ხაშმის სამების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაშმის სამების ეკლესია

ხაშმის სამების ეკლესია (კაწარეთის სამება) – ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაშმში, მდინარე იორის მარცხენა ნაპირას. მიეკუთვნება V-VI საუკუნეების მიჯნას. იგი ფეოდალური ხანის კახეთში საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენდა. კომპლექსის ძირითადი ნაგებობებია: სამების ტაძარი, ეპისკოპოსის სასახლე, სამრეკლო, მარანი და გალავანი.

ტაძარი ბაზილიკის ტიპის სამნავიანი გეგმით წაგრძელებული მართკუთხა ნაგებობაა, რომელსაც შესასვლელი სამი მხრიდან აქვს. აფსიდით დასრულებული შუა ნავის ორივე მხარეს, მთელ სიგრძეზე, სვეტებზე ამოყვანილია 5-5 ნალისებრი ფორმის თაღი. საშენ მასალად გამოყენებულია უხეშად გათლილი ნატეხი და რიყის ქვა, თაღებისათვის – სუფთად გათლილი ქვის კვადრები. ტაძარში შემონახულია XVI საუკუნის დასაწყისის უნიკალური ფრესკები. XIV-XV საუკუნეებში ახალი მომწვანო-მოვარდისფრო ქვიშაქვის კვადრების პერანგით შემოსეს. აღმოსავლეთის ფასადზე, შუა სარკმლის თავზე, დიდი ქვის ჯვარია გამოყვანილი. ტაძრის ეზოში შესასვლელი გალავანში ჩართული საცხოვრებელი კოშკის ქვედა სართულშია მოქცეული. ქვის გალავანს შესასვლელი გალავნის კედელში ჩართული საცხოვრებელი კოშკიდან აქვს. გადმოცემის თანახმად ხაშმის ეკლესია, სავარაუდოდ, მეფე ვახტანგ გორგასლის მიერაა აშენებული. დროთა განმავლობაში ტაძარი რამდენიმეჯერ არის გადაკეთებული. ამჟამად იქ ფუნქციონირებს მამათა მონასტერი.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები