ძახილის ნიშანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:42, 18 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძახილის ნიშანი (!) – სასვენი ნიშანი, რომელიც დაისმის ძახილის ან ბრძანებითი წინადადების ბოლოს – სხვადასხვა გრძნობისა და ბრძანების ექსპრესიულად გამოსახატავად. მაგ., „რა კარგი ხარ, რა კარგი!./ როცა მოვკვდე, გენაცვა,/ ძეგლად გადამეფარე!“ (ი. გრიშაშვილი).

ძახილის ნიშანი გამოიყენება ლოცვებში:უფალო, შემიწყალე! ამინ!

დაისმის აგრეთვე ენობრივ ფორმულებში: მისალმება-გამომშვიდობებისას: გამარჯობა! სალამი! აქა მშვიდობა! მშვიდობით! გზა მშვიდობისა!

მიპატიჟებისას: მობრძანდით! დაბრძანდით! მიირთვით!

სამეცნიერო ლიტერატურასა და პრესაში უსიტყვო (უარყოფითი) კომენტარის აღსანიშნავად და მკითხველის ყურადღების გასამახვილებლად ძახილის ნიშანს ახლავს ფრჩხილებში ჩასმულ ლათინურ შემოკლებას (sic!).

ძახილის ნიშანი ინტენსიურად გამოიყენება ფიცილის – ლოცვა-წყევლის ფორმულებში: ღმერთმა დაგლოცოს! ეშმაკმა დალახვროს! დასწყევლა ღმერთმა! ჯანდაბას შენი თავი და ტანი!

გამაფრთხილებელ განცხადებებში: ფრთხილად! ჩუმად! მათ შორის. საერთაშორისო ფორმულებშიც (მაგ., SOS).

სამხედრო და სპორტულ ბრძანება-განკარგულებებში: ცეცხლი! ხელები მაღლა! მარჯვნისაკენ! ზურგისაკენ! ნაბიჯით იარ! სდექ! სწორდი! სმენა! თავისუფლად!

საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ლოზუნგებში: „ყველანი – არჩევნებზე“ „პოეზია – უპირველეს ყოვლისა! ყველა ამ სახის გამოთქმაში ზმნა, ჩვეულებრივ, გამოტოვებულია და დარჩენილი ნაწილის (ერთი ან ორი სიტყვის) ექსპრესიის გასაძლიერებლად გამოტოვებული ზმნის საკომპენსაციოდ ძახილის ნიშანი იხმარება.

ძახილის ნიშანი დაისმის წინადადების თავში ცალკე მდგომი შორისდებულების, ან უარყოფითი არა ნაწილაკის შემდეგ:

„არა! მხოლოდ დღეს შენ დაიბადე“ (გ. ტაბიძე).

როგორც წესი, ძახილის ნიშანი ახლავს წინადადების თავში ცალკე მდგომ წოდებითში დასმულ სახელს (მიმართვის ფორმას): „მეგობრებო! წინ, წინ გასწით!“ (ი. ევდოშვილი).

თუკი შორისდებულს სახელის მიმართვის ფორმა მოსდევს, მაშინ შორისდებულთან მძიმე დაისმის, ძახილის ნიშანი კი მიმართვის ფორმის შემდეგ გადაინაცვლებს:

„ვაშა, რაფიელ! უმრავლოს / მამულს შენებრი შვილი!“ (სოსელო); „ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი...“ (ი. ჭავჭავაძე).

მიმართვის ფორმის გამეორების დროსაც ძახილის ნიშანი უკანასკნელი გამეორებული ფორმის შემდეგ დაისმის, წინამავალს კი მძიმე მოსდევს:

ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი / გამაგონე ჩემს მამულში!" (ი.ჭავჭავაძე).

შ. აფრიდონიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები