ელისი ალბერტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელისი ალბერტ

ელისი ალბერტ - Ellis Albert, Эллис Альберт, 1913-2007

ამერიკელი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, სექსოლოგი. რაციონალურ-ემოციური ფსიქოთერაპიის ავტორი. განათლება მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტში კლინიკური ფსიქოლოგიის განხრით. შემდგომში სამეცნიერო წრთობა ფსიქოანალიზში განაგრძო კ. ჰორნის ინსტიტუტში. მუშაობდა ნიუჯერსის შტატის მთავარ ფსიქოლოგად და ეწეოდა კერძო ფსიქოანალიზურ პრაქტიკას ნიუ-იორკში. თანდათანობით ჩამოუყალიბდა კრიტიკული დამოკიდებულება ფსიქოანალიზის მიმართ და 1950 წლებიდან დაიწყო საკუთარი ფსიქოთერაპიული მიდგომის ჩამოყალიბება. ის ამჟამად, ა. ბეკის სისტემასთან ერთად, განიხილება ფსიქოთერაპიაში რაციონალურ-ბიჰევიორისტული მიმართულების პირველ ვარიანტად. 1959 წელს დააფუძნა რაციონალურ-ემოციური თერაპიის ინსტიტუტი და დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მის სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას. 1950-1960 წლებში დაწერა მრავალი სამეცნიერო და პოპულარული ნაშრომი სექსოლოგიაში. ამიტომ მიჩნეულია ამერიკაში ე.წ. „სექსუალური რევოლუციის” ერთერთ ყველაზე აქტიურ პროპაგანდისატად და ცნობად სახედ.


რაციონალურ-ემოციური ფსიქოთერაპიის სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ ავტორი კოგნიციურ და ემოციურ სფეროებს შორის მჭიდრო კავშირის დაშვებიდან ამოდის. საზოგადოდ კოგნიტივიზმში ქცევა უმთავრესად კოგნიციურ-აფექტური და კოგნიციურ-მოტივაციური წარმონაქმნების საშუალებით ანალიზდება. ელისი ამ კავშირს სხვადასხვაგვარად ავითარებს. ჯერ ერთი, იგი გამოყოფს ფსიქიკის ერთეულს, რომელშიც ეს კავშირი რეალურად ხორციელდება და რომელიც უშუალოდ განსაზღვრავს ქცევის ხასიათს. ამ ერთეულს ქმნის რაციონალური და ირაციონალური დისპოზიციური განწყობები/ატიტუდები თუ რწმენები/მიჩნევები. რაციონალურ განწყობათა სისტემა ნორმალურ ფსიქიკაში მოქმედებს და პოტენციურ, შესაძლებელ ქცევებს გულისხმობს; კერძოდ, მოვლენების ამა თუ იმ მიმართულებით განვითარების სურვილს იმ უპირატესობათა გამო, რომლებიც ასეთ განვითარებასთანაა დაკავშირებული. ეს სისტემა ადამიანს მთლიანად ან დიდი ხნით არ ეუფლება და არ აფერხებს სხვა მიზნების განხორციელებას. ირაციონალური განწყობები ხისტ კოგნიციურ-ემოციურ კავშირებს გამოხატავს. მათ მკაცრი მოთხოვნის ხასიათი აქვს. ამიტომ ისინი, როგორც წესი, რეალობის მიმართ არაადეკვატურნი არიან. ავადმყოფური ქცევა ამ ირაციონალურ განწყობებს თუ რწმენებს უკავშირდება.

კოგნიციურ-ემოციური კავშირების კიდევ ერთი მოაზრებაა შეხედულება „ცივი”, „თბილი” და „ცხელი” კოგნიციების შესახებ. კოგნიციების „ტემპერატურა” მათთან დაკავშირებული გრძნობების სიძლიერეს გამოხატავს. მაგ., იმ მამაკაცის კოგნიცია, ვისი ცოლიც გაბრაზებულია, შეიძლება სამგვარი „ტემპერატურული რეჟიმით” (მეტაფორით) გამოიხატოს: ერთია ცივი - „მე ვხედავ, რომ ჩემი ცოლი ფიცხია”; მეორე თბილი - „მე არ მომწონს მისი სიფიცხე და მაღიზიანებს მისი ქცევა”, ხოლო მესამე ცხელი - „მე სრულიად ვერ ვიტან მის საქციელს, იმას, რომ შეურაცხყოფას მაყენებს; რაში მჭირდება ასეთი, მომცილდეს/დავცილდები/მოვკლავ!”. დაბოლოს, როგორც ფსიქოთერაპევტი, ელისი მიიჩნევს, რომ ცვლილება კოგნიციებში დაკავშირებულია ცვლილებებთან ემოციებში. შესაბამისად, კოგნიციური კომპონენტების მკურნალობა ემოციური კომპონენტების მკურნალობას გულისხმობს და, საბოლოოდ - ქცევისას.

ელისის მიხედვით, ფსიქოთერაპევტის ამოცანაა, გამოავლინოს ირაციონალური განწყობები/ატიტუდები, გაამახვილოს მათზე პაციენტის ყურადღება, მიიღოს აუცილებელი ზომები მათ შესაცვლელად და ადეკვატური, რაციონალური კოგნიციების ჩამოსაყალიბებლად. შემდეგი ამოცანაა დადებით ცვლილებათა განმტკიცება. რაციონალურ-ემოციური ფსიქოთერაპია არსებითად, ეკლექტიკურია; ის გულისხმობს განსხვავებული მეთოდების გამოყენებას კოგნიციურ, ემოციურ და ქცევით დონეზე. ამ მიზნით პაციენტს სხვადასხვა დავალებებს აძლევენ და სთხოვენ, შეასრულოს გარკვეული მოქმედებები; მიმართავენ ლოგიკურ არგუმენტაციას, დარწმუნებას, იუმორს, დაცინვასაც კი. ეს უკვე ფსიქოთერაპიული ტექნიკის საკითხია, ტექნიკისა, რომელიც კოგნიციური მიმდინარეობის ფარგლებში დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები