ანდაზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:23, 17 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანდაზა – ფოლკლორის მცირე ფორმის ნაწარმოებია, აზრის ღრმად და მოკლედ გამომხატველი ფორმულა.

მსგავსად არაკისა, სემანტიკური ორმაგობა-ნართაულობა ანუ გადატანითი მნიშვნელობა ახასიათებს. ანდაზა ერთ მოტივზეა აგებული. ანდაზას გადატანითი მნიშვნელობა ცხოვრების მრავალ მხარეს ახასიათებს. ანდაზას შესრულების გარკვეული წესი არა აქვს. ანდაზა სასაუბრო მეტყველებაშია დამკვიდრებული.

ტერმინი ანდაზა წარმოშობით ქართული არაა. სპარსული ანდაზე და ანდაზ გამოყენებულია ნიუანსებით. ანდაზე ნიშნავს საზომს, მაგალითს; ანდაზ – მიხვედრას. მაგალითის, საზომის, მიხვედრის აღმნიშვნელი ტერმინი ანდაზა ქართულში მე-17 საუკუნის შემდეგ უნდა იყოს დამკვიდრებული. ანდაზა ძველი ქართული დამწერლობის მიხედვით აღინიშნება ტერმინებით – არაკი, იგავი (სულხან-საბა ორბელიანი). ანდაზების შემსწავლელ მეცნიერებას – პარემიოლოგია ეწოდება ქართული ხალხური ტერმინოლოგიით ანდაზს ეწოდება „აზრის ქობი“, „სიტყვის მუხლი“, „სიტყვის ძალა“, „გლეხის იარაღი“.

ედ. ტეილორმა მართებულად უარყო პოეტური ფოლკლორის ამ ჟანრის არსებობა ველურობის დაბალ საფეხურზე. ანდაზაში განზოგადებულია ცხოვრებაზე ხალხის დაკვირვება. ანდაზა შექმნილია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გარემოში. ანდაზების ერთი ჯგუფი ცხოვრებაზე დაკვირვების უშუალო შედეგია ქართული ა-ს ამგვარ ჯგუფში დიდი რაოდენობითაა სოფლის მეურნეობასთან დაკავში�რებული ნათქვამები „ამინდი მუშაობდა, კაცი თავისას იკვეხდაო“; „ხარი ხართან დააბიო, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო“. ანდაზაში ასახულია წარსულში სოციალური დიფერენციაცია („მდიდრისას კატას ტიროდნენ, ღარიბისას კაცსაც არაო“).

ანდაზების დიდი ჯგუფი ისტორიული სინამდვილის გამოძახილია. ანდაზა მრავლადაა შესული ლიტერატურულ ძეგლებში, მას უხვად იყენებდნენ შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე და სხვ. ანდაზა მეტწილად ტროპია. ანდაზა შედგება ორი ნაწილისაგან, ნაწილები ხშირად ერთმანეთთან რითმითაა დაკავშირებული („ააფრინე ალალიო, რაც არ არი, არ არიო“, „ვერიდებოდი ღოლოსა, დამხვდა სოფლისა ბოლოსა"), ანდაზას ახასიათებს ალიტერაცია („აზრუმს არ ვყოფილვარ, აზრით კი ვიცი“). ქართული ანდაზების ერთ-ერთი პირველი კოლექციონერთაგანი დიმიტრი ბაგრატიონია დ. ჩუბინაშვილმა ანდაზები შეიტანა თავის „ქართულ ქრესტომათიაში“ (1846). თარგმნილია ისინი უცხო ენებზეც.

ქ. სიხარულიძე

ლიტერატურა

  • პ. უმიკაშვილი, ქართული ანდაზები, 1876;
  • ხალხური სიტყვიერება, 1, ექვთ. თაყაიშვილის რედ, 1916;
  • ქართული ხალხური ანდაზები შეკრებილი დ. თურდოსპირელის და ემ. გაბრიჩიძის მიერ, 1935;
  • თ. ბეგიაშვილი, ქართული ფოლკლორი, 1940;
  • ლ. მეტრეველი, ანდაზები, 1941;
  • ანდაზები შედგენილი ნინო ნაკაშიძის მიერ, 1953;
  • ალ. ღლონტი რჩეული ქართული ანდაზები და სიტყვის მასალები, 1957;
  • მისივე ნარკვევები, 1955;
  • ანდაზები პ. წერეთლის შედგენილი, 1951;
  • მიხ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1956
  • ნ. ქადაგიძე და ქ. დეკანოზიშვილი, გერმანული ანდაზები ქართული შესატყვისით, 1951;
  • ინგლისური და ქართული ანდაზები და ხატოვანი თქმები, ი. გვარჯალაძისა და მ. ქარჩავასი, 1951;
  • ფ. ერთელიშვილი, ანდაზის ცნების საკითხისათვის, „მნათობი“, 1957;
  • ქს. სიხარულიძე, ანდაზები, „ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება 1, 1960;
  • ფ. ზანდუკელი ანდაზების გენეზისის საკითხისათვის, მნათობი, 1958 წ. №2;
  • მისივე, ანდაზისა და სიტყვის მასალის ურთიერთობისათეის, მაცნე, 1962, №8.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები