ფარნავაზ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფარნავაზ მეფე - (ძვ.წ. IV საუკუნის II ნახევარი – III საუკუნის დასაწყისი), „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ქართლის (იბერიის) პირველი მეფე და ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი. წარმოშობით იყო მცხეთელ წარჩინებულთა წრიდან.

ფარნავაზი, მცხეთის მამასახლისის, სამარას ძმისშვილი, ცხოვრობდა მცხეთაში. ფარნავაზის მამა ალექსანდრე მაკედონელს მოუკლავს, ხოლო სამი წლის ფარნავაზი დედასთან ერთად კავკასიის მთებში გახიზნულა, მოგვიანებით კი ისინი კვლავ მცხეთას დაბრუნებულან.

ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით ძვ.წ. აღრიცხვით IV საუკუნეში, ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო ქართლი, მოკლა სამარა მამასახლისი და ქართლის მმართველად თავისი სარდალი აზო დატოვა. ალექსანდრე მაკედონელმა აზოს დაუბარა: „თაყვანსა სცემდეთ მზესა, მთვარესა და ხუთსა ვარსკვლავსა და ღმერთსა უხილავსა, ყოვლისა შემოქმედსა.“ აი ბოლო - „ღმერთი უხილავი, ყოვლისა შემოქმედია“ - იყო ქართველთა ღმერთი, თუმცა ბოლო დროს თაყვანს სცემდნენ ქართლოსის - თავიანთი ბიბლიური წინაპრის საფლავსაც. ალექსანდრე მაკედონელმა სწორედ ქართლოსის საფლავის თაყვანისცემა აუკრძალა ქართველებს.

ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ აზომ დაივიწყა მისი დანაბარები და თავისი სამშობლოდან - არიან-ქართლიდან გადმოიტანა ოქროსა და ვერცხლის - გაცისა და გაიმის კერპები და ქართლის მთაზე აღმართა. აქედან დაიწყო ქართველთა ახალი რელიგია - კერპთაყვანისმცემლობა. აზომ არიან-ქართლიდან გადმოიყვანა 1000 ოჯახი.

ერთხელ ფარნავაზმა დიღმის ველზე ნადირობისას, აღმოაჩინა განძი, რის შემდეგაც იგი დაუკავშირდა ეგრისის მთავარს - ქუჯის, მოუთხრო განძის შესახებ და სამხედრო დახმარება სთხოვა საერთო მტრის წინააღმდეგ. ქუჯისა და სირიის მეფის ანტიოქ I-ის დახმარებით მან დაამარცხა ალექსანდრე მაკედონელის ჯარი. თავისი ერთი და მიათხოვა ქუჯის, მეორე კი ოსეთის მეფის ძეს და დაიწყო საქართველოს გამთლიანება, რომელსაც საფუძვლად დაედო ერთი ენა - ქართული და ერთი სარწმუნოება -კერპთაყვანისმცემლობა.

კოლხი დინასტის ქუჯისა და ჩრდილოკავკასიელი ტომების დახმარებით ფარნავაზმა ძვ.წ. IV საუკუნის ბოლოს დაამარცხა თავისი მოწინააღმდეგე აზო, რომელიც ბრძოლაში დაეცა, ხოლო შემდეგ დალაშქრა აზოს მოკავშირეთა სამფლობელოები მდინარე ევფრატზე. მატიანე ფარნავაზ I-ს მიაწერს აგრეთვე სამხედრო-ადმინისტრაციულ რეფორმას – ქართლის დაყოფას საერისთავოებად.

ფარნავაზი 27 წლისა გამეფდა და მეფობდა 65 წელს ნებიერად ძვ. წელთაღრიცხვით IV-III საუკუნეებში. მისი მეფობის დროს აიკრძალა მიცვალებულთა ჭამა, რომლის ჩვეულება საქართველოში შემოსახლებულმა სხვადასხვა ერისა და რჯულის წარმომადგენლებმა შემოიტანეს. (იხ. ქ. ცხ. ტ. I, გვ. 25-32). ფარნავაზის დროს მოსვენება და სიხარული გამეფდა მთელ საქართველოში. მადლიერი ხალხი „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ასე ამბობდა: „ვმადლობთ სვესა ჩვენსა, რამეთუ მოგვცა ჩვენ მეფედ მამათა ჩვენთაგანი და გვიხსნა უცხო ნათესავთა ხარკისა და ჭირისაგან“.

ქართლში ხუთი ერის წარმომადგენლებმა ჰპოვეს თავშესაფარი. უცხო ტომთა მცხეთაში შემოსახლებამდე იქ მხოლოდ ქართულად საუბრობდნენ, შემდეგ კი ექვსი ენა ჰქონდათ სალაპარაკო: ქართული, სომხური, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძნული. ამის შესახებ ქართლის ცხოვრება ასე წერს: „აქამომდის ქართლოსიანთა ენა მხოლოდ ქართული იყო... ხოლო ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხვნი ნათესავნი ქართლსა შინა და მაშინ ქართველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა მრავალი“. („ქ.ცხ.“ ტ. I, გვ. 25). ფარნავაზ მეფემ სახელმწიფო ენად გამოაცხადა ქართული და შექმნა ქართული მწიგნობრობა. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით „ამან განავრცო ენა ქართული და არღარა ირაცხებოდა სხვა ენა ქართლსა შინა, თვინიერ ქართულისა; ამანვე შექმნა მწიგნობრობა ქართული“. მეცნიერთა უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ფარნავაზის მიერ შექმნილ ქართულ მწიგნობრობაში იგულისხმება ქართულად დაწერილი წიგნები, მცირე ნაწილი კი ფარნავაზს მიაწერს ქართული ანბანის ანუ დამწერლობის შემოღებას. რამდენიმე არაქართველი და ქართველი მეცნიერის, მათ შორის უპირველესად ბ-ნ რამაზ პატარიძის აზრით, ქართული ანბანი შექმნილია წარმართი ქართველი ქურუმის მიერ ძვ.წ. V საუკუნის დასაწყისში. მისი ფრესკა შემონახულია ბულგარეთში პეტრიწონის ქართულ მონასტერში. ფარნავაზმა ქართლის მთაზე აღმართა არმაზის კერპი და ამის შემდეგ მთასაც არმაზის მთა ეწოდა. ფარნავაზი გარდაიცვალა 92 წლის ასაკში. მის შემდეგ გამეფდა მისი ძე საურმაგი.

წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები