ბადურაშვილი სიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:56, 28 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიმონ ბადურაშვილი

ბადურაშვილი სიმონ (სიკო) – (1889 1916) ფსევდონიმი – კიკნა-ფშაველა. ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ჟებოტაში (თიანეთი); დაამთავრა თიანეთის ორკლასიანი და თელავის სასულიერო სასწავლებლები. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში. ვაჟა-ფშაველას დახმარებით შევიდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში. იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” სტიპენდიატი. 1913 წელს სწავლა გააგრძელა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. „თავისუფალის” ფსევდონიმით ტიციან ტაბიძის ხელნაწერ ჟურნალ „შუქში” აქვეყნებდა ლექსებს.

1910 წლიდან მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. მისი შემოქმედების მთავარი თემა იყო სამშობლო და სიცოცხლე. მან 200 ლექსის, ექვსი პოემის, ათი მოთხრობისა და რამდენიმე სტატიის დაწერა მოასწრო. მწერლის ხელნაწერები და საოჯახო ბიბლიოთეკა დაკარგულია. დაიღუპა ტრაგიკულად, 26 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


* * *
არა მყავს ქვეყნად მე მეგობარი,
არა მყავს ქვეყნად თანამგრძნობელი,
ჩემი სიცოცხლე სიკვდილი არი,
ჩემთვის კუბოა მთელი სოფელი.
დაირღვა ჩემთვის ოცნების მღვიმე,
ხიდი ჩამენგრა ცხოვრების გზაზე,
მარტოსა მტანჯავს ბედის სიმძიმე,
სული ქვითინებს საფლავის ქვაზე.
მშხამვენ გველები კიდითი-კიდე,
გლოვად მიქციეს დღესასწაული,
თუმცა წამებით თვითვე ვიყიდე
კაცობრიობის დანაშაული.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები