რაიხი ვილჰელმ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:16, 27 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაიხი ვილჰელმ

რაიხი ვილჰელმ - Reich Wilhelm, Райх Вильгельм, 1897-1957

ავსტრო-ამერიკელი ექიმი, ფსიქოანალიტიკოსი, ნეოფროიდიზმის წარმომადგენელი, სხეულებრივი ან ორგანული ფსიქოთერაპიის ავტორი. იყო ზ. ფროიდის პირველი ასისტენტი ვენის ფსიქოანალიზის კლინიკაში, მოგვიანებით - მისი ვიცედირექტორი, აგრეთვე პირველი სასწავლო ფსიქოანალიზური ინსტიტუტის რექტორი. მარქსიზმისა და ფროიდიზმის გავლენით გაატარა პრაქტიკული ღონისძიებები (დააფუძნა სექსუალური კლინიკები მუშებისთვის) და გამოთქვა სექსუალურ რევოლუციასთან დაკავშირებული მოსაზრებები. 1933 წელს გამოსცა ცნობილი წიგნი „ფაშიზმის მასობრივი ფსიქოლოგია” - ნაციზმის ფსიქოლოგიის და ფსიქოპათოლოგიის პირველი დიდი მეცნიერული გამოკვლევა. წიგნი გერმანიაში აიკრძალა. 1933-1939 წლებში ცხოვრობდა დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში. მას დევნიდა გერმანიის მთავრობა, მძაფრად აკრიტიკებდა როგორც ორთოდოქსული ფსიქოანალიზი, ისე მარქსიზმი. 1939 წელს გადასახლდა აშშ-ში. ნიუ-იორკში დააარსა ორგონის ინსტიტუტი, სადაც ბიოენერგეტიკის (ბიოლოგიური ენერგიის) საკითხებს იკვლევდა. 1950 წელს შექმნა ამ ენერგიის აკომულატორი სხვადასხვა დაავადებათა (კიბო, სტენოკარდია, ასთმა, ეპილეფსია და სხვა) სამკურნალოდ. 1954 წელს სპეციალურმა უწყებამ ოფიციალურად აკრძალა ამ ხელსაწყოს გამოყენება. რაიხი ამას არ დაემორჩილა და დაპატიმრებულ იქნა. გარდაიცვალა ციხეში გულის შეტევით.

რაიხის ადრინდელ ნაშრომების მთავარი საკითხია ხასიათი, რომელსაც ავტორი უკავშირებდა ცნებას „ფსიქოლოგიური ან პიროვნული ჯავშანი”. ხასიათი პიროვნებისთვის ფსიქოლოგიური ჯავშნის ფუნქციას ასრულებს; იცავს მას მრავალრიცხოვანი ინსტინქტური, უპირატესად სექსუალური იმპულსებისაგან. ხასიათში მოცემული დაცვითი რეაქციები მჟღავნდება შესაბამისი მიმიკის, ჟესტების, პოზების სახით. რაიხს მიაჩნდა, რომ სხეულებრივი გამოვლინებები არასდროს ტყუის და ამიტომ უფრო მეტს გვეუბნება პაციენტის ხასიათზე, ვიდრე მისი სიტყვები {სხეულის ენა}. ემოციების დათრგუნვის უნივერსალური მექანიზმი „კუნთური რიგიდულობა ანუ კუნთური ჯავშანია”. ამ კუნთური დაცვითი რეაქციების შემცირება ან მოხსნა, ფსიქოლოგიური მასალის ანალიზთან ერთად, თერაპიის პროცესში ათავისუფლებს ლიბიდოს ენერგიას და შესაბამის ემოციებს, რომლებიც უკვე ადრეულ ასაკში იყო ბლოკირებული კუნთური ჯავშნით.

მოგვიანებით რაიხმა ჩამოაყალიბა შეხედულება სასიცოცხლო ენერგიის ან ორგანული ენერგიის შესახებ. ესაა ყველა ორგანიზმისთვის დამახასიათებელი ბიოენერგეტიკა (ტერმინი „ბიოენერგეტიკა” და შესაბამისი თეორია რაიხის მოწაფეს, ალექსანდრ ლოუენს ეკუთვნის). საბოლოოდ რაიხმა ფსიქოთერაპია კუნთური ჯავშნის მიერ ბლოკირებული ორგანული ენერგიის გათავისუფლების პროცესად მიიჩნია. ფსიქოთერაპიამ უნდა უზრუნველყოს ამ ენერგიის თავისუფალი მოძრაობა მთელ სხეულში. სხეულებრივი ჯავშანი შვიდი ძირითადი თავდაცვითი სეგმენტისგან შედგება. ისინი, ჰორიზონტული რკალების სახით, ხერხემლის გაყოლებაზეა განლაგებული: თვალების, პირის, კისრის, მკერდის, დიაფრაგმის, წელისა და მენჯის მიდამოში. სხეულზე ორიენტირებული ფსიქოანალიზური თერაპია გულისხმობს უშუალო ზემოქმედებას თვითეულ სეგმენტში არსებულ კუნთურ დაჭიმვაზე სპეციალური მასაჟებისა და ვარჯიშების საშუალებით, ასევე ენერგიის დაგროვებას საგანგებო სუნთქვითი პროცედურებით (სუნთქვითი ვარჯიში). ფსიქოთერაპიის მიზანია, აგრეთვე, იმ ქვეცნობიერი მიზეზების ფსიქოლოგიური ანალიზი, რომლებიც აძლიერებენ ან ასუსტებენ კუნთურ დაჭიმვებს.

ნევროზის მკურნალობისთვის და სულის სიჯანსაღისთვის, საზოგადოდ ადამიანის ბედნიერებისთვის რაიხი უდიდეს მნიშვნელობას სატრფიალო ურთიერთობასა და სექსს ანიჭებდა. სწორედ ეს, შრომა-შემოქმედებასთან ერთად, ათავისუფლებს ადამიანის სულს კონფორმიზმისგან და საზოგადოების მიერ თავსმოხვეული ყალბი ფასეულობებისგან, ნივთებზე მიჯაჭვულობისგან, შინაგანი დაძაბულობისგან; ხელს უწყობს ადამიანის ინდივიდუაციას.

რაიხის თეორიამ, ფრანკფურტის სკოლის თეორიებთან ერთად, უდიდესი ზეგავლენა მოახდინა 1950-1960-იანი წლების კონტრკულტურაზე, „სექსუალურ რევოლუციაზე” და, ამის გავლით, XX საუკუნის ბოლოსთვის საკმაოდ შეცვალა დასავლური კულტურის დამოკიდებულება ადამიანის ბუნებისადმი და კერძოდ სექსისადმი {ბუნება და ცივილიზაცია}.(ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები