ნორმანდიის სადესანტო ოპერაცია 1944
ნორმანდიის სადესანტო ოპერაცია 1944 - (6 ივნისი – 24 ივლისი), II ფრონტის გახსნა II მსოფლიო ომის დროს. ინგლის-ამერიკის საექსპედიციო ძალების მიერ ლამანშის სრუტის გადალახვა, ნორმანდიაში გადასხდომა და სტრატეგიული პლაცდარმის ხელში ჩაგდება, საიდანაც დაიწყო შეტევითი ოპერაცია ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში.
ნორმანდიის სადესანტო ოპერაცია მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო ამ სახის ოპერაციებს შორის. დესანტის ძალები ითვლიდნენ 2,9 მლნ. კაცს, 6 ათ. ტანკსა და თვითმავალ საარტილერიო დანადგარს, 15 ათ. ქვემეხსა და ნაღმსატყორცნს. დესანტირებას უზრუნველყოფდა დაახლოებით 7 ათ. გემი, 11 ათ. საბრძოლო და 2,3 ათ. სატრანსპორტო თვითმფრინავი, 2,6 ათ. პლანერი.
მიუხედავად ოპერაციაში მონაწილე უზარმაზარი ძალებისა, მიღწეულ იქნა მოულოდნელობა და მოუმზადებელ სანაპიროზე გადასხდომის პროცესში ფლოტის, ავიაციისა და სახმელეთო ჯარების შეთანხმებული მოქმედებები.