წებოთი შეერთება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:38, 2 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წებოთი შეერთება

წებოთი შეერთებასამშენებლო კონსტრუქციების ელემენტების, მანქანათა დეტალების, ავეჯის, მსუბუქი მრეწველობის ნაკეთობებისა და მისთ. ყრუ შეერთება წებოს მეშვეობით. ძირითადად გამოიყენება ხისა და პლასტმასის დეტალების შესაერთებლად, თუმცა არსებობს ლითონის ლითონთან, ლითონის მერქანთან და ლითონის ბეტონთან წებოვანი შეერთების სახეობებიც.

ხის ელემენტების დასაწებებლად გამოიყენება ფენოლფორმალდეჰიდური (ფენოლური), რეზორცინული, ფენოლურ-რეზორცინული, ალკილრეზ-ორცინული, კარბამიდული, კარბამიდულ-მელამინური, შარდოვანა-ფორმალდეჰიდური, პოლივინილაცეტატური, სახუროე და სხვა სახის წებოები. ლითონთან მერქნის შესაერთებლად იყენებენ მოდიფიცირებულ ეპოქსიდურ, კაუჩუკის, პოლიურეტანულ და ფენოლურ წებოებს.მოდიფიცირებული მერქნის დასაწებებლად გამოიყენება ეპოქსიდური, რეზორცინულ-ფორმალდეჰიდური, შარდოვანა-ფორმალდეჰიდური წებოები, ხოლო პლასტმასების დასაწებებლად – ეპოქსიდური, პოლიეთერული, პოლიურეთანული, ფურანული, პოლიამიდური, პერქლორ-ვინილური, პოლიაკრილური, კაუჩუკის, დისპერსიული და სხვ. წებოები. წებოს შედგენილობაში შედის პოლიმერი, შემავსებელი, გამხსნელი, გამამაგრებელი. პოლიმერი, რომელიც წებოს ძირითადი კომპონენტია, შეიძლება იყოს თერმორეაქტიული ან თერმოპლასტიკური. მისი გამყარებისათვის საჭიროა ან მაღალი ტემპერატურა, ან გამხსნელის მოცილება, ან კიდევ გამამაგრებლის გამოყენება. მსოფლიოში მრავალმხრივი დანიშნულების უმაღლესი ხარისხის ხის წებო გამოიყენება, მაგ.: პარფიქსი (Parfix, ციანაკრილიტის წებო), ურედანა 450 (Uredana 450); ტაიტბონდი (Titebond); მეგპოუ (Magpow); უნივერსალური ხის წებო 502; ოაზისი (Oasis); ევოსტიკი (Evostik); უნიკოლი (Unikol); სტარკე (Stärke); ქოლოლი (Collall); ვოოდბონდი (WoodBond) და სხვ.

ხის დაწებებული კონსტრუქციების დამზადებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დაწებების ტექნოლოგიას. ნებისმიერი მერქანი ერთნაირი წარმატებით არ ექვემდებარება დაწებებას. წებვადობის ყველაზე კარგი თვისებები აქვს თეთრ სოჭს, ჭაობის კიპარისს, ლარიქსს, ვერცხლისფერ ნაძვს, სეკვოიას, ვერხვს, ალვის ხეს, თელას, ამერიკულ წაბლს. ასევე კარგი წებვადი თვისებებით გამოირჩევიან, მაგრამ საჭიროებენ დაწებების ტექნოლოგიის ნორმალურ პირობებს შემდეგი ჯიშები: კედარი, დუგლასის სოჭი, ფიჭვი, თხმელა, ცაცხვი, თელამუში, მაგნოლია, წითელი ხე, კოპიტი, მუხა, ნეკერჩხალი. არის მერქნის ჯიშების ჯგუფი, რომელიც ცუდად ექვემდებარება დაწებებას, ესენია ამერიკული წიფელი, არყის ხე, მაგარი ნეკერჩხალი. ყველაზე მაღალი სიმტკიცე წებოვან ნაკერს ახასიათებს იმ შემთხვევაში, როცა შესაწებებელი ელემენტების ზედაპირები პარალელურია მერქნის ბოჭკოების მიმართულებისა. შეწებების სიმტკიცეზე დიდ გავლენას ახდენს მერქნის სიმკვრივე – რაც უფრო მეტია სიმკვრივე, მით უფრო მტკიცედ ეწებება ხის ელემენტები ერთმანეთს. ყველაზე გავრცელებული ჯიშებისათვის, როგორიცაა ფიჭვი, ნაძვი, არყის ხე, ლარიქსი, მუხა, შეწებების სიმტკიცე იცვლება 8-12 მპა-ის ფარგლებში. მერქნისა და ლითონის შეწებებისას წარმოიშობა სიძნელეები იმის გამო, რომ კონტაქტში შედის ფორებიანი და გლუვზედაპირიანი მასალები, რომლებიც საჭიროებენ სხვადასხვა სახის წებოს და აქვს სხვადასხვა ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები. ფენოლფორმალდეჰიდური წებოების გამოყენების შემთხვევაში შეწებების წინ აუცილებელია ლითონს დაედოს ქვეფენა, რისთვისაც გამოიყენება წებო БФ-2 ან ПФН-12 და აჩერებენ 36 საათს, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება მოდიფიცირებული ეპოქსიდური წებო, ქვეფენის მოწყობა უკვე საჭირო აღარ არის, რადგანაც ამ წებოებზე ნაკლებ გავლენას ახდენს რეცეპტურის ცვლილება, ნაკერის სისქე, ჰაერზე დაყოვნების ხანგრძლივობა, დაწნეხის სიდიდე და ტემპერატურა. როგორც წესი, დაწებებული ხის კონსტრუქციები მზადდება ქარხნებში სპეციალური დანადგარების და ჩარხების საშუალებით. სამშენებლო მოედანზე დაწებებული კონსტრუქციების დამზადება რეკომენდებული არ არის.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები