რთული წინადადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:21, 27 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რთული წინადადება – სინტაქსური კონსტრუქცია, რომელიც შედგენილია ორი ან მეტი მარტივი თუ შერწყმული წინადადების შეერთებით და აზრობრივად და ინტონაციურად ერთი მთლიანი დასრულებული ერთეულია.

რთული წინადადების შემადგენელი წინადადებების (პრედიკატული ერთეულები) შეკავშირება ხდება თანწყობის (პარატაქსი) და ქვეწყობის (ჰიპოტაქსი) წესით. თანწყობა გულისხმობს ერთმანეთის მიმართ გრამატიკულად თანასწორი წინადადებების შეერთებას (მთიდან დაეშვა ღამე და დაიბინდა მდელო, გ. ტაბიძე. ქვეწყობა კი – გრამატიკულად არათანასწორი (მთავარი და დამოკიდებული) წინადადებების შეერთებას (როცა მთიდან დაეშვა ღამე, დაიბინდა მდელო). რთული წინადადების შემადგენელი წინადადებები ერთმანეთს უერთდება კავშირებით ან უკავშიროდ (მხოლოდ ინტონაციით), ე. ი. რთული წინადადება არის კავშირიანი („სანამ არ გადამხმარან ბაღში ვარდთა ბარდები, მიწავ, ნუ გეცოდები, ცაო, ნუ გედარდები, გ. ტაბიძე) და უკავშირო („შუქი გაიშალა, წყალი დაიფერა, სიო დაიბერა, ჩალა გაიჩალა“, გ. ტაბიძე). რთულ თანწყობილ წინადადებაში გამოყენებულია მაერთებელი (მაჯგუფებელი, მაპირისპირებელი, მაცალკევებელი) კავშირები, რთულ ქვეწყობილ წინადადებაში კი – მაქვემდებარებელი კავშირები. გარდა ამისა, რთული წინადადების შესაქმნელად გამოყენებულია სხვა საშუალებებიც: ინტონაცია, ზმნის დრო-კილოთა შესაბამისი ფორმები, მისათითებელი ნაცვალსახელები, ზმნისართები, ნაწილაკები. რთული წინადადების სახეებს თუმცა ფორმალური საშუალებების თავიანთი სისტემა აქვთ, მაგრამ თანწყობასა და ქვეწყობას შორის გარდაუვალი ზღვარი მაინც არ არის, განსაკუთრებით სემანტიკური თვალსაზრისით. კომპონენტების ერთნაირი მიმართება შეიძლება გამოიხატოს თანწყობილი წინადადებითაც და ქვეწყობილითაც („ამ წუთისოფელში ვისა აქვს მეტი ლუკმა, რომ შენც გაძლიოს?“, ი. ჭავჭავაძე; შდრ.: ამ წუთისოფელში მეტი ლუკმა არავისა აქვს და შენ რა გაძლიოს?“.

არის ისეთი რთული კონსტრუქციები, რომლებიც თანწყობასა და ქვეწყობას შორის შუალედურ ადგილს იჭერს. ასეთი წინადადებები წარმოდგენილია ერთდროულად თანწყობისა და ქვეწყობის კავშირებით (თუმცა – მაგრამ; ოღონდ – და, თუ არა – და).

ლ. კვანტალიანი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები