გორის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გორის ციხე

გორის ციხე - ისტორიული ციხე-სიმაგრე გორში, მაღალ კლდოვან ბორცვზე.

არქიტექტურული ძეგლი დგას ქალაქის ცენტრში, კლდოვან ბორცვზე. სიმაგრის დასავლეთის ბოლო მონაკვეთი გრძელდებოდა დღეისათვის მისგან ასეული მეტრით დაშორებული მდინარეების მეჯუდისა და ლიახვის შესართავამდე ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ I ათასწლ. უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის, გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. ციხის მიწისზედა მნიშვნელოვანი ნაწილი განვითარებულ ფეოდალურ ხანას განეკუთვნება, ნაწილი – XVII ს. შუა ხანებს.

გორის ციხე პირველად მოხსენიებულია VII ს. ამბებთან დაკავშირებით (ჯუანშერი). იგი ნახსენებია გვიანდ. ფეოდალური ხანის მრავალ წყაროშიც. ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაგრე იყო. მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე.

გორის ციხეზე სარესტავრაციო სამუშაოები 1951-55 წწ. ჩაატარა სპეციალურ. სამეცნ.-სარესტ. საწ. სახელოსნომ (ავტორები: რ. გვერდწითელი, ა. გოგელია).

გორის ციხე შედგება ორი დიდი მონაკვეთისაგან: ზედა პლატოზე მდებარე ოვალური ციტადელისა (180X40 მ; კედლების სიმ. შიგნიდან 1-3 მ, გარედან 10 მ.; კედლის სისქე საშუალოდ 2 მ) და დასავლეთით, ფერდობზე ნაგები „ცხრაკარასაგან“. ციტადელის აღმოსავლეთ მონაკვეთში მცირე ეკლესიის ნანგრევებია.

ციხე ძირითადად ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ადრინდ. ფენებში თლილი ქვაა ნახმარი. აქა-იქ გამოყენებულია აგურიც. ნაგებობას ეტყობა მრავალჯერ გადაკეთების კვალი. ძირითადი ნაწილი აღდგენილია 1632-33 წწ როსტომ მეფის მიერ. დღევანდელი სახე ციხემ 1774 წ. მიიღო, როცა იგი საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801 წ.) პირველ წლებში გორის ციხე კიდევ ასრულებდა თავის ფუნქციას – აქ რუსეთის არმიის გრენადერთა ბატალიონი იდგა. შემდგომში მან დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა. 1920 წ. მიწისძვრამ დაანგრია ციხის ზედა ნაწილი და ეკლესია. ციხის შემორჩენილ ქვედა ყრუ კედლებს გასამაგრებლად სხვადასხვა დროს გარედან მიაშენეს კონტრფორსები. ციხის თავდაპირველი შესასვლელი არ ჩანს. XVII—XVIII სს.-ში შესასვლელი სამხრეთ კედლის შუაში იყო. აქ იდგა კოშკი, რომლისგანაც შემორჩენილია მხოლოდ კამაროვანი ჭიშკარი. ციხეს დასავლეთით ჰქონდა გვირაბი მდინარიდან წყლის ამოსაზიდად და წყალსაცავი.

უკეთესად არის შემორჩენილი ციხის დასავლეთი მონაკვეთი – „ცხრაკარა“

(ა). იგი შედგება ორი პარალელური კედლისგან (მანძილი კედლებს შორის საშუალოდ 15 მ), რომლებიც ფერდობს ჩაუყვება და ქვემოთ ნახევარწრედ იკვრება. ციხის ეს მონაკვეთი კედლებით შვიდ არათანაბარ ნაწილად არის გაყოფილი, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება ამ კედლებში გარდი-გარდმო დატოვებული გასასვლელბით, რაც აადვილებდა თითოეული ნაწილის ცალ-ცალკე დაცვას. გასასვლელებში, ფერდობის დაქანების გამო, საფეხურებია, „ცხრაკარას“ გრძივი კედლები განსხვავებულია. ჩრდილოეთის განიერი კედელი გამაგრებულია კონტრფორსებით. კედელს ზედა ნაწილში გასდევს საფეხურებიანი საბრძოლო ბილიკი. მოპირდაპირე მხარეს (სამხრეთით) ორი სამსართულიანი ნახევარწრიული კონტრფორსებიანი კოშკი დგას. კოშკების პირველი სართული საცხოვრებელია, კედლები ყრუა. მეორე სართული საცხოვრებელიც არის და საბრძოლოც. კედლებში გაჭრილია სათოფურები. მესამე სართული ქონგურებით შემოფარგლული საბრძოლო ბანია.

(ბ) ციხის ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი დგას გორის ციხის აღმოსვლეთ მონაკვეთში. თარიღდება XI-XII სს-ით. ეკლესია დარბაზულია (12X7 მ), ნაგებია თლილი ქვით. შენობა დაზიანებულია: მთლიანად დანგრეულია კამარა და სამხრეთის კედელი. შემორჩენილია აღმ., დას. და ჩრდ. კედლების ფრაგმენტები. 1956 წ სპეც. სამეცნ.-სარესტ.-საწ. სახელოსნომ (ავტორი ა. გოგელია) ეკლესიის ჩრდ. კედელი შიგნით და გარეთ სწორკუთხა თლილი ქვით მოაპირკეთა.

ეკლესიას შესასვლელი ჩრდილოეთი კედლის დასავლეთ ნაწილში აქვს. კარი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან – თაღოვანი. შემორჩენილია ნახევარწრიული აფსიდის ჩრდილოეთ ნაწილი და მისი ნახევარწრიული ნიში. ეკლესია გადახურული ყოფილა ცილინდრული კამარით, რომლის საბჯენი თაღი ჩრდილოეთით გრძივი კედლების წყვილ პილასტრებს ეყრდნობოდა. ამავე კედელზე შემორჩენილია მაღალი დეკორატიული თაღის ფრაგმენტები.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები