თანხმოვნები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თანხმოვნები – კონსონანტები (ლათ. consonans, ნათ. ბრ. consonantis – თანხმოვანი), სამეტყველო ბგერათა კლასიფიკაციისათვის გამოყენებული კატეგორია, ბგერათა კლასი, რომელიც უპირისპირდება მეორე კატეგორიას – ხმოვანთა კლასს. თანხმოვნები შეიძლება განისაზღვროს როგორც ფონეტიკური, ისე ფონოლოგიური ტერმინებით.

ფონეტიკურად თანხმოვნები განისაზღვრება როგორც სამეტყველო ბგერები, რომელთა წარმოქმნისას, ხმოვნებისაგან განსხვავებით, საწარმოთქმო აპარატის სხვადასხვა ნაწილში ხდება სხვადასხვაგვარად შექმნილი დაბრკოლების გადალახვა.

არტიკულაციური თვალსაზრისით, თანხმოვნების დაჯგუფება ემყარება რიგ სპეციფიკურ მახასიათებლებს:
1. იმის მიხედვით, თუ სად, საწარმოთქმო აპარატის რომელ ნაწილში, იქმნება დაბრკოლება და, შესაბამისად, რომელი აქტიური ორგანო მონაწილეობს მის შექმნაში, ქართულში განსხვავებულია შემდეგი ლოკალური რიგის ჰომორგანული თანხმოვნები; ლაბიალური, ანუ ბაგისმიერი, ენისმიერი თანხმოვნებიდენტალური, ანუ კბილისმიერი; ალვეოლარული, ანუ ნუნისმიერი; ველარული, ანუ უკანაენისმიერი; ფარინგალური, ანუ ხახისმიერი; ლარინგალური, ანუ ხორხისმიერი.
2. იმის მიხედვით, თუ რა სახის დაბრკოლება ეღობება ჰაერნაკადს ზესადგამ მილში, განსხვავებულია დაბრკოლებათა რაგვარობა. ქართულში თანხმოვნებისთვის გარჩეულია დაბრკოლებათა სამი სახის რაგვარობა: ხშულობა, ნაპრალოვნობა.
3. სახმო სიმების მოქმედების მიხედვით განსხვავდებიან მჟღერი და ყრუ.

აღნიშნული ნიშნებით ჩქამიერი თანხმოვნები ლაგდებიან ჰომორგანულ ხშულთა და აფრიკატთა სამეულებად და ნაპრალოვანთა წყვილეულებად (გამონაკლისია ცალად დარჩენილი ნაპრალოვნები – ლაბიალური ვ და ლარინგალური ჰ, ერთი მხრივ, და ველარულ ნაპრალოვანთა სამეული, მეორე მხრივ). თითოეული რიგი შეიცავს მჟღერ და ყრუ წევრებს (სამეულები – ფშვინიერსა და აბრუპტივს, წყვილეულები – ფშვინვიერს). სხვადასხვა ლოკალური რიგის მჟღერები და ყრუები ლაგდებიან ჰომოგენური, ჰეტერორგანული თანხმოვნების სერიებად.
4. ბგერათა წარმოთქმისას ცხვირის ღრუს მონაწილეობის მიხედვით თანხმოვნები იყოფიან ორალურ, პირისმიერ და ნაზალურ თანხმოვნებად.

აკუსტიკური მახასიათებლებიდან თანხმოვნების კლასიფიკაციის დროს მხედველობაში მიიღება ხმის მონაწილეობის ხარისხი. ამ ნიშნით თანხმოვნებს აღვიქვამთ ტონის ან ჩქამის სახით. შესაბამისად გამოიყოფა თანხმოვნების ორი ჯგუფი: სონორები – ლ, რ, მ, ნ და ჩქამიერები – ყველა დანარჩენი თანხმოვანი. ფონოლოგიური თვალსაზრისით თანხმოვანი (ან თანხმოვანთა ჯგუფი) განხილულია როგორც მარცვლის განაპირა (მარგინალური) პერიფერიული წევრი, რომელიც არ არის აუცილებელი მარცვლის შესაქმნელად.

ანალიზის ფონეტიკურ და ფონოლოგიურ დონეთა აღრევის ასაცილებლად ზოგჯერ ტერმინი „თანხმოვანი“ („კონსონანტი“) შენარჩუნებულია ფონოლოგიური დონის ერთეულისათვის, ხოლო ფონეტიკური დონის ერთეულისათვის შემოთავაზებულია ტერმინი კონტოიდი (კ. ლ. ჰაიკი, ლ. იელმსლევი). არტიკულაციური და აკუსტიკური ნიშნებით დაჯგუფება წარმოადგენს პარადიგმატიკურ (სისტემაში დაკავებული ადგილის მიხედვით) კლასიფიკაციას, რომელიც ქართული ენის თანხმოვანი ფონემებისათვის შემდეგ სახეს იღებს (იხ. ცხრილი).

Cxrili tanxmovnebi.JPG


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები