ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი - მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში,სოფელ ქვახვრელის ცენტრის აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, კლდეში ნაკვეთი ქალაქის უფლისციხის სამხრეთით 2 კილომეტრზე, სასაფლაოსთან. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ანტიკურ ხანაში იგი უფლისციხის სასოფლო-სამეურნეო გარეუბანი იყო.

სარჩევი

აღწერილობა

ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი ქვიშაქვის ფრიალო კლდეშია გამოკვეთილი.

სამრეკლო

სამრეკლოს, რომელიც გამოქვაბულების კომპლექსის შესასვლელზე მოგვიანებითაა მიშენებული, არაწესიერი სწორკუთხედის ფორმა აქვს (4,2X2,7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. სამრეკლოს თაღოვანი შესასვლელი, რომელიც სიმეტრიის ღერძიდან ოდნავ დასავლეთითაა გადაწეული, ჩრდილოეთ კედელშია. განივ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. ნაგებობა დასრულებულია გუმბათით, რომელიც დაბალი, შიგნით და გარეთ გეგმით წრიული ცილინდრული ყელისა და კონუსისმაგვარი სახურავისაგან შედგება. გუმბათქვეშა სწორკუთხედიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპისმაგვარი (იმიტაცია) კონსტრუქციით. სამრეკლოს გუმბათოვანი კამარა ძაბრისმაგვარი მოხაზულობისაა. კამარის კედლებში ჩასმულია სამი პატარა ქვევრი. მათ ზემოთ შემორჩენილია ზარის ჩამოსაკიდებელი ძელის ორი ბუდე.

კორიდორები

სამრეკლო უკავშირდება ბნელ კორიდორს (სიგრძე 19 მ, სიგანე 2 მ, სიმაღლე 2,5 მ), რომლის ღერძი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენაა მიმართული. კორიდორის აღმოსავლეთ კედლის ცენტრში გაჭრილია ეკლესიის შესასვლელი. ამ შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს გამოკვეთილია რამოდენიმე საფეხურით ამაღლებული ერდოიანი სადგომი, რომელიც უკავშირდება ღია კორიდორს (III). I კორიდორის ბოლოს, მარცხნივ, მიემართება II კორიდორი, რომელიც უკავშირდება დამხმარე სადგომს. III კორიდორი დანარჩენ კორიდორებს უერთდება მათი გადაკვეთის ადგილთან (ამჟამად ამოქოლილია).

კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია

კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია კომპლექსის სხვა სადგომებთან შედარებით უფრო დიდია (10X4,5 მ, სიმაღლე 7,6 მ). მას ორი სწორკუთხა კარი აქვს. ერთი, ფართო კარი, გაჭრილია ჩრდილოეთ კედლის შუა ნიშში და წარმოადგენს დარბაზის განათების ძირითად წყაროს. მეორე სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთშია. ეს კარი II კორიდორში გადის. ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. საკურთხეველი დარბაზის იატაკის დონიდან 1 მეტრითაა შემაღლებული. საკურთხეველში ორი თაღოვანი ნიშია. უფრო ფართო სამხრეთის ნიშში გაჭრილია დამხმარე სადგომში ჩასასვლელი ვიწრო თაღოვანი გასასვლელი. საკურთხევლის კონქის ჩრდილოეთ ნაწილში პატარა სწორკუთხა სარკმელია. ამ ადგილას კლდის მასივი გახსნილია და ქვის წყობითაა დასრულებული. საკურთხეველი კანკელით ყოფილა გამოყოფილი, რომლის კლდეში ნაკვეთი მცირე ნაწილები შემორჩენილია აფსიდის გვერდებთან. ეკლესიის კედლები დანაწევრებულია თაღოვანი ნიშებით, რომლებიც იატაკიდან 4,5 მეტრის სიმაღლეზე იწყება. გრძივ კედლებზე თაღოვანი სარკმლის ქვეშ ერთმანეთთან სიმეტრიულად ამოკვეთილია სამ-სამი ბუდეც, რომლებსაც ხარაჩოების გასამართავად იყენებდნენ.

დამხმარე სადგომი

დამხმარე სადგომი სწორკუთხაა. მის ცენტრში მოწყობილია პატარა საკურთხეველი. სადგომის გადახურვა ბრტყელია. ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ გამოკვეთილია თითქმის წრიული მოხაზულობის ერდოიანი სადგომი. სადგომის კედელზე ამოკვეთილია რამდენიმე ნიში, დასავლეთის ნაწილში ღია კორიდორში (III) გასასვლელი სწორკუთხა კარია. სადგომო გადახურულია გუმბათოვანი კამარით. კამარა რთული მოხაზულობისაა და წვერში ოვალური ხვრელობი (ერდო) აქვს. ერდოიანი სადგომის ახლოს, მის დასავლეთით, კიდევ ერთი ერდოიანი სადგომის გამოკვეთა დაუწყიათ (არ არის დამთავრებული).

გამოქვაბულის კედლებზე მოგვიანებით ამოუკვეთიათ ჩვიდმეტი ხაჩკარი: თხუთმეტი – I კორიდორში, ხოლო ორი – ეკლესიის საკურთხეველში. ზოგიერთებზე საფლავის სომხური შაბლონური წარწერებია დაცული. პალეოგრაფიული ნიშნებით წარწერები XVIII საუკუნეს მიეკუთვნება. ხაჩკარების გამოყენება დაკავშირებულია სომეხი მოსახლეობის მიგრაციასთან, რომელიც ამ რეგიონში XVIII საუკუნეში მოხდა.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები