ფაშალიშვილი სვიმონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სვიმონ ფაშალიშვილი

ფაშალიშვილი სვიმონ (სიკო) ილიას ძე - (11.XII.1894, სოფ. მაჩხაანი - 18.III.1970, თბილისი) - ქართველი მწერალი, ჟურნალისტი და მთარგმნელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. უსახსრობის გამო სკოლას მალე თავი დაანება. ლიტერატურით ახალგაზრდობიდან დაინტერესდა. 1909 წელს პირველი ლექსი დაბეჭდა „ივერიაში“. 1910 წელს საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, მუშაობდა გაზეთების დამტარებლად. გაიარა საშუალო სასწავლებლის კურსი სკოლისგარეშე განათლების წესით. ამ საქმეში დაეხმარნენ: აკაკი წერეთელი, კიტა აბაშიძე და სხვები. აკაკის ინიციატივით, როგორც ნიჭიერ ახალგაზრდას, დაუნიშნეს სტიპენდია. 1917 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული „ჩანგი“.

1918 წელს ჩააბარა ახალგახსნილი ქართული უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. აქვეყნებდა ლექსებს ჟურნალში „ლეილა“ და გაზეთ „სახალხო საქმეში“. დამოუკიდებლობის პერიოდში გამოქვეყნდა მისი ლექსები: „გაუმხელელი ექსპრომტი“, „გრძნობათა მწუხრზე“, „ხათრის გულისთვის“, „ტფილისი ნოემბერში“, „გრიშაშვილს“, „შენს მოლოდინში“, „როიალთან“ და სხვ.

1919 წლის 14 ივნისს საჩაიე „ძმურ ნუგეშში“ საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა ტფილისის კომიტეტის გამართულ საღამოზე მონაწილეობდა და ლექსი წაიკითხა. 1919 „სახალხო საქმეში“ გამოაქვეყნა სტატია „ნინო ჩხეიძის სახე“, რომელშიც საუბრობს ნინო ჩხეიძის როლზე ქართული თეატრის განვითარების საქმეში. 1920 წლის 23 მარტს ქართულ კლუბში გამართულ კ. ჭიჭინაძის საღამოზე წარმოადგინეს კომედია „ციმბირელი“, სადაც, სხვა მწერლებთან ერთად, ერთ-ერთ როლს ასრულებდა. 1920 წლის 26 დეკემბერს მონაწილეობდა მეორე ქართულ კლუბში გამართულ სალიტერატურო-საკონცერტო საღამოში.

თარგმნა შექსპირის „ჭირვეული ცოლის მორჯულება“, „მეთორმეტე ღამე“, ლოპე დე ვეგას „ცეკვის მასწავლებელი“, ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“, პუშკინის, ნეკრასოვის, მიცკევიჩისა და სხვათა ლექსები და პიესები. ავტორია პიესების: „საიქიო“, „თავი სიზმარში მგონია“, „ჩაჩანაკი კაკანათში“. სცენარის ავტორია კინოფილმ „ქეთო და კოტესი“. მოღვაწეობდა ჟურ. „ნიანგში“. დიდი წვლილი შეიტანა ქართული იუმორისტული ლიტერატურის განვითარებაში. „ფარსადანის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებული აქვს იუმორისტული თუ სატირული ნაწარმოებები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

გაგა ლომიძე

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994;
  • გაზ. „სახალხო საქმე“, 1918, №308, №392.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

სიკო ფაშალიშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები