ალბუთაშვილი მათე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მათე ალბუთაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ალბუთაშვილი მათე“ გადამ...)
(წყარო)
 
ხაზი 33: ხაზი 33:
 
   
 
   
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
[[საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
+
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
  
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]

მიმდინარე ცვლილება 22:56, 11 აპრილი 2021 მდგომარეობით

დეკანოზი მათე ალბუთაშვილი

ალბუთაშვილი მათე - (14.01. 1863/67, თბილისის გუბერნია, თელავის მაზრა, სოფ. ჯოყოლა, – 1953, თელავი), საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე, მისიონერი, პედაგოგი, პუბლიცისტი, დეკანოზი.

დაიბადა პანკისის ხეობაში, წარმოშობით ქისტის, ომან ალბუთაშვილის ოჯახში. ალბუთაშვილების წინაპრები სოფელ ღილღოდან იყვნენ და შემდეგ გადასახლდნენ სოფელ მითხოში. მათ სხვადასხვა დროს უცხოვრიათ სოფლებში: ჯარეგო, ჩობანო და ხორბალო. ბოლოს დამკვიდრდნენ პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში.

ალბუთაშვილების უწინდელი გვარი აიაური ყოფილა. დაწყებითი განათლება ალბუთაშვილმა თიანეთის და ალვანის სკოლებში მიიღო. 1880 წ. იგი ჩაირიცხა თელავის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგაც – 1893 წ. იგი მასწავლებლად გაამწესეს მშობლიურ სოფელში. აქ იგი განაგებდა სამრევლო სკოლას და „საღვთო სჯულს“ ასწავლიდა ადგილობრივ ბავშვებს. 1894 წ. საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმირმა (ბოგოიავლენსკი) იგი ჯერ დიაკვნად, შემდეგ მღვდლად აკურთხა და სოფელ ჯოყოლის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. ახლადნაკურთხ მღვდელს ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობაში მისიონერული საქმიანობაც დაეკისრა და ამ სფეროში ხანგრძლივად და წარმატებულად მოღვაწეობდა.

დიდი ამაგი დასდო ალბუთაშვილმა სოფ. ჯოყოლას სკოლას, რომელიც ძველ, ფიცრულ შენობაში იყო განთავსებული და სრულიად გამოუსადეგარი იყო სწავლისთვის. მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ (1896) ალბუთაშვილის ხელმძღვანელობით აშენდა დიდი ქვითკირის შენობა (1899), რომელშიც მისი მეცადინეობით სწავლის პროცესი არ შეწყვეტილა მასწავლებლების არყოფნის პერიოდშიც კი (ამ დროს ალბუთაშვილი თავად ატარებდა გაკვეთილებს). სკოლასთან არსებულ სახელოსნოში ქისტ ბავშვებს ასწავლიდნენ სამჭედლო საქმეს, აქვე ეუფლებოდნენ ისინი მებოსტნეობასა და მეფუტკრეობას. ცნობები ჯოყოლას სკოლის შესახებ თვით ალბუთაშვილის ჩანაწერებში გვხვდება: „ძნელი იყო ნახევრად ველური ბავშვებისა და თვით ხალხის შემოჩვევა ეკლესიაში და სკოლაზე, ისინი უფრო მოლების რჩევა-დარიგებას უსმენდნენ. მე, როგორც მისიონერს, ხშირად მიხდებოდა მათთან სერიოზული კამათი, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ნათლობის საიდუმლოთი. მოლები ეუბნებოდნენ ქისტებს, რომ თუ მოინათლებით, სალდათში წაგიყვანენო და ა.შ. მე უმეტესობა მაინც მენდობოდნენ, როგორც თავისიანს. დავდიოდი კარდაკარ და ისე ვაქუჩებდი ბავშვებს სკოლაში. ვასწავლიდი ყოველწლიურად 15-20 მოწაფეს ორ განყოფილებად...“. გარდა „საღვთო სჯულისა“, გალობისა და საეკლესიო ტიპიკონისა ალბუთაშვილი ბავშვებს მეურნეობის საფუძვლებსაც ასწავლიდა, კერძოდ, მებოსტნეობას, მებაღეობას და მეფუტკრეობას (1916 წ. ალბუთაშვილმა თბილისში მეფუტკრეობის კურსებიც კი დაამთავრა).

ალბუთაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა იმდროინდელ ქართულ პრესასთან და „ქისტი ჩობანის“ ფსევდონიმით აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს პანკისის ხეობასა და ქისტების ცხოვრებაზე. ვაჟა-ფშაველას თხოვნით მან საგანგებოდ შეისწავლა და ნაშრომი მიუძღვნა ქისტთა ისტორიას, მათი ყოფასა და ადათებს. ალბუთაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა აღწერა პანკისის ხეობა და მოგვცა მისი საფუძვლიანი დახასიათება. მისი გამოკვლევის ავტორისეული სათაურია „პანკისის ხეობა (ისტორიულ-გეოგრაფიული აღწერა და მცხოვრებთა ეთნოგრაფიული გარჩევა)“. ეს ნაშრომი თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში იწერებოდა და შეიცავს უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვან ისტორიულ და ეთნოლოგიურ მასალას. ასევე საინტერესოა ალბუთაშვილის მიერ ჩაწერილი ფოლკლორული ნიმუშები. 1965 წ. ალბუთაშვილის მდიდარ არქივს თელავში მიაკვლია პროფ. გ. ჯავახიშვილმა, რომელმაც რამდენიმე წერილი მიუძღვნა მის მემკვიდრეობას, ხოლო 2005 წ. გ. ჯავახიშვილთან ერთად გამოსცა მისი „პანკისის ხეობა“.

ალბუთაშვილი არის აგრეთვე რამდენიმე მოთხრობის ავტორი. უაღრესი დიდი შრომა გასწია ალბუთაშვილმა როგორც მოძღვარმა და მისიონერმა. 1901 წ. ოქტომბერს ალბუთაშვილი დაჯილდოვდა საგვერდულით, 1911 წ. აპრილში – სკუფიით, ხოლო 1919 წ. აღდგომას – სამკერდე ოქროს ჯვრით. 1925 წ. მიენიჭა დეკანოზობა, 1935 წ. – მიტრის ტარების უფლება.

1921 წ. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ, როგორც არასაიმედო პირი ალბუთაშვილი დააპატიმრა და თბილისის ორთაჭალის ციხეში გამოკეტა. თავად ასე იგონებდა ამ ამბავს: „გზაში ყაზახებმა ბევრი მცემეს, სროლითაც მესროდნენ და რამდენიმე ჭრილობა მომაყენეს, ისე, რომ ძლივს გადავრჩი სიკვდილს. 7 თვე ორთაჭალის ციხე მალესინეს. მთელი ჩემი 30 წლის შრომა და ღვაწლი ხალხისადმი შეწირული, სკოლა, ბაღი, ფუტკარი და სხვა მიმატოვებინეს და გამომაძევეს ცარიელი“.

1922 წლიდან ციხიდან გათავისუფლებული ალბუთაშვილი თავდაპირველად მსახურობდა სოფელ შილდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძარში, ხოლო 1924-1929 წწ. ალავერდის ეპარქიის კანცელარიაში. 1929 წ. დაინიშნა თელავის მაცხოვრის ფერისცვალების (თელავის „ღვთაების“) ტაძრის მღვდელმსახურად, 1935 წ. ამავე ტაძრის წინამძღვრად და ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესად. იგი ასევე იყო ალავერდის საეპარქიო საბჭოს თავმჯდომარე.

30-იანი წლების რეპრესიების პერიოდში საქართველოს ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა – მასობრივად იხურებოდა, იძარცვებოდა და ინგრეოდა ტაძრები, სასულიერო პირები იდევნებოდნენ და მრავალი მათგანი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ასეთივე მდგომარეობაში ჩავარდა ალავერდის ეპარქიაც, სადაც ალბუთაშვილი მსახურობდა. ეპარქიაში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე ალბუთაშვილი წერდა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს: „1942 წელს მთელ ალავერდის ეპარქიაში მოქმედი ეკლესია დარჩა მარტო ერთი, ჩემდამი რწმუნებული თელავის „ღვთაების ეკლესია“. ეპარქიაში სამღვდელოება დარჩა 7 კაცი არც ერთ სამღვდელო პირს არ აქვს განსაზღვრული სამრევლო, ყველა თავისუფალია...“.

1950 წ. ავადმყოფობის გამო ალავერდელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) ალბუთაშვილი გაათავისუფლა სამსახურიდან. 90 წელს მიტანებული მძიმედ დაავადებული; ღვაწლმოსილი მოძღვარი გარდაიცვალა 1953 წ. დაკრძალულია თელავის სამოქალაქო სასაფლაოზე.

  • გ. მაჩურიშვილი
  • ნ. ჯავახიშვილი

[რედაქტირება] თხზულებები

პანკისის ხეობა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული აღწერა), გ. და ნ. ჯავახიშვილების გამოც., თბ., 2005.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • გაზ., „გზა და ჭეშმარიტება“ (ალავერდის ეპარქიის ყოველთვიური გამოცემა), 2010, №8(41);
  • გაზ., „საპატრიარქოს უწყებანი“, 2006, #23;
  • მაჩურიშვილი გ., „ალავერდის ეპარქია 1917-2007 წლებში“, თბ., 2009.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები