
თელავის საცდელი სადგურის ექსპერიმენტალური ბაზა (თელავის რ-ნი) |
4 წლის საშუალო |
ქართული ორმხრივი |
20.IV | 6.VI | 20.VIII | 23.IX | 157 | 3093 |
დიღმის სასწავლო მეურნეობის კოლექცის (თბილისის გარეუბანი) |
3 წლის საშუალო |
ქართული ორმხრივი |
20.IV | 4.VI | 21.VIII | 23.IX | 157 | 3340 |
როგორც ცნობილია, ამ მხარის ვაზის ძირითადი ჯიშები (ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი) მხოლოდ ოქტომბრის შუა რიცხვებისათვის ასწრებს სრულ სიმწიფეს და არის შემთხვევა, როდესაც შემოდგომაზე ტემპერატურის დაცემის შედეგად ეს ჯიშები მთელ რიგ მიკროუბნებში მომწიფებასაც ვეღარ ასწრებენ, რის გამოც მათგან ამ წლებში დაბალხარისხოვანი ღვინომასალა მიიღება. აქედან გამომდინარე, ცხადია, უაღრესად დიდი მნიშვნელობა უნდა მიეცეს, როგორც ამ მხარისათვის, ისე მსგავსი ეკოლოგიური პირობებისათვის მოკლე ვეგეტაციის მქონე ჯიშების შერჩევას, ამ მხრივ ყურადღებას იმსახურებს ბუდეშური.
როგორც მე-2 ცხრილში მოტანილი ციფრობრივი მასალის ანალიზიდან ჩანს, ბუდეშურის ყურძენი ქართლის ძირითად ჯიშებთან შედარებით თითქმის ერთი თვით ადრე მწიფდება.
დაკვირვებათა ადგილების ერთიმეორისაგან ტერიტორიულად მნიშვნელოვნად დაცილების მიუხედავად (წედისი, დიღომი, თელავი), ცალკეულ ბიოფაზების მსვლელობაში ბუდეშურს არ ახასიათებს მკვეთრი სხვაობა და იგი 3-4 დღეს შორის მერყეობს.
ვაზის ზრდა და რქის მომწიფება
ხელშემწყობ ეკოლოგიურ პირობებში და აგროტექნიკის მაღალ ფონზე ბუდეშურს საშუალო ზრდა ახასიათებს. სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის ცალკეული რქების სიგრძე 1,5 მ უდრის და ამავე დროისათვის ჯიშისათვის დამახასიათებელ ელფერს ღებულობს.
მოსავლიანობა
მოსავლის პირველ ნიშანს ბუდეშური დარგვიდან მეორე წელს, ხოლო სრულ მოსავალს მეოთხე-მეხუთე წლიდან იძლევა. ხელშემწყობ ეკოლოგიურ პირობებში და სათანადო მოვლის შემთხვევაში, ბუდეშური უხვი მოსავლიანობით ხასიათდება. ასე მაგალითად, ქართლის მთელ რიგ მიკრორაიონებში მისი მოსავალი ჰექტარზე 150 ცენტნერამდე აღწევს; მსგავს სურათს ვხვდებით აგრეთვე კახეთშიაც. ვაზის ქართული წესით ფორმირებისას, მოსავლიანი ყლორტები საშუალოდ 90-95% აღწევს. რქაზე ხშირად 1 და 2 მტევანია; იშვიათად გვხვდება სამიც. ერთი ძირი ვაზის მოსავალი 3 კგ აღწევს, რაც ჰექტარზე გადაანგარიიშებით შეადგენს 120 ცენტნერს. მოსავლიანობის კოეფიციენტი 1,5 აღწევს.
მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით თელავის ზონაში ბუდეშურის მოსავლიანობის კოეფიციენტი 1,5 შეადგენს, ხოლო ერთი ძირი ვაზის მოსავალი – 1610 გ-ით განისაზღვრება. მოსავლიანი ყლორტები ვაზზე შეადგენს 90-95%, სამტევნიანი რქები – 2%, ორმტევნიანი – 40%, ხოლო ერთმტევნიანი 52%.
ჯიშის გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მიმართ
დაკვირვებით დადასტურებულია, რომ ბუდეშური სოკოვან ავადმყოფობას ვერ უძლებს. განსაკუთრებით ადვილად ავადდება იგი ნაცრით. ხშირია შემთხვევა, როდესაც ქართლის ძირითადი ჯიშები გორულა მწვანე, ჩინური და სხვა, გოგირდით 2-ჯერ შეფრქვევის შედეგადაც კი სრულიად საღად ინარჩუნებს ყურძენს მაშინ, როდესაც მათ შორის გამორეული ბუდეშურის ძირები იმავე პირობებში მასობრივად ავადდებიან ხოლმე. აქედან გამომდინარე აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს ბუდეშურის გოგირდით შეფრქვევა 3-4 ჯერ მაინც. იგი ჭრაქის მიმართაც ვერ იჩენს გამძლეობას, ერთსა და იმავე ეკოლოგიურ პირობებში ბუდეშური უფრო ადვილად ავადდება ამ სოკოთი, ვიდრე გორული მწვანე და ჩინური.
ბუდეშური მეტად ნაკლებად უძლებს ფილოქსერასაც. სწორედ ამით უნდა აიხსნას ქართლისა და კახეთის მთელ რიგ რაიონებში საკუთარ ძირზე არსებული ნარგაობის განადგურება. ამიტომ მისი შემდგომი გავრცელება უნდა წარმოებდეს მხოლოდ ნამყენების სახით, სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერგამძლე ვაზის საძირეებზე.
ჯიშის სპეციფიკური თვისებები და მისი გარემო პირობებისადმი დამოკიდებულება
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ბუდეშური საშუალო სიძლიერის ზრდის ვაზთა ჯგუფს მიეკუთვნება. ამის მიხედვით იგი თავისი ნორმალური განვითარებისათვის მოითხოვს საშუალო დატვირთვას ორმხრივი შპალერული წესით თითოეულ ძირზე არა უმეტეს 22-24 კვირტის დატოვებით.
ეკოლოგიური პირობების მიმართ დასახელებული ჯიში თითქმის არ ამჟღავნებს მგრძნობიარობას, იგი წარმატებით ვითარდება ყველა ტიპის ნიადაგზე, გარდა მლაშე და ჭაობიანისა, აგრეთვე ყველა ექსპოზიციაზე, მაგრამ ხარისხოვანი პროდუქციის მისაღებად ბუდეშური გაშენებული უნდა იქნეს სამხრეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დახრილ ნაკვეთებზე, რომელთა ქვედა ჰორიზონტში კალციუმის კარბონატების საკმაო რაოდენობა და ამავე დროს ქვა-ღორღის ნარევი იქნება.
ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნის მისაღებად ბუდეშურის წარმოება მიზანშეწონილია ღრმა, ღონიერ, ტენით უზრუნველყოფილ ნიადაგებზე. ამგვარ პირობებში იგი მეტად უხვი მოსავლიანობით ხასიათდება.
ზამთრის ყინვებს ჯიში საკმაოდ კარგად უძლებს განსაკუთრებით თუ ვაზი კარგად არის განვითარებული და მზვარე ადგილზეა დარგული. 1948/1949 წ. ყინვებმა ატენის ხეობაში მასობრივად დააზიანა ჩინური, ხოლო იმავე ფართობებზე მინარევის სახით გორული მწვანისა და ბუდეშურის ვაზებმა შედარებით უკეთესად გაუძლეს. ქართლის პირობებში ბუდეშური თითქმის ყველგან სარწყავ ნაკვეთებზეა დარგული, ამიტომ მის გვალვაგამძლეობაზე ცოტა ცნობები არსებობს. სამაგიეროდ საკმაო მდიდარი ცნობები გვაქვს კახეთის რაიონებიდან; ასე მაგ., თელავისა და გურჯაანის ზონებში ურწყავ ნიადაგებზე მინარევის სახით გაშენებული ბუდეშური, რქაწითელის მსგავსად შედარებით დამაკმაყოფილებელი გვალვაგამძლეობით ხასიათდება, რაც ამ ჯიშის ერთ-ერთ დადებით თვისებად უნდა ჩაითვალოს.
სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება
ყურძნის მექანიკური შედგენილობა
სამეურნეო დანიშნულებით ბუდეშური სუფრის ყურძნისა და საღვინე ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. როგორც აღნიშნული იყო ღრმა, ღონიერ და ტენიან ნიადაგებზე უხვ მოსავალს იძლევა, მაგრამ ამგვარ პირობებში წვენსაც უხვად აგროვებს. ეს უკანასკნელი კი მარცვლის თხელკანიანობის გამო სრულიად უკარგავს მას სატრანსპორტო ღირებულებას. გარდა ამისა, ყურძნის სრული მწიფობის პერიოდში შაქრის პროცენტულ ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად მცირდება მჟავიანობა, რის გამოც ბუდეშურის ღვინო ნაკლებად ხალისიანი გამოდის.
ქვემოთ მოგვყავს ბუდეშურის ყურძნის მექანიკურ-ქიმიური ანალიზის შედეგები, რომელიც ჩატარებულია წედისისა და დიღმის ზონებიდან აღებულ ნიმუშებზე (იხ. ცხრ. 3).
დიდი მტევნის წონა 350 გ. ხოლო მცირესი 75 გ უდრის. საშუალოდ იგი 190 გრამამდე აღწევს. საშუალო მტევანზე 82-105% მარცვალია. საშუალო მტევანში მარცვალი შეადგენს 96,2%, ხოლო კლერტი – 3,8%; კანი აღწევს 13,1%, წიპწა – 2,25%, წვენის გამოსავალი 82,15% უდრის.
100 მარცვალი საშუალოდ 169,5-171,3 გ იწონის, 100 წიპწა 3,95 გ., ერთწიპწიანი მარცვლები 52%, ორწიპწიანი 38%, ხოლო სამწიპწიანი 10% შეადგენს.
მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის მასალების მიხედვით კახეთში ბუდეშურის მექანიკურ-ქიმიური შედგენილობის მონაცემები მოყვანილია მე-4 ცხრილში.
თეთრი ბუდეშურის ტრანსპორტაბელობის დასადგენად დიდი მნიშვნელობა აქვს ყუნწზე მარცვლის მიმაგრების ძალასა და მის წინააღმდეგობას გაჭყლეტისადმი. ამის დასადგენად მოგვყავს რამდენიმე წლის საშუალო დამუშავებული მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლის გ. კუტუბიძის მიერ, დიღმის სასწავლო მეურნეობაში, რომლის მიხედვით მარცვლის წინააღმდეგობა ყუნწიდან მოწყვეტისადმი საშუალოდ 206 გ უდრის, ხოლო გაჭყლეტისადმი წინააღმდეგობა – 945 გრამს. აქედან გამომდინარე თეთრი ბუდეშური შორეულ ტრანსპორტისათვის სრულიად გამოუსადეგარია და გამოიყენება ადგილობრივ მოხმარების სუფრის ყურძნად. თეთრი ბუდეშური როგორც სასუფრე დანიშნულების ჯიში შეფასებული იქნა 6,9 ნიშნით.
მე-4 ცხრილში მოყვანილი მასალა მიგვითითებს კახეთის პირობებში ბუდეშურის უხვმოსავლიანობაზე და წვენის დიდ გამოსავალზე. ამის დამადასტურებელია მტევნის საშუალო წონა (192-278 გ) და წვენის უხვი გამოსავალი (80,71-81,25%).
ტკბილის ქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით, კახეთში ბუდეშური შაქარს 18-19%-მდე აგროვებს, ხოლო მჟავიანობა მასში მკვეთრად ეცემა ხოლმე, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ღვინის ხარისხზე.
ამჟამად ბუდეშურის ყურძნის პროდუქცია განკუთვნილია ადგილობრივ მოხმარების სუფრის ყურძნისა და ორდინარული სუფრის ღვინოების დასამზადებლად. წარსულში კი როგორც გადმოგვცემენ, მისგან ჩინურის პროდუქციასთან კუპაჟით ამზადებდნენ მეტად სასიამოვნო სასმელ, შუშხუნა ტიპის სუფრის ღვინოს.
ცალკე დაყენებული ბუდეშურის ღვინო არ გამოირჩევა მაღალხარისხოვანი თვისებებით და იგი უფრო ორდინარული თვისებების მატარებელია. ამის დასამტკიცებლად მოგვყავს 1948-1950 წ. ტანას ხეობაში დამზადებულ ბუდეშურის ღვინის ქიმიური ანალიზის შედეგები (იხ. ცხრ. 5)
ალკოჰოლი ჩვეულებრივ 8,5-9,3° შორის მერყეობს, შედარებით შემცირებულ ალკოჰოლს თან სდევს დაბალი მჟავიანობა (5,01-6,1‰), რაც ნაკლებ ხალისიანს ხდის ღვინოს. მქროლავი მჟავიანობის სიმცირე (0,67-0,81‰) ეჭვს გარეშეა ღვინის სისაღის მაჩვენებელია. გემური შეფასების შედეგად დასახელებულმა ნიმუშმა შემდეგი შეფასება მიიღო: „ღია ჩალისფერი გამჭვირვალე, მცირე ექსტრაქტიული, მსუბუქი სუფრის ღვინო“.
თითქმის ამგვარი თვისების მატარებელია კახეთის ზონაში დამზადებული ბუდეშურის ღვინო. აქვე მოგვყავს მევენახეობა-მეღვინეობის კვლევით ინსტიტუტში ამ ჯიშის ღვინომასალაზე წარმოებულ დაკვირვებათა შედეგები (იხ. ცხრ. 6).
ცხრილი 6
- ბუდეშურის ღვინის დაჭაშნიკების შედეგები
ნიმუშის აღების ადგილი | მოსავლის წელი | დეგუსტაციის ჩატარების თარიღი | გემური შეფასება | დაჭაშნიკების შედეგი |
---|---|---|---|---|
სოფ. ვაზისუბანი, საკოლექციო ნაკვეთი | 1938 | 19.IX.1939 | 7,0 | გამჭვირვალე, მცირედ ექსტრაქტული, მსუბუქი, საკმაოდ ჰარმონიული ღვინო. |
სოფ. ვაზისუბანი, საკოლექციო ნაკვეთი | 1939 | 23.IX.1940 | 7,0 | გამჭვირვალე, ღია მოყვითალო-ჩალისფერი, მსუბუქი, გემოთი საკმაოდ სასიამოვნო ღვინო. |
ქ. თელავი, სარეპროდუქციო ნაკვეთი | 1938 | 19.IX.1939 | 6,5 | საკმაოდ გამჭვირვალე, მცირე შინაარსის, უბრალო ღვინო. |
ქ. თელავი, სარეპროდუქციო ნაკვეთი | 1939 | 23.IX.1940 | 8,5 | ღია მოჩალისფრო-ყვითელი, მსუბუქი, საკმაოდ სასიამოვნო გემოთი ღვინო. |
ამრიგად, წარმოდგენილი მასალების მიხედვით ღვინის არც ერთი ნიმუში არ გამოირჩევა მაღალი თვისებებით და უფრო მასობრივი მოხმარების ღვინოებს წარმოადგენენ.
თითქმის ამგვარივე შედეგებით ხასიათდება ღვინომასალები ბუდეშურისა, რომელთა ქიმიური ანალიზი ჩატარებულია ენოქიმიკოს ვ. ბურჯანაძის მიერ. აქვე მოგვყავს ამ ანალიზების შედეგებიც (იხ. ცხრ. 7).
ცხრილი 7
- ბუდეშურის ღვინის ქიმიური შედგენილობა
ადგილის დასახელება და მოსავლის აღების თარიღი |
ღვინის დაყენების წესი |
ხვედრითი წონა |
ალკოჰოლი %-ით |
საერთო მჟავიანობა ‰-ით |
ექსტრაქტი %-ით |
PH |
---|---|---|---|---|---|---|
სოფ. ვაზისუბანი, 1929 წ. მოსავალი |
ევროპული | 0,9923 | 8,9 | 5,03 | 14,43 | 3,29 |
სოფ. ვაზისუბანი, 1929 წ. მოსავალი |
კახური | 0,9942 | 8,1 | 4,42 | 16,45 | 2,43 |
სოფ. ვაზისუბანი, 1930 წ. მოსავალი |
ევროპული | 0,9952 | 8,48 | 5,34 | 17,00 | 3,21 |
საერთო შეფასება და დარაიონება
მრავალი წლის დაკვირვებანი მიგვითითებს ბუდეშურის პროდუქციის როგორც ყურძნად, ისე სუფრის ღვინოდ გამოყენებაზე. ღვინო ბუდეშურისა, როგორც ნაკლებსხეულიანი და შენახვის მცირე უნარიანი, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ადგილობრივ მოსახმარად. სუფრის ყურძნადაც ბუდეშურის გამოყენება მხოლოდ ადგილობრივ უნდა ხდებოდეს, ან ახლომახლო მიკრორაიონებში გატანით, რადგან ყურძენი თხელკანიანობისა და წვნიანობის გამო შენახვის უნარსა და ტრანსპორტაბელობას მოკლებულია. ყურადღებას იპყრობს ბუდეშური, როგორც უხვმოსავლიანი, წვენის უხვგამოსავლიანი და ამავე დროს საკმაოდ ადრე მწიფობის ჯიში.
როგორც ეს ზემოთაც იყო აღნიშნული, ქართლის ძირითად ჯიშებთან შედარებით მისი ყურძენი თითქმის ერთი თვით ადრე მწიფდება. ამ ჯიშის დიდ ნაკლად უნდა ჩაითვალოს ნაცრისა და ფილოქსერისადმი მეტად სუსტი გამძლეობა. ამიტომ ნაცრისაგან დაცვის მიზნით ფართოდ უნდა იქნეს გამოყენებული გოგირდით დამატებით შეფრქვევა, ხოლო ფილოქსერისაგან დასაცავად მისი შემდგომი გაშენება უნდა წარმოებდეს მხოლოდ და მხოლოდ ნამყენების სახით. ვფიქრობთ, რომ ბუდეშურის პროდუქცია ჩინურთან და გორულ მწვანესთან კუპაჟში მოგვცემს ხარისხოვან მასალას, როგორც სუფრის, ისე შამპანური ღვინის დასამზადებლად.
ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნისა და ორდინარული ღვინომასალის მისაღებად იგი წარმატებით შეიძლება გავრცელდეს ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, გორის, კასპის, მცხეთის, თბილისის, საგარეჯოს, კაჭრეთის, გურჯაანისა და თელავის რაიონებში.
ლიტერატურა
1. კეცხოველი ნ. კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში. თბილისი, 1957.
2. ორბელიანი სულხან-საბა, ქართული ლექსიკონი, თბილისი, 1928.
3. ტაბიძე დ. მევენახეობის განვითარება საქართველოში (მევენახეობის რაიონები და ვაზის ჯიშობრივი შემადგენლობა). თბილისი, 1950.
4. ჩახნაშვილი ნ. ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის (ხელნაწერი).
5. ჩოლოყაშვილი ს. მევენახეობის სახელმძღვანელო, წიგნი II, „ამპელოგრაფია“, თბილისი, 1938.
6. ჯავახიშვილი ივ. საქართველოს ეკონომიური ისტორია, წიგნი II, თბილისი, 1934.
7. ჯორჯაძე ლ. მევენახეობა და ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესება. ტფილისი, 1876.
8. Геевский В. Шаррер Т. Краткий отчетсадоводства. Труды общ. сел. хоз-ва Закавказья, Тифлис, 1886.
9. Кандуралов И. Очерк виноградарства и виноделия в Карталинии. Сбор. свед. по виногр. и винод. на Кавказе, вып. 8, Тифлис, 1897.
10. Негруль М.А. Эволюция культурных форм винограда. До¬клады АН СССР, том XVIII, №8, 1938.
11. Пиралов А. и Шавердов Е. Очерк виноградарства и ви¬ноделия в Кахетии. Сбор. свед. по виногр. и винод. на Кавказе. Тифлис, 1896.
წყარო
საქართველოს ამპელოგრაფია / ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე; რედ.: დავით მაღრაძე, ლარისა ვაშაკიძე, თეიმურაზ ღლონტი; მხატვ. გიორგი მაღლაკელიძე. - მე-2 გამოც.. - თბილისი, 2012 (შპს Exclusive Print+). - 552 გვ. : ილ., ცხრ.; 32 სმ.. - იბეჭდება 1960 წლის გამოცემის მიხედვით. - გარეკანზე ავტ. აღნიშნულნი არ არიან. - განმარტებები: გვ. 548-549