ალავერდის ეპარქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალავერდის ეპარქია - საქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო აღმოსავლეთ საქართველოში (კახეთი). საეპისკოპოსო კათედრალია წმ. გიორგის სახელობის ტაძარი სოფელ ალავერდში (ახმეტის მუნიციპალიტეტი), მდინარე ალაზნის ველზე, ქ. თელავიდან 20 კმ დაშორებით. ალავერდის ეპარქიის ისტორიულ საზღვრებს წარმოადგენდა: ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით – კავკასიონის ქედი და მდინარე სტორი, სამხრეთ-აღმოსავლეთით – მდ. თურდო, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით, კახეთისა და ცივ-გომბორის ქედები. მთიანეთიდან ალავერდის ეპარქიაში შედიოდა ფშავ-ხევსურეთი და თუშეთი. დღეს ალავერდის ეპარქია მოიცავს თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.

ალავერდის მონასტერს VI საუკუნის II ნახევარში საფუძველი იოანე ზედაზნელის ერთ-ერთმა მოწაფემ, იოსებ ალავერდელმა, ჩაუყარა. ასურეთიდან მოსულ მამათა მოღვაწეობის მიზანი ქრისტიანული ეკლესია-მონასტრების დაარსება, ადგილობრივი მოსახლეობის მოქცევა ან მოქცეულთა სარწმუნოების განმტკიცება იყო.

ისტორია

ალავერდის ეპარქია

X ს. დასაწყისისათვის ალავერდი კახრთის ქორეპისკოპოსთა მთავარი სალოცავია, ხოლო XI ს. შუა ხანებისათვის დიდი საკათედრო ტაძრის აშენების შემდეგ საეპისკოპოსო ცენტრად იქცა. ეპარქიის დაარსებისთანავე ალავერდელი მწყემსთავარი აბბა (ამბა) ალავერდელის წოდებით იხსენიება. ეს ტრადიცია უკავშირდება იოსებ აბბა ალავერდელს, მონასტრის პირველ მამას (სირიული აბბა-ამბა ქართულად „მამის“ შესატყვისია). ალავერდელი ეპისკოპოსები იმავდროულად ალავერდის მონასტრის წინამძღვრებად ითვლებიან და დღემდე ატარებენ მონასტრის „მამის“, აბბას ზედწოდებას. ალავერდის ტაძრის მშენებლობის ინიციატივასა და მატერიალურ შეწევნაში, ადგილობრივ ქტიტორთა გარდა, მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების – მელქისედეკ I-ისა (1010-1033) და იოანე V ოქროპირის (1039-1049) – წვლილი. მელქისედეკ კათოლიკოს-პატრიარქის ბიზანტიაში პირველი ვიზიტის შედეგად განახლდა და შეიმკო სვეტიცხოვლის ტაძარი და ქ. მცხეთა, ხოლო მისი მომდევნო ვიზიტების შედეგად მან სვეტიცხოველს შეძენილი მამულები უბოძა და მიიღო მატერიალური შეწევნა სხვა ქართული ეკლესიებისათვის, სავარაუდოა, ალავერდის ტაძრის შენებისათვისაც.

ახლანდელი ალავერდის ტაძრის მშენებლობის დასაწყისი უნდა ვივარაუდოთ დაახლოებით 1025 წ., როდესაც რანთა და კახთა მეფე იყო კვირიკე III დიდი, ხოლო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი – მელქისედეკი. ტაძრის მშენებლობის ინიციატორი იყო ქართული სახელმწიფოს უზენაესი საერო და სასულიერო ხელისუფლება, უმთავრესი განმახორციელებელი – საქართველოს საპატრიარქო, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ მთლიანობას მყარ იდეოლოგიურ საფუძველს უქმნიდა. ალავერდის კათედრალის მშენებლობა იყო გაგრძელება და შემადგენელი ნაწილი ბაგრატ III-ის პოლიტ. კურსისა, რომელიც ქართველთა მეფის ხელდებულ ტერიტორიაზე სასულიერო ცენტრების დაარსება-განახლების საშუალებით ქვეყნის პოლიტიკურ და კულტუტულ-რელიგიურ ერთიანობას ემსახურებოდა.

ახლად დაარსებული ალავერდის ეპარქიის პირველი მღვდელმთავარი უნდა ყოფილიყო გიორგი აბა (აბა – აბბა – ამბა), ტაძრის მშენებლობის თანამედროვე ალავერდის მონასტრის წინამძღვარი და ერთ-ერთი ქტიტორი, ალავერდის ტაძრის კონქის მაშენებელი, გოდერძი ერისთავთერისთავის დისწული. საწინამძღვრო და საეპისკოპოსო ხარისხის შეთავსების ტრადიცია მისგან უნდა მომდინარეობდეს.

XI ს. შუა ხანებისათვის განსრულებულ-შემკობილი ალავერდის შესანიშნავი ტაძარი 1089 წ. მიწისძვრას დიდად უნდა დაეზიანებინა, იგი 1089 წლიდან 1104-1112 წწ-მდე დაზიანებული და გუმბათჩამოქცეული მდგარა. კახეთის იმდროინდელ მეფეებს, კვირიკე IV-სა (1084-1104) და აღსართან II-ს (1104), მისი აღდგენის ძალა არ შესწევდათ. წყაროთა უქონლობის გამო ჩვენთვის უცნობია ალავერდის ცხოვრების ეს პერიოდი, არა გვაქვს არავითარი ცნობა ამ პერიოდში მოღვაწე ალავერდელ მღვდელმთავართა შესახებაც.

დავით IV აღმაშენებლის მიერ კახეთის შემოერთების შემდეგ ალავერდის ეპარქია ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს საზღვრებში მოექცა. ამ პოლიტიკურმა აქტმა ასახვა ახლად შემოერთებული სამეფოს უმთავრეს სალოცავში – ალავერდის ტაძარში – პოვა. საკურთხევლის 1104-1112 წწ-ით დათარიღებული ფრესკული წარწერის ფრაგმენტების თანახმად, ალავერდის ტაძარში დიდი სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა. ახლად შემოერთებული კახეთის სამეფოს უმთავრესი სალოცავის, ალავერდის, განახლება მეტად მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური თვალსაზრისით. მონუმენტური წარწერის ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, საკურთხეველში მოთავსება და მასში მეფეთ მეფე დავითის მოხსენიება, კახეთის სამეფოში ახალი ხელისუფლების დამყარების მაუწყებელი იყო.

გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის გარდაცვალების შემდეგ დავით IV-მ სამდივანმწიგნობროს მოთავეობა გიორგის დისწულს, სვიმეონს ჩააბარა, რომელიც 1118-1123 წწ. ბედიელ–ალავერდელი და მწიგნობართუხუცესი იყო. იგივე პირი, სვიმეონ ბედიელ-ალავერდელი, იხსენიება დავით აღმაშენებელის შიომღვიმის მონასტრისათვის ბოძებულ ანდერძში (1123-1124), სადაც მეფე მას, როგორც სამდივანმწიგნობროს მეთაურს, „საურავად“ გადასცემს მღვიმის მონასტერს. ამდენად, XII ს. 20-იანი წლების საქართველოს ორი უკიდურესი – დასავლეთისა და აღმოსავლეთის – უმნიშვნელოვანესი კათედრა, ერთი პირის, სვიმეონ ბედიელ-ალავერდელის; ხელში იყო გაერთიანებული. ამ დროისათვის ალავერდელი მღვდელმთავარი საქართველოს სხვა ეპისკოპოსებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა დაწინაურებული.

არსებული დოკუმენტური მასალის მიხედვით, XIII ს. ალავერდელ ეპისკოპოსს ქართველ მღვდელმთავართა შორის საპატიო ადგილი უკავია. XIII ს. მოღვაწე ალავერდელთაგან ჩვენთვის ცნობილია ბასილი, იოანე (1247-1250) და ანტონ (XIII ს. II ნახ.) ალავერდელები. XIV ს. დამლევისათვის კახეთ-ჰერეთში მძიმე ვითარებაა, რაც აქაურ ეპარქიათა მდგომარეობაზედაც აისახა, თუმცა 1401-1413 წწ. მცხეთის გუჯარში ალავერდელი მთავარეპისკოპოსის მოხსენიება მიუთითებს, რომ თემურლენგის ლაშქრობათა მძიმე შედეგების მიუხედავად, ალავერდი მოქმედი კათედრაა.

XV ს. 40-იანი წლებისათვის ალექსანდრე/ დიდის მალის ამოკვეთის სიგელს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ შიო II-სა (დაახლ. 1439-1443/47) და წილკნელთან ერთად ამტკიცებს ალავერდელი აბრაამ ეპისკოპოსი.

ალავერდის მონასტერი. განახლებული მარანი

ალავერდის მონასტრისა და საეპისკოპოსოს ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება XV ს. შუა ხანებისათვის, კახეთის ცალკე სამეფოდ ჩამოყალიბების დროიდან. გიორგი VIII-ის მიერ ალავერდის კათედრაზე ხელდასხმული ეპისკოპოსი გაბრიელი, შესაძლოა, იყოს ჯერ კიდევ ერთიანობის დროის სამეფო კარის ხუცესი და მოძღვარი გაბრიელი, რომელმაც გიორგი მეფეს უერთგულა და ახლო გარემოცვასთან ერთად კახეთს გადავიდა. გიორგი VIII-ს ერთგულად ნამსახური პირადი ხუცესი და მოძღვარი „თავ-კახთა“, ალავერდის მთავარეპისკოპოსად და სამეფო სადროშოს მეთაურად უნდა დაედგინა. კახთა მეფის მიერ ახლად ჩამოყალიბებულ სამეფოში გატარებულ რეფორმათაგან უმთავრესი – სამხედრო ორგანიზაციის ცვლილება – ალავერდელ მღვდელმთავარსაც უნდა შეხებოდა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, გიორგი VIII-მ კახეთი „განჰყო ოთხს სადროშოდ და მისცა დროშანი ეპისკოპოსთა“. სამ სადროშოს მეფემ ბოდბელი, რუსთველი და ნეკრესელი ეპისკოპოსები უთავა. მეოთხე სადროშოს თაობაზე ვახუშტი ცნობას არ გვაწვდის. მეოთხე სადროშო როგორც ქართლში, ისე კახეთში სამეფო უნდა ყოფილიყო, რომელიც ქართლში ექვემდებარებოდა თავადს, ხოლო კახეთში — ეპისკოპოსს. მეოთხე, სამეფო სადროშოს, კახ მღვდელმთავართა შორის გამორჩეული, ალავერდელი ეპისკოპოსი სარდლობდა. კახეთის სადროშოებად დაყოფისას მცირე საეპისკოპოსოები უფრო მსხვილ საეპისკოპოსოთა დაქვემდებარებაში აღმოჩნდნენ. სადროშოთა სარდალი ეპისკოპოსები ლაშქარს ბრძოლის ველამდე მიაცილებდნენ, ხოლო უშუალოდ ბრძოლის დროს მათ მოურავები ენაცვლებოდნენ. სამეფო სადროშოს სარდლობა, თავის მხრივ, კიდევ უფრო ზრდიდა ალავერდელის მნიშვნელობას. კახთა მეფე ალექსანდრე I-მა (1476-1511), მეფის დედამ – დედოფალთდედოფალმა ნესტან-დარეჯანმა და მეუღლემ – დედოფალმა ანამ „...აღაშენეს და განწმიდნეს“ ალავერდის ტაძარი „ყოვლისაგან ღუარძლისა...“, „...დაქცეული და დაძველებული სამჭრენი და გუმბათნი“. ალექსანდრე I-მა ასევე „დაახატვინა და შეამკო ჯუარითა და ხატითა. წიგნითა და ეკლესიის შესამკობელითა“, და „აღავსო სიწმიდეთა მიერ პატიოსანთა ნაწილთა წმიდათათა, წმიდათა ხატთა და სიწმიდისა სამსახურებელთა ყოვლად დიდებულთა ყოვლითა სიკეთითა, შესწირნა მრავალნი გლეხნი სამსახურებელად წმიდისა გიორგისა და მოწესეთა მისთათუის.“ მეფემ ალავერდის ეპარქიას ყმა-მამულიც შესწირა და ალავერდსა და შუამთაში აღაპი განიჩინა. ამბა ალავერდელად „დასვა“ ევთიმი მიჩაბაძე, მისივე დახასიათებით, „კაცი ზეცისა და ანგელოსი ქუეყანისა, წმიდათა მღუდელთ მოძღუართა მწყემსი კეთილი.“ 1492-1497 წწ. შორის კახთა მეფის, ალექსანდრე I-ის, ზეობისა და ამბა ალავერდელ კირილეს მღვდელმთავრობის დროს კახეთში სვეტიცხოვლის მამულები მოუვლია კათოლიკოს აბრაჰამ II აბალაკს (1492-1497).

XVI ს. განმავლობაში კახეთის სამეფო კარი ირანისადმი ფორმალური ყმობისა და მცირე ხარკის ხარჯზე ახერხებდა მშვიდობის შენარჩუნებას. ამავე პერიოდში თანდათან გართულდა კახეთისა და დაღესტნის ურთიერთობა. ამ ეპოქის ამსახველი ალავერდის საბუთები მცირე რაოდენობით მოგვეპოვება. XVI ს. დასაწყისისათვის ალავერდელი ეპისკოპოსია იოვანე, რომელიც კათოლიკოს დიონოსის (დიონისე – 1510-1511) და მთავარეპისკოპოს მალაქიასთან ერთად კახთა მეფე გიორგი II-ის (ავგიორგის) სვეტიცხოვლისათვის საკანონო შეწირულობის გაცემას აიძულებს.

ალავერდის ეპარქიის ისტორიაში სულიერი აღმავლობითა და აღმშენებლობით კახთა მეფე ლევანის (1520-1574) მოღვაწეობის პერიოდი გამოირჩევა. მეფემ აღადგინა მიწისძვრისგან დანგრეული ტაძარი, მრავალი ეკლესია-მონასტერი ააგო, შეამკო და მოახატვინა. მათ შორის, ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის მონასტერი, ალვანის ნათლისმცემელი, ალვანის სამება, ნეკრესი, გრემი, ხაშმის სამება, ცხრაკარის ბაზილიკა და წმ. ნიკოლოზის ეკლესია მატანში.

ლევანისა და მისი ძის, ალექსანდრეს, ღვაწლით სამეფო კარის საოქრომჭედლო სახელოსნოში შეიქმნა ქართული ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები.

XVI ს. დამლევს კახთა მეფე ალექსანდრე II-8 (1590-1605) განაახლა ალავერდის ტაძარი და ღვთისმშობლის სახელზე ააგო ეკვდერი, გარდაცვლილი მეუღლის სააღაპედ მონასტერს შესწირა სასახლე, სოფელი მარილისი, წმ. მარინეს ეკლესია. მანვე განაახლა კათოლიკოსის სამცხეთო საქონებელი კახეთში. ალავერდელი ეპისკოპოსი მონაწილეა ამ მამულების საზღვრების დადგენა-განახლებისა, ასევე ალავერდელი ეპისკოპოსი დამსწრე და მონაწილეა რუსი ელჩების აუდიენციისა კახეთის სამეფო კარზე.

ლევან კახთა მეფის ძე კათოლიკოსი ნიკოლოზი (1584-1589) საგანგებოდ მისულა კახეთში მცხეთის მამულების მოსაკითხად: „… მობძანდა წინაშე ჩუენსა ჩუენის სულის მეოხი და შესავედრებელი, ჩუენი ძმა პატრონი კათალიკოზი ნიკოლოზ, და სრულიად ერთობილნი მცხეთისშვილნი, მცხეთის ძუელნი გუჯარნი და სიგელნი მოიხუნეს...“. ამბა ალავერდელი კირილე მონაწილეა „სამანთა და სირონთ“ დასხმისა და მოწმეა ალექსანდრე II-ის სვეტიცხოვლისადმი გაცემული მამულების მფლობელობის განახლების წიგნისა.

XV-XVI სს. მოღვაწე ალავერდელთაგან ცნობილი არიან აბრაამ, გაბრიელ, ევთიმი, კირილე, იოანე, ფილიპე, ნიკოლოზ, ზაქარია, მთავარეპისკოპოსები. XVI ს. დამლევის საბუთები ცხადყოფს, რომ ამ დროისათვის ალავერდის ეპარქიის საკუთრებაშია მსხვილი სამფლობელოები: ეკლესია-მონასტრები მათი შემოსავლით, ათეულობით გლეხი სხვადასხვა სოფელში, ცალკეული სოფლები, ზვრები, მარნები, საქონლის ჯოგები. ალავერდის ყმა-მამულის ნაწილი ტერიტორიულად მის ახლოს, ნაწილი კი საკმაოდ მოშორებით მდებარეობდა. ალავერდის ეპარქიის ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უმთავრესად სამეფო კარი ზრუნავდა. მისი ეკონომიკური აღმავლობა XVII ს. დასაწყისშიაც გრძელდებოდა. XVII ს. 10-იანი წლებიდან, ირანელთა შემოსევების გამო, ალავერდის კათედრა მხოლოდ ხანმოკლე ინტერვალებით უბრუნდება მშვიდობიან ცხოვრებას. ალავერდი დროდადრო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტადაა ქცეული როგორც მომხდურთათვის, ისე ადგილობრივ პატრიოტულ ძალთათვის.

ალავერდელი მთავარეპისკოპოსები ხშირად დიპლომატიურ საქმიანობასთან იყვნენ დაკავშირებულნი. როდესაც ალექსანდრე II იძულებული გახდა, ლაშქრითა და მისართმევლით ხლებოდა ირანის შაჰს, მის თანმხლებთა შორის იყო ალავერდელი მღვდელმთავარიც. პორტუგალიელი მღვდლის, ბელშიორ დუშ ანჟუშის რომში გაგზავნილ წერილებში მოიპოვება ცნობა, რომ 1605 წ. მარტში ალავერდელი მთავარეპისკოპოსი თავრიზში ალექსანდრე კახთა მეფის ამალაში იყო. რუსი ელჩების ცნობით, 1605 წ. 12 მარტს, ალექსანდრე მეფისა და ბატონიშვილ გიორგის მკვლელობის დროს დაიჭრა ალავერდელი მთავარეპისკოპოსიც.

1614 წლიდან იწყება უმძიმესი ხანა როგორც კახეთის სამეფოსათვის, ისე ალავერდის ეპარქიისთვის. შაჰ აბას I-მა დაიკავა სამეფოს დედაქალაქი გრემი და უმთავრესი საეკლესიო ცენტრი – ალავერდი. შაჰ აბას I-ს, რომლის მიზანს ქართველთა ფიზიკური მოსპობა წარმოადგენდა, კარგად ჰქონდა გააზრებული კახთა უმთავრესი სასულიერო ცენტრის მნიშვნელობა. მისივე ისტორიკოსი ისქანდერ მუნში გადმოგვცემს, რომ შაჰი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა „ქრისტიანთა ამ უდიდეს სამლოცველოსა და ტაძარს“. შაჰის ალავერდისადმი ყურადღება მისი განადგურებითა და გაძარცვით, ალავერდელი მღვდელმთავრის დატყვევებით, ხატებისა და ქრისტიანული საღვთისმეტყველო ლიტერატურის მოსპობით და, რაც მთავარია, მისი ფუნქციის შეცვლით გამოიხატა. ამ დროიდან მოყოლებული 1626 წლამდე ალავერდის ტაძარი და სამონასტრო ნაგებობები ციხესიმაგრედ იყო ქცეული და მის გალავანში ირანელთა გარნიზონი იდგა. ალავერდის მძიმე მდგომარეობა კარგადაა აღწერილი თეიმურაზ I-ის 1618 წ. მოსკოვს გაგზავნილ სიგელში, სადაც აღნიშნულია, რომ წმ. გიორგი სასწაულთმოქმედის ალავერდის მონასტერი და ეკლესია მთლიანად გაიძარცვა, ეკლესიაში შაჰმა თავისი კარავი დაადგმევინა, სადაც ერთი თვის განმავლობაში თავად ცხოვრობდა და ყოველგვარ უმსგავსობას სჩადიოდა, რათა ღვთის ტაძრისათვის შეურაცხყოფა მიეყენებინა. თორღას ციხეში გადამალულ თეიმურაზ მეფის საგანძურთან ერთად, აბას I-მა ხელთ იგდო ალავერდელი მღვდელმთავრის მიტრა, რომელიც იუველირებმა ხუთას შაჰურ ერაყულ თუმნად შეაფასეს. შაჰმა ალავერდელის მიტრა სხვა მისართმეველთან ერთად ოსმალეთს გაგზავნა. ცხადია, ამ პერიოდში სრულად მოიშლებოდა ეპარქიის როგორც სულიერი ცხოვრება, ისე ეკონომიკური საფუძვლებიც. 1615 წ. 15 სექტემბერს კახთა აჯანყება სწორედ ალავერდში დაიწყო. ალავერდობის დღესასწაულის საბაბით ქართველებმა მოახერხეს მეციხოვნეთა დათანხმება და ალავერდის ეკლესიის გალავანში შესვლა. სადღესასწაულო ცერემონიალის დასრულებისთანავე ქართველებმა მეციხოვნე ყიზილბაშები ამოწყვიტეს.

1614-1617 წწ. შაჰმა ოთხჯერ ილაშქრა საქართველოში. ამ პერიოდში კახეთის სამეფომ უდიდესი ზარალი ნახა. კახეთმა მოსახლეობის ორი მესამედი დაკარგა, ნაწილი დაიხოცა, დატყვევებული ორასი ათასი ქართველი აბას I-მა ირანის სხვადასხვა პროვინციაში გადაასახლა. დატყვევებულთა შორის აღმოჩნდა ალავერდელი ეპისკოპოსიც. 1617 წ. პიეტრო დელა ვალე ირანის კარზე ხვდება შაჰის მიერ გადასახლებულ ქართველებს. მათ შორის იხსენიებს ალავერდელი მიტროპოლიტის ოჯახს.

ალავერდის ეპარქია უნდა ამოქმედებულიყო მას შემდეგ, რაც თეიმურაზ I ქართლ-კახეთის ტახტს დაეუფლა, იგი მოქმედი უნდა იყოს 1633 წლამდე. 1628 წ. 11 მაისს ქეთევან დედოფლის წმ. ნაწილების თეიმურაზისათვის გადასაცემად გორს ჩადიან პორტუგალიელი ავგუსტინელი ბერები ამბროზიო დუშ ანჟუში და მორჩილი პედრო დუშ სანტუში. თეიმურაზმა კათოლიკოს-პატრიარქ ზაქარია ჯორჯაძესა და სამღვდელოების სხვა წარმომადგენლებს დაავალა, მიეღოთ დედოფლის წმ. ნაწილები და ალავერდის ტაძარში, კახთა მეფეთა საძვალეში დაესვენებინათ. დედოფლის წმ. ნაწილები ძვირფას კუბოში მოათავსეს და ალავერდის ეკლესიაში დაასვენეს. ამ ცერემონიალს ესწრებოდა ალავერდელი მთავარეპისკოპოსი მიტროფანე.

1648-1656 წწ. კახეთს როსტომი განაგებდა. ომითა და აჯანყებებით მოღლილ კახეთის სამეფოში დროებით მშვიდობა დამყარდა. კახეთის დაუფლებისთანავე როსტომ მეფემ მარიამ დედოფალთან ერთად კახეთი მოიარა. კახეთის შემოვლისას მეფე-დედოფალს ალავერდიც მოუნახულებია. პარიზის ქრონიკის თანახმად, თეიმურაზის მეფობის დროს დანგრეული ალავერდის საყდარი როსტომმა განაახლა. იგივეა გადმოცემული ფარსადან გორგიჯანიძესთანაც, რომელიც აღნიშნავს, რომ თეიმურაზს არეულობის გამო არ დასცალდა ალავერდის აღდგენა, რაც როსტომმა განახორციელა. მარიამ დედოფალმა ალავერდის მეფეთა საძვალეში დაკრძალულთაულის მოსახსენიებლად აღაპი გადაიხადა, ყველა სათითაოდ გამოიტირა და კახეთში ყოფნის დროს წირვა-ლოცვა არ დააკლო. ამ დროისათვის ალავერდის მთავარეპისკოპოსია არსენი (ავალიშვილი – 1648-[1660]). არსენის ალავერდელობის დროს მარიამ დედოფალი ალავერდს უმტკიცებს თეიმურაზ მეფის მიერ ბოძებული მამულების ხელუხლებლობის სიგელს. როსტომ მეფე ალავერდის ტაძრის ყმებს სანახევროდ ათავისუფლებს სახელმწიფო გადასახადებისაგან, შემოსავლის ნახევარს ალავერდის წმ. გიორგის უტოვებს, ნახევარს სახელმწიფოს.

ირანის შაჰის, აბას II-ის (1642-1666) გადაწყვეტილებით, კახეთის ბარში დაახლოებით 80000-მდე თურქმანი ჩაასახლეს. მომთაბარე თურქმანებმა ძირითადად კახეთის საუკეთესო სამეურნეო ადგილები, მათ შორის ალავერდის ადგილ-მამულებიც დაიკავეს. ჩასახლებულ თურქმანთა დაცვის მიზნით, ირანელებმა ალავერდის მონასტრის გალავანი კვლავ ციხედ აქციეს და გარნიზონი ჩააყენეს. ქართლის ცხოვრების თანახმად, „თათართა ეპყრა მონასტერი ალავერდი ციხედ.“ კახეთში გაძლიერდა ლეკთა თარეში. ამ მხარის კულტურულ მეურნეობას, ბარისა თუ მთის მოსახლეობას სერიოზული პრობლემა შეექმნა და იგი გათათრების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. 1659-1660 წწ. კახეთის მოსახლეობა აჯანყდა. აჯანყების ორგანიზატორთა შორის იყო ალავერდელი მთავარეპისკოპოსი არსენ ავალიშვილი, რომლის ბედი აჯანყების შემდეგ უცნობია, ხოლო აჯანყების გმირი მეთაურები – ბიძინა, შალვა, და ელიზბარი – მოწამებრივად აღესრულნენ ირანში.

1663 წ. ირანის ტყვეობაში გარდაცვლილი თეიმურაზ I, მისი ანდერძის თანახმად, იქ მყოფი კახი წარჩინებულებისა და ვახტანგ V შაჰნავაზის თხოვნით და შაჰის ნებართვით, საქართველოში გადმოასვენეს. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, „მაშინ შეკრბნენ კათალიკოს-ეპისკოპოზნი ქართლ-კახეთისანი ბრძანებითა მეფისა ვახტანგისათა და დაფლეს (თეიმურაზი) ალავერდს ....“ თეიმურაზ I-ის ალავერდის საგვარეულო საძვალეში დაკრძალვის ფაქტი მოწმობს, რომ 1664 წ. ალავერდის ფუნქცია აღდგენილი იყო, სასულიერო ცენტრი კი – მოქმედი.

1664 წ. კახეთის ტახტი შაჰმა ვახტანგ V-ის ძეს, არჩილს უბოძა. ათი წლის განმავლობაში მამა-შვილი თანხმობით განაგებდა ქართლ-კახეთს. არჩილი II-ის მეფობა კახეთის სამეფოში არა მხოლოდ ალავერდის ეპარქიის, არამედ მთლიანად კახეთის სამეფოს ეკლესია-მონასტრებისათვის უაღრესად სასიკეთო იყო. არჩილ II-მ კახეთში მეფობის დროს (1664-1675) „ჰყო სასახლე თელავს და განაახლნა ეკლესიანი ყოველნი კახეთისანი და დასხნა ეპისკოპოზნი, მატა სჯულსა და შენებასა ქუეყანისასა.“ ვახუშტის თანახმად, არჩილი აგრძელებს როსტომ მეფის წამოწყებულ სარესტავრაციო-აღდგენით სამუშაოებს. ალავერდი „დიდშენი, ზღუდე-პალატებიანი, გუმბათიანი“, რომელიც „დაიქცა ძვრით“ და „როსტომ იწყო შენებად, არჩილ შეასრულა“. არჩილ მეფე 1664 წ. კახეთში გამეფებისთანავე უახლებს ალავერდის წმ. გიორგის ტაძარს თეიმურაზ I-ისა და როსტომ-ხანის შეწირულობას სრული შეუვალობის პირობით.

არჩილის კახეთიდან წასვლის შემდეგ კახეთი მცირე დროით, 1675 წლამდე, ვახტანგ V-ს ემორჩილებოდა. 1675 წ. ირანს გაწვეული ვახტანგ V გარდაიცვალა. 1676 წ. 6 თებერვლით დათარიღებულ რუსეთის მეფისადმი მიწერილ წერილში, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ნიკოლოზ IX (1678-1688; 1692-1695) და კახი ეპისკოპოსები უმეფოდ დარჩენილ კახეთში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო ითხოვენ ირანის შაჰთან შუამდგომლობას ერეკლე ბატონიშვილის მეფედ გამოგზავნის თაობაზე. კათოლიკოსის წერილს ახლავს ალავერდელი, ბოდბელი, რუსთველი, ნინოწმინდელი, ნეკრესელი და სამებელი ეპისკოპოსების ხელრთვები. კახეთის სამეფოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველოს სამეფო სახლობისაგან ტრადიციული წყალობა კახეთის უმთავრეს სალოცავსა და საძვალეს არც ამ პერიოდში აკლდა.

ალავერდის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა კახეთის სამეფო ტახტის კანონიერი პრეტენდენტი ერეკლე I და მისი დედა – დედოფალი ელენე დიასამიძე. ელენემ XVII ს. 60-70-იან წწ. ალავერდის ტაძრისთვის სტროგანოვების სახელოსნოში მოაქარგვინა „გარდამოხსნა“ (1654-1674), რომელიც მოგვიანებით, მისივე ანდერძის თანახმად, ერეკლე I-მა ალავერდის ტაძარს შესწირა. მანვე ალავერდის ტაძრისათვის ცნობილ რუს ხატმწერს, სიმონ უშაკოვს, დააწერინა წმ. გიორგის ხატი (1677). 1683 წ. ისპაჰანში შაჰ სულეიმანის კარზე ჩასვლისთანავე ელენე დედოფალი შვილების – ლუარსაბისა და გიორგი ბატონიშვილების (ერეკლეს ძმების), დედოფალ ნესტან-დარეჯანის სულის მოსახსენიებლად და ერეკლეს სადღეგრძელოდ ალავერდის წმ. გიორგის ყმა-მამულს სწირავს. ამავე წელს ისპაჰანში ელენე დიასამიძის დაკვეთით მზადდება სამღვდელმთავრო ოქროს მიტრა. საქტიტორო წარწერის თანახმად, ელენე დედოფალმა მიტრა თეიმურაზ I-ის, დედოფალ ხორეშანის, დედოფალ ნესტან-დარეჯანის, დავით ბატონიშვილის, შვილების სულის მოსახსენიებლად, ერეკლეს და მისი ოჯახის სადღეგრძელოდ და თავის სულის საოხად დაუკვეთა და ალავერდის წმ. გიორგის შესწირა.

ერეკლე I-ის 1701 წ. დათარიღებული საბუთიდან ირკვევა, რომ მისმა პაპამ, კახთა მეფე თეიმურაზ I-მა, კახეთიდან გახიზვნამდე მთელი კახეთის ეკლესია-მონასტრების ხატები მცხეთის სვეტიცხოველში გადამალა. ერეკლე I-ს ქართლში მეფობისას კახეთის მონასტრების საკუთრება, პაპის დანაბარების თანახმად, სვეტიცხოვლისაგან „გამოუბარებია“, შემდეგ ალავერდელი მღვდელმთავრის, ნიკოლოზ ჩოლოყაშვილისათვის მიუბარებია და ალავერდს დაუსვენებია.

1684-1696 წწ. ალავერდის ეპარქიის სათავეშია ერეკლე ბატონიშვილისა და მისი მომხრეებისათვის სასურველი კანდიდატურა ნიკოლოზი (ენდრონიკაშვილი). ამბა ალავერდელ ნიკოლოზ ენდრონიკაშვილს კახეთში მღვდელმთავრობა შაჰის მიერ დანიშნული ხანების მმართველობის დროს მოუხდა. ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად, ამ პერიოდის კახეთის სამეფოში ეპისკოპოსის გარდაცვალების შემთხვევაში, ხანების ბატონობის პირობებშიც კი, კახ წარჩინებულთა და ეპისკოპოსთა მიერ შერჩეული კანდიდატურა ხანის დასტურით კურთხევისათვის მცხეთის კათოლიკოსთან იგზავნებოდა. 1684 წ. ნიკოლოზ ენდრონიკაშვილის ალავერდის კათედრაზე აღსაყდრება მცხეთის საკათოლიკოსოსთან ურთიერთობის გამწვავებით აღინიშნა. ნიკოლოზმა სამღვდელმთავრო მიტრა კათოლიკოსის ნებართვისა და კურთხევის გარეშე დაიდგა. ალავერდელი მთავარეპისკოპოსის ასეთ გაკადნიერებას სერიოზული კონფლიქტი მოჰყვა. საბოლოოდ, ალავერდელის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, მცხეთის საკათოლიკოსომ დროულად აღკვეთა ალავერდელი მღვდელმთავრის სეპარატისტული ქმედება. ნიკოლოზ ალავერდელი, მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, იძულებული შეიქნა კათოლიკოსთან შუამდგომლობა ტფილელ მთავარეპისკოპოს იოსებისათვის (სააკაძე) ეთხოვა. ნიკოლოზ ალავერდელის ვედრების წიგნიდან (დათარიღებულია 1685-1688 წწ.), რომლის ადრესატიც იოსებ ტფილელია, კარგად ჩანს, რომ ნიკოლოზ ენდრონიკაშვილი ალავერდელ მღვდელმთავრად არსებული წესისა და ტრადიციის სრული იგნორირებით ეკურთხა. პირდაპირი ცნობები კონფლიქტის გადაწყვეტის თაობაზე არ მოიპოვება. ცნობილია, რომ ნიკოლოზ ენდრონიკაშვილმა შეინარჩუნა ალავერდის კათედრა. შესაძლოა, იოსებ ტფილელის შუამდგომლობითა და ძალისხმევით კათოლიკოსმა ნიკოლოზ IX ამილახვარმა შეუნდო ალავერდელს დანაშაული: შესაძლოა, ამ დროისათვის ქართლში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ, აქ ერეკლე I-ის გამეფებამ (1688-1703) და საკათოლიკოსო ტახტზე ცვლილებამ – ნიკოლოზ IX ამილახვრის იოანე X დიასამიძით (1688-1692; 1695-1700) შეცვლამ – მდგომარეობა ნიკოლოზ ალავერდელის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

ალავერდელი მღვდელმთავარი აქტიურად მონაწილეობდა აღმოსავლეთ საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაში. იგი მონაწილეობდა 1690 წ. ერეკლე I-ის ბრძანებით მოწვეული საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელსაც ესწრებოდნენ კათოლიკოსი იოანე დიასამიძე, არსენ ნინოწმინდელი, ნიკოლოზ რუსთველი, ნიკოლოზ სამებელი, ქართლის მთავარეპისკოპოსი და სხვა სას. პირები. ნიკოლოზ ენდრონიკაშვილი ალავერდის კათედრაზე აღსაყდრებისთანავე ენერგიულად შეუდგა საალავერდოს საყმოსა და სამწყსოს, 1675-1683 წწ. შელახული საეკლ. წეს-განგების მოწესრიგებას.

ნიკოლოზ ენდრონიკაშვილის მომდევნო ალავერდელი მღვდელმთავარი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი იყო. ალავერდელად აღსაყდრებამდე, 1695 წ. კათოლიკოსთან კურთხევისათვის მცხეთას, სვეტიცხოველს მისულმა ერთგულების ფიცი მისცა კათოლიკოს იოანე დიასამიძეს. ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის ხანგრძლივი მოღვაწეობა ალავერდისათვის ყოველმხრივ ნაყოფიერი იყო, თუმცა XVII-XVIII სს. მიჯნაზე ქვეყანაში შექმნილმა უმძიმესმა პოლიტიკურმა ვითარებამ საგრძნობლად შეაფერხა ალავერდის ეპარქიის ცხოვრების შემდგომი განვითარება. XVII ს. მოღვაწე ალავერდელთაგან ცნობილი არიან ფილიპე (მიჩაბაძე), ჩოლოყაშვილი (სახელი უცნობია), იოვანე (სავარაუდოდ – ავალიშვილი), მიტროფანე, ზებედე, გრიგოლ ჩოლოყაშვილი, ნიკოლოზ (ენდრონიკაშვილი), ნიკოლოზ (ჩოლოყაშვილი).

XVII ს. დასასრულიდან მოყოლებული თითქმის მთელი XVIII ს. განმავლობაში კახეთის სამეფო ლეკთა გამუდმებული თარეშის ობიექტი იყო. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, 1706-1710 წწ. საგრძნობლად ძლიერდება კახეთზე ლეკთა თავდასხმები. ლეკები იმდენად ავიწროებდნენ კახეთს, რომ დავით II იმამყული-ხანი (1709-1722) იძულებული გახდა, რეზიდენცია ყარაღაჯიდან თელავში გადაეტანა. ლეკთა თარეშის სიმძიმე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის ოჯახსაც შეეხო. 1715 წ. ლეკებთან ბრძოლის დროს დაიღუპა მისი ძმა, კახთა მეფის სიძე და სახლთუხუცესი ედიშერ ჩოლოყაშვილი.

1709-1715 წწ. დავით II იმამყულიხანი ირანში იყო გაწვეული. ამ დროს კახეთს ანნა დედოფალთან ერთად ალავერდელი ეპისკოპოსი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი განაგებდა. კახმა დიდებულებმა ალავერდელის რჩევითა და კახეთის გადარჩენის მიზნით, ლეკებს ქართლისა და აზერბაიჯანის პროვინციებისაკენ გზა გაუხსნეს. ალავერდელის სტრატეგია ლეკთა წინააღმდეგ კახეთის სამეფოსათვის იმდენად ეფექტიანი აღმოჩნდა, რომ კახელებმა მოგვიანებით 1725 წ. კვლავ მიმართეს მას. ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად, კახელებმა ქართლის საზიანოდ „განიგულეს ხრიკი განზრახჳთა ალავერდელისათა.“ ალავერდისათვის ლეკიანობის სიმძიმე კარგადაა ასახული თვით ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის 1721 და 1728 წწ. დათარიღებულ წყალობის წიგნებში, სადაც ნიკოლოზ ალავერდელი ლეკიანობის დროს ალავერდის ერთგულად ნამსახურ ყმებს მადლიერების ნიშნად ათავისუფლებს ან ყმა-მამულს უბოძებს მათ. XVIII ს. დასაწყისში ლეკებმა იმდენად შეავიწროვეს ალავერდი, რომ ალავერდელი ეპისკოპოსი ეკლესიას ტოვებს და ქსნის ერისთავს ეხიზნება: „ოდეს კახეთი ლეკთ დაიპყრეს, ჩვენ ქსნის ხევზე ქსნის ერისთვის მამულში დავიხიზნით...“.

1732 წ. კახეთის მეფე კონსტანტინე (მაჰმად ყული-ხანი) იუსუფ-ფაშამ მოსალაპარაკებლად მიიწვია და ღალატით მოაკვლევინა. იუსუფ-ფაშასა და კონსტანტინეს შორის მოლაპარაკებას ალავერდელი ეპისკოპოსი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი და თარხანი ლუარსაბი შუამდგომლობდნენ. კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ ოსმალებმა კახელების ნაწილი ამოწყვიტეს, ნაწილი დაატყვევეს. დატყვევებულთა შორის აღმოჩნდა ალავერდელი ეპისკოპოსიც, რ-საც ცოტა მოგვიანებით უსუფ-ფაშას წინაშე თავი მოჰკვეთეს. შემადგენლობაში დროებით შევიდა ჭერემის ეპარქიის ნაწილი; 1761 წ. ერეკლე II-ისა და კათოლიკოს-პატრიარქ იოსების სიგელიდან ჩანს, რომ ხარჭაშოს საეპისკოპოსო „დიდ ჟამს უმკვიდროდ“ იყო და მდგომარეობის გამოსწორებამდე ხარჭაშნელის სამწყსო ამბა ალავერდელს ებარა, ე.ი. ალავერდელი ეპისკოპოსი სხვადასხვა დროს განაგებდა მტრის შემოსევათა გამო დამცრობილ სამების, ჭერემისა და ხარჭაშოს ეპარქიებს.

XVII ს. ალავერდის სამონასტრო მეურნეობის, კერძოდ, მონასტრის მარნის შესახებ ცნობას შეიცავს 1742 წ. დათარიღებული „წყალობის წიგნი ნიკოლოზ ალავერდელისა“. აბბა ალავერდელმა ნიკოლოზმა მისცა წყალობის სიგელი გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერს და მთელი წლის საკმარი საბარძიმე ღვინო უბოძა.

XVIII ს. II ნახევარში პოლიტიკურად გაერთიანებულ ქართლ-კახეთში ალავერდის ეპარქიის მმართველობა შეიერთა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ, რომელიც ერეკლე მეფესთან ერთად ალავერდის სამწყემსმთავრო საყდრის გაძლიერებისათვის იბრძოდა. ამ პერიოდში სამეფო კარის ოსტატებმა ბატონიშვილ გიორგის ბრძანებით ალავერდში დაბრძანებული ბოჭორმის წმ. გიორგის ხატი განაახლეს. მოხსნეს მოოქრული პერანგი, დიდი პატივით ამოაბრძანეს ხატის სანაწილედან წმ. გიორგის ძვალი, ხატის განახლების შემდეგ სიწმინდე კვლავ ხატის სანაწილეში დააბრუნეს. ერეკლე მეფე ბოჭორმის წმ. ხატს გიორგობის დღესასწაულზე ლიტანიობით მიაბრძანებდა ბოჭორმაში და კვლავ ალავერდში აბრუნებდა, რადგან ბოჭორმა გავერანებული იყო. ხატი ამჟამად შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

1811 წ. ალავერდის ეპარქიაში ირიცხებოდა 113 ეკლესია, ხოლო ყმა-გლეხთა რაოდენობა 342 კომლს აღწევდა. ალავერდისა და მცხეთის კათედრების გაერთიანებამ (XVIII ს. 80-იანი წწ.) მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ალავერდის ეპარქიის სამეურნეო-ეკონომიკურ აღმავლობას.

საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1801) და საეგზარქოსოს დაარსების (1811) შემდეგ რუსმა ეგზარქოსებმა „წმინდა გიორგის“ ტაძარი „ჯვართამაღლების“ სახელზე აკურთხეს. ამ დროისათვის განადგურდა ტაძრის სამხრეთ და ჩრდილოეთ მინაშენები, კახეთის სამეფო სახლობის საძვალე-ეკვდერები.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებასთან და მისი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში (საქართვ. საეგზარქოსოს სახით) შესვლასთან დაკავშირებით გატარდა საეკლესიო რეორგანიზაცია: „იჯდა კათალიკოსიცა ვიდრე 1811 წ-მდე და 1811 წელსა ადიღეს კათალიკოსობა, მთავარეპისკოპოსობა და სხვები საარხიერო ეპარხიანი. დაარსდა ალავერდ-კახეთის ეპარქია, რომლის შემადგენლობაში კახეთის დანარჩენი ეპარქიებიც შევიდა. ალავერდ-კახეთის ეპარქიის მმართველად დაინიშნა ბოდბისა და ქიზიყის მთავარეპისკოპოსი იოანე (მაყაშვილი). 1886 წ. მარტში დაარსდა ალავერდის სავიკარიო (საქორეპისკოპოსო), რომლის ტერიტორის მოიცავდა საქართველოს მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს.

ალავერდის ეპარქია აღდგენილ იქნა 1917 წ. საქართველოს ეკლესიის პირველ კრებაზე. ალავერდის ეპარქიაში შევიდა შიდა კახეთი (ტერიტ. ძვ. ეპარქიებისა: ალავერდის, ნეკრესისა და ხარჭაშნოს), აგრეთვე დიდოეთ-დურძუკეთი, მიწერილი თერგისა და დაღესტნის მხარეებზე. იგივე ტერიტორიები დაუმტკიცდა ალავერდის ეპარქიის 1920-1927 წწ. 1995 წ. მიღებული საქართვველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, ა.ე-იის სამწყსო განისაზღვრა შემდეგნაირად: ქ. თელავი, ქ. ახმეტა, თელავისა და ახმეტის რაიონები.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ალავერდის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დაინიშნა ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე), რომელიც 1922 წ. 28 აპრილს გარდაიცვალა. 1924-1925 წწ. ალავერდის ეპარქიას მართავდა ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე), 1925 წ. – მიტროპოლიტი იოანე (მარღიშვილი), 1925-1927 წწ. – ალავერდელი ეპისკოპოსი მელქისედეკი (ფხალაძე, შემდგომში – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი), 1927-1928 წწ. – ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე, შემდგომში – სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქი), 1928-1930 წწ. – ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი). ა.ე.-ს 1930-1950 წწ. მართავდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე), 1950-1952 წწ. – ეპისკოპოსი გაბრიელი (ჩაჩანიძე), 1958 წ. – მიტროპოლიტი დიმიტრი (იაშვილი), 1958-1963 წწ. – ეპისკოპოსი დავითი (ბურდილაძე), 1967-1971 წწ. – ეპისკოპოსი რომანოზი (პეტრიაშვილი), 1976-1992 წწ. – მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე)! 1992-1993 წწ. – მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი). 1993 წ. 1 სექტემბრიდან დღემდე აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი არის დავითი (მახარაძე). აბბა ალავერდელი დავითის ღვაწლით XX ს. 90-იანი წლებიდან ალავერდის ეპარქიაში დაიწყო საეკლესიო ცხოვრების აღორძინება. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა 50-ზე მეტ ტაძარს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ალავერდის, შუამთის, თელავის ღვთაების, იყალთოს ისტორიულ ტაძრებს. ყველა ეს ტაძარი კირის თეთრი საფარისგან გაიწმინდა, ტარდება მათი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები. 2005 წ. დაიწყო ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძრის ფართომასშტაბიანი რესტავრაცია – გამაგრდა ტაძრის საძირკველი, განახლდა გუმბათის სარკმლები, გაიწმინდა სახურავი, შეკეთდა ტაძრის გალავანი და საეპისკოპოსო სასახლე. ტაძრის ტერიტორიაზე დაიწყო სიძველეთსაცავის მშენებლობა. 2006 წ. ჩატარებული არქეოლ. გათხრების შედეგად გამოვლინდა ალავერდის მონასტრის XI ს. მარნის ადგილმდებარეობა. მის საფუძველზე აიგო ახალი მარანი, რომლის ნაგებობამ 2010 წ. არქიტ. პრემია დაიმსახურა. მარნის განახლებამ სათავე დაუდო ალავერდის ეპარქიაში ტრადიციულ სამონასტრო მეურნეობის აღორძინება-განვითარებას. მონასტრის მარანში ტრადიციული კახური ტექნოლოგიით დაყენებულმა ქვევრის ღვინომ მრავალი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. ალავერდის მარნის ღვინის აღიარებაა ის, რომ ალავერდის ეპარქიამ და მონასტერმა 2010 წ. უმასპინძლა ღვინის მსოფლიო კონგრესის მონაწილეებს, ხოლო 2011 წ.ალავერდის ეპარქიაში ჩატარდა ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი. მონასტერში არსებობს საფუტკრე მეურნეობა „თაფლიკაცი“, რომელიც სასწავლო ცენტრის ფუნქციასაც ასრულებს. აქვე გაშენებულია ხეხილისა და ზეთისხილის ბაღები. ეპარქიაში, ალავერდის გარდა, სამონასტრო ცხოვრება განახლდა ახალი შუამთის დედათა მონასტერში. აქ მონაზვნები ეწევიან მთარგმნელობით საქმიანობას, აქვთ ხელსაქმის სახელოსნო, ასევე სამონასტრო მეურნეობა.

ეპარქიის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ტრადიციული ქართული გალობის აღორძინება. 2002 წ. 16 თებერვალს აბბა ალავერდელი დავითის ლოცვა-კურთხევით წმ. გიორგის საკათედრო ტაძარში 300-წლიანი წყვეტის შემდეგ ტრადიციული გალობით შესრულდა ღვთისმშობლის პარაკლისი. ბოლო ოცწლეულის განმავლობაში ალავერდის ეპარქიაში ჩამობრძანდა ბევრი ხატი: საგანგებოდ ალავერდის მონასტრისთვის ათონის მთაზე დაიწერა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმ. მოციქულების ხატები; აბბა ალავერდელმა დავითმა ბულგარეთიდან ჩამოაბრძანა პეტრიწონის ღვთისმშობლის უძველესი ქართული ხატის პირი; მისივე დაკვეთით კიევ-პეჩერის ლავრაში (უკრაინა) ალავერდის ეპარქიისთვის დაიწერა იქ მოღვაწე წმ. მამების ხატი, რომლის სანაწილეში 113 წმ. ნაწილია ჩაბრძანებული; 2011 წ. შეიქმნა მონასტრის დამაარსებლის, წმ. იოსებ ალავერდელის ხატი; 2005 წ. შუამთის მონასტერში დააბრძანეს ხახულის ღვთისმშობლის ხატის პირი – დედნის კანონიკური ასლი (ახლად დაწერილი ხატი 40 დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულ ძვ. ხატის პირს იყო მიყრდნობილი). 1997 წლიდან ეპარქია ეწევა საგამომცემლო საქმიანობას (იბეჭდებოდა ჟურნალები „მცირე სამწყსო“ და „მოყვასი“, გაზეთი „გზა და ჭეშმარიტება“). ამჟამად გამოიცემა ჟურნალი „ალავერდი“. ალავერდის ეპარქიაში ფუნქციონირებს წმ. ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის საეპარქიო-საჯარო სკოლა. სულიერი ცხოვრება აღორძინდა თუშეთში, სადაც 1994 წ. მიტროპოლიტმა დავითმა სოფელ ომალოში აკურთხა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელშიც პერიოდულად (სეზონურად: ზაფხულში) აღესრულება წირვა-ლოცვა. ტრადიციულად აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი 28 აგვისტოს მარიამობის სადღესასწაულო მსახურებას ომალოს მიძინების ეკლესიაში აღასრულებს. გარდა ამისა, მთათუშეთში ძველ სალოცავებთან აღიმართა ჯვრები (მათ შორის ერთი – ზღვის დონიდან 3 ათასი, ხოლო მეორე – 2 400 მ სიმაღლეზე). ალავერდის ეპარქიაში ოცი მოქმედი ტაძარია, მსახურობს 19 მღვდელმსახური და 25 მონაზონი. 2006 წ. ეპარქიაში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ალავერდის ეპარქიის ისტორიას და გამოიცა სამეცნიერო კრებული „ალავერდის ეპარქიის ისტორიის ფურცლები“.

  • დეკანოზი გ. გუგუშვილი
  • მონაზონი მარიამი (ტოროშელიძე)

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები