გლოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:34, 26 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გლოლა

გლოლა – მაღალმთიანი სოფელია საქართველოში, რაჭაში, რაჭული ხალხური რეწვისა და ხელოსნობის მნიშვნელოვანი ცენტრი (ონის რ.). გაშენებულია მდ. ჭანქახის ორივე სანაპიროზე.

ხალხური გადმოცემა ამ ტოპონიმის წარმოშობას სიტყვა გლოვას უკავშირებს. ამგვარი ეტიმოლოგიის შექმნას, ჩანს, იმანაც შეუწყო ხელი, რომ აქაური ადამიანის სადაურობის აღსანიშნავად მოსალოდნელი გლოლელი-ის ნაცვლად გლოველ-ი გვხვდება. „გლოველი კაცი“, „გლოველები“. სადაურობის მაჩვენებელი ფორმა გლოველი გვარადაც დასტურდება.

ტოპონიმ გლოლის წარმოშობის თაობაზე ადგილობრივ მოსახლეობაში რამდენიმე ლეგენდაა გავრცელებული და ყოველ მათგანს სიტყვა გლოვას უკავშირებენ: „მომკვდარვიყო ვიღაცა და გლოვდა, ასე იგი, გლოვდა იმ მკვდარსა და დაარქვა გლოლა. აი, გლოლა და გლოვა ხო ეს ერთი გამოდის და ასე დაარქვა (=დაერქვა) გლოლა. ვარაუდი ტოპონიმ გლოლის გლოვა სიტყვისაგან მომდინარეობის თაობაზე მოსახლეობაში ისე ძლიერ არის ფეხმოკიდებული, რომ ხშირად შეიძლება სოფლის სახელად გლოვა ფორმაც კი გაიგონოთ: „ბუბას საყდარი ააგეს. ადგეს მერმე ბუბიით და ქვე ჩამოვიდეს აქა, გლოვას“. „თამარ მეფე მოსულა რაჭას, დიდი ციხეა აქ და ხალხს შეკითხებია, რო რატომ ხართ დაღონებულიო? – კაცი მოგვიკვდაო და იმას ვგლოვობთაო. დაუთქვია მას მერე თამარ მეფეს სოფლისთვი გლოვა“. (სარდიონ დიმიტრის ძე გოგოჩიშვილი). ზოგიერთის გადმოცემით სოფლის „უმანდელი“ მცხოვრებლები ძალდატანებით გადმოუსახლებიათ აქ და ხალხს გლოვა გამოუცხადებია, სოფლისთვისაც გლოვა შეურქმევიათ, დროთა განმავლობაში კი გლოვა გლოლად გადაკეთებულა.

ტოპონიმ გლოლის წარმოშობით დიდიხანია დაინტერესებულან სპეციალისტები. სვანეთის დიდი მოამაგე ეგნ. გაბლიანი თვლიდა, რომ გლოლა სვანური გოლა სიტყვისაგან უნდა გვქონოდა მიღებული. მისი ვარაუდით გლოლა (← გოლაჲ) ნიშნავდა „ჩამოწოლილი ანუ ფერდობი (მოფერდო) ადგილი“.

ტოპონიმ გლოლის გნოლ- სიტყვისაგან მომდინარეობის შესაძლებლობას მიუთითებს რ. შამელაშვილი. რა შეიძლება ითქვას ამის თაობაზე? თვითონ სოფელ გლოლაში არსებულ იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მაცხოვრის ხატზე სოფლის სახელად გლონა იკითხება: წ(მიდაო გ(იორგი გლონისაო… გლონაისა მოიქედა შვილისა გი(ორ)გ(ი)სა პ(ა)ტრო…“ მაგრამ ეს ფაქტი მხოლოდ იმას უნდა გვიდასტურებდეს, რომ აღნიშნული ეკლესიის ხატზე წარწერის შესრულების დროს ენაში უკვე მომხდარი ყოფილა ლ||ნ თანხმოვანთა დისიმილაცია: გლოლისა – გლონისა. გნოლი აქ არაფერ შუაა. შედარებით უფრო სარწმუნოდ გვეჩვენება ტოპონიმ გლოლის ზანური გოლ- („მთა“) სიტყვასთან გენეტური კავშირი: გოლ-არ-ეფ-ი „მთიულები“, გოლ-ურ-ი „მთიელი“; გოლური იგანს „მთის ქარი“, „მთური“ ქრის“ამ ვარაუდის მიხედვით თითქოს შეიძლება იმის დაშვება, რომ გლოლა (– გოლა) გავიგოთ როგორც მთური დასახლება, მთის სოფელი, მთიელების სოფელი.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები