სახალხო საქმე (გაზეთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„სახალხო საქმე“ (1917-1921) - საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის მთავარი კომიტეტის ყოველდღიური ორგანო. გამოდიოდა თბილისში. გაზეთს ბეჭდავდა სტამბა „სახალხო საქმე“. გამოცემის რედაქტორი იყო მთავარი კომიტეტის რწმუნებული, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე სამსონ ფირცხალავა (1872-1952). გაზეთში თანამშრომლობდნენ: ა. პაპავა, ქრ. რაჭველიშვილი, დ. უზნაძე, კ. გამსახურდია, ი. გრიშაშვილი, შ. ნუცუბიძე, ვ. კოტეტიშვილი, ლ. ბოცვაძე, ს. დადიანი, არჩ. ჯაჯანაშვილი, თ. ღლონტი და სხვ.

ოთხგვერდიანი „სახალხო საქმე“, 1914-1917 წლებში გამომავალი გაზეთ „სახალხო ფურცლის“ (1914–1917) ნაცვლად გამოიცა და მისი სარედაქციო პოლიტიკისა და იდეური ხაზის გამგრძელებელი იყო. სულ გამოვიდა 143 ნომერი. „სახალხო საქმე“ მიიჩნევდა, რომ რევოლუციური ძალები ეროვნული დამოუკიდებლობის ნიშნით უნდა შეკავშირებულიყვნენ, შესაბამისად, გაზეთის პრიორიტეტს ეროვნული საკითხი წარმოადგენდა. 1918 წლის 26 მაისის მეთაურ სტატიაში „მოვალეობა ერის წინაშე“ მკაფიოდ არის გამოხატული რედაქციის პოლიტიკური პოზიცია და საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის დამოუკიდებელი განვითარების მხარდაჭერის იდეა: „დღეს საქართველო ვალდებულია თავის დამოუკიდებელ გზას დაადგეს და დამოუკიდებლად ეძიოს ახალი გზები თავის ხსნისა“. გაზეთი მხარს უჭერდა საქართველოს ფედერაციული მოწყობის იდეას.

„სახალხო საქმის“ პუბლიკაციებში გამოხატულია კრიტიკული დამოკიდებულება ნოემბრის, ე. წ. მეორე რევოლუციის, ბოლშევიკებისა და, საზოგადოდ, რუსეთში მიმდინარე მოვლენების მიმართ. აქტუალურ საკითხებზე უმთავრესი სტატიების ავტორია „სახალხო საქმის“ წამყვანი პუბლიცისტი ს. ფირცხალავა. პარტიის იდეოლოგიურ საკითხებზე მსჯელობისას გაზეთი ყოველთვის მიანიშნებდა, რომ „სოციალისტ-ფედერალისტებისათვის სოციალურის და ეროვნულის განუშორებლობა მუდამ ცხადი იყო“ (ქრ. რაჭველიშვილი), თუმცა ისიც ხაზგასმულია, რომ ფედერალისტები სოციალიზმის ცხოვრებაში გატარების მომხრენი იყვნენ. საგაზეთო პუბლიკაციებში გამოხატულია კრიტიკული დამოკიდებულება სოციალ-დემოკრატებისა და სოციალისტ-რევოლუციონერების მიმართ. პოლიტიკურ საკითხებში გამოცემა გვევლინება საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ოპოზიციონერად, გაზეთი საყვედურობს სოციალ-დემოკრატებს, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობის ინტერესი იყო არა საქართველო, არამედ მთელი კავკასია და რუსეთი.

საგარეო პოლიტიკური ვექტორი გერმანიისადმი განსაკუთრებულ პოლიტიკურ ინტერესში გამოიხატება, რადგან, გამოცემის აზრით, თუ გერმანია კავკასიას ბუფერად აღიარებდა, ბუნებრივად მოითხოვდა საქართველოს, როგორც გეოპოლიტიკური ბუფერის, დაცვასაც და ქვეყანა, ნებსით თუ უნებლიეთ, გერმანიის პოლიტიკურ მფარველობაში აღმოჩნდებოდა, რასაც ქვეყნის მომავალი უსაფრთხოებისა და განვითარების გარანტიად მიიჩნევდა.

გაზეთი ასახავდა ქვეყნის შიგნით მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, იმდროისათვის აქტუალურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პრობლემებს. ვრცლად აშუქებდა დამფუძნებელი კრების მუშაობას, მთავრობის დადგენილებებს, საარჩევნო თემას. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა ბოლშევიკურ რუსეთში მიმდინარე პროცესებს, რუსეთის სამოქალაქო ომის ამბებს, კავკასიის მოვლენებს, საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებს და საინფორმაციო თუ ანალიტიკური ფორმატით აშუქებდა მათ.


„სახალხო საქმე“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა განათლებასა და კულტურას. ცალკეული წერილები შეეხება მხატვრულ ლიტერატურას. მაგ., დაიბეჭდა ი. გრიშაშვილის სტატია „სონეტი საქართველოში“, ს. ფირცხალავას „ეროვნული შემოქმედება და სხვ. გამოქვეყნებულია მოთხრობები და ლექსები. მაგალითად, გერმანული ჟურნალიდან („ახლო აღმოსავლეთი“) გადმობეჭდილია კონსტანტინე გამსახურდიას ლექსი „ს. ფაშალიშვილის „გრძნობათა მწუხრზე“ და სხვ. გაზეთის რუბრიკებია: „ომის დღიური“, „ახალი ამბები“, „მუშათა ცხოვრება“, „მოსკოვის ამბები“ და სხვ.

გაზეთი სისტემატურად ეხმაურება ადგილობრივი პრესის პუბლიკაციებს („ქართული პრესა“) და უცხოეთის პრესასაც. თითქმის ყოველ ნომერში გვხვდება პუბლიკაციები სათაურებით: „გერმანული პრესის ცნობა“, „ფრანგული პრესის ცნობა“, ”სომხური პრესის ცნობა“ და სხვ. „სახალხო საქმის” შემდეგ გამოვიდა გაზეთი „სოციალისტ-ფედერალისტი” (1921), შემდეგ კი - „ტრიბუნა” (1921-1923)

მარი წერეთელი

ლიტერატურა

გაზ. „სახალხო საქმე“, 1917–1921; გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბ., 1947.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

საქართველოს გაზეთები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები