ჭავჭავაძე ილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 59: ხაზი 59:
 
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]
 +
[[კატეგორია:ჭავჭავაძეები]]

16:47, 8 ივნისი 2022-ის ვერსია

ილია ჭავჭავაძე

ჭავჭავაძე ილია − (1837 - 1907), მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

ავტობიოგრაფია

დავიბადე 27 ოქტომბერს 1837 წელს სოფელ ყვარელში. ყვარელი თელავის მაზრის სოფელია, ტფილისის გუბერნიისა და მთლად ადგილს, სიღნაღის მაზრასთან ერთად, კახეთი ეწოდება სახელად. მამაჩემი რამდენადმე განათლებული კაცი იყო, აფიცრად მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნის პოლკში და რუსული კარგად იცოდა. დედაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა. სულ ზეპირად ჰქონდა დასწავლული თითქმის ყველა ლექსი და ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც კი იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი და ან ხელნაწერი. საღამოობით დაგვსხავდა ბავშვებს და გვიკითხავდა მოთხრობებსა და ამბებს; წაკითხვის შემდეგ გვიამბობდა შინაარსს და მეორე დღის საღამოზედ გვკითხავდა: აბა, ვინ უფრო კარგად მიამბობს, რაც გუშინ გაიგონეთო. ვინც კარგად ვუამბობდით, გვაქებდა და ამ ქებას ჩვენ დიდად ვაფასებდით.

სწავლა 8 წლისამ დავიწყე ჩვენი სოფლისავე მთავართან – ქართული წერა-კითხვითა. მთავარმა ძალიან კარგად იცოდა ქართული და სახელი ჰქონდა განთქმული სამღვთო წიგნების კარგად მკითხველისა. ხოლო უმთავრესი ღირსება მისი ის იყო, რომ მომხიბვლელი თქმა იცოდა ამბებისა. გვიამბობდა მდაბიურად და ბავშვისათვის ადვილად გასაგების ენით უფრო სამღვთო და სამშობლო ქვეყნის ისტორიის ამბებსა, ვის რა გმირობა მოემოქმედნა, ვის რა ფალავნობა გაეწია, ვის რა ღვაწლი და სიკეთე დაეთესა სამშობლოსა და სარწმუნოების სასარგებლოდ და დასაცველად.

ბევრი ამ ამბავთაგანი ჩამრჩა გულში და ერთი მათ შორის – „დიმიტრი თავდადებული“ – თემად გამოვიყენე მრავალის წლის შემდეგ. ერთი კიდევ პატარა საშობაო მოთხრობად დავწერე. ჩემს „გლახის ნაამბობში“ ზოგიერთს ადგილს ცხადად ამჩნევია კვალი მთავრის ამბების გავლენისა.

მთავართან ვსწავლობდი ამავე ჩემ სამშობლო სოფლის გლეხკაცების შვილებთან. რამდენადაც მახსოვს, ხუთნი თუ ექვსნი იყვნენ. ყველანი შინიდან დავდიოდით მთავართან დილ-დილით და სწავლა გვქონდა მხოლოდ შუადღემდე. წერა-კითხვას, როგორც მახსოვს, სულ ერთ საათს ვანდომებდით ხოლმე, დანარჩენი დრო შუადღემდე იმაში გადიოდა, რომ ვთამაშობდით თვით მთავრის ზედამხედველობითა და ხელმძღვანელობით და უმთავრესად უფრო იმაში, რომ ვისხედით და ვისმენდით იმის გასატაცებელ ნაამბობს.

მეთერთმეტე წელში რომ გადავდექი, მამამ ქალაქში წამიყვანა და მიმცა რაევსკისა და ჰაკკეს პანსიონში. ეს პანსიონი ტფილისის მაშინდელ ყველა კერძო სასწავლებელზედ უკეთესი იყო.

15 წლისა ვიყავი, როცა ამ პანსიონიდან ტფილისის გიმნაზიაში შევედი; მეოთხე კლასში მიმიღეს და ბინით კი ისევ პანსიონში ვიყავი. პანსიონს მაშინ განაგებდა მხოლოდ ერთი ჰაკკე. ჰაკკე გერმანელი იყო, ყოველმხრივ განათლებული კაცი. გერმანიიდან დაიბარა მაშინდელმა კავკასიის ცალკე კორპუსის კომანდირმა ნეიტგარტმა თავის შვილების აღსაზრდელად. ხოლო ნეიტგარტის შემდეგაც ტფილისში დარჩა და პედაგოგ რაევსკისთან ერთად პანსიონი დააარსა. ჰაკკე სასტიკი კაცი იყო, მაგრამ თან იმოდენად მამობრივს მზრუნველობას იჩენდა თავის შეგირდების მიმართ, იმოდენას სცდილობდა და ყურს უგდებდა მათს ზნეობრივსა და გონებრივ განვითარებას, რომ თითქმის მთელს თავისუფალ დროს, კლასში მეცადინეობის შემდეგ, იმათ ანდომებდა, ხან ემუსაიფებოდა, ხან ართობდა მუსიკით და მართავდა ხელდახელ კონცერტს როიალზედ, რომლის დაკვრაც საუცხოვოდ იცოდა.

გავათავე მერვე კლასი, მხოლოდ საბოლოო ეგზამენი აღარ დავიჭირე და 1857 წელს პატერბურგის უნივერსიტეტში შევედი იურიდიულ ფაკულტეტის მაშინდელ კამერალურს განყოფილებაზედ.

1861 წელს უკვე მეოთხე კურსზედ ვიყავი, მაგრამ გავანებე თავი უნივერსიტეტს მაშინ საუნივერსიტეტო არეულობის მიზეზით.

1863 წელს დავაფუძნე ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, რომელმაც სულ ერთს წელიწადს იცოცხლა. ამავე 1863 წელს შევირთე ცოლად ოლგა თავად თადეოზ გურამიშვილის ასული.

1864 წლის დამდეგს, როცა განიზრახეს გლეხკაცობის განთავისუფლების რეფორმა საქართველოში, გამგზავნეს იმერეთს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის ცალკე მინდობილობათა მოხელედ და დამავალეს გამომერკვია, თუ რა ურთიერთობა სუფევდა მემამულეთა და გლეხკაცთა შორის ბატონყმობისაგან წარმომდგარი.

იმავე წლის ნოემბერში ბატონყმობა გადავარდა ამერეთში და მე დანიშნული ვიქმენ მომრიგებელ შუაკაცად დუშეთს. მომრიგებელ შუაკაცად დავყავ იქ 1868 წლამდე; ხოლო ამ წელს შემოიღეს სასამართლოს რეფორმა კავკასიაში და მე მომანდეს ასრულება მომრიგებელ მოსამართლის თანამდებობისა დუშეთსავე. მომრიგებელ მოსამართლედ ვიყავ 1874 წლამდე.

აქ მეტი არ იქნება ვსთქვა, რომ ამერეთის თავადაზნაურობამ ნაწილი გლეხთა განთავისუფლებისათვის ნაბოძები ფულისა გადასდო ისეთი ბანკის დასაარსებლად, რომელიც უფრო შესაფერი იქნებოდა ქვეყნის საჭიროებისათვის წესიერ კრედიტის დასამყარებლად; უფრო კი ისეთის ბანკისა, რომლის მოგება მოჰხმარდებოდა განსაკუთვრებით თავად-აზნაურების შვილთა აღზრდა-განათლებას.

ბევრი ყოყმანისა და მერყეობის შემდეგ, თუ რაგვარი საკრედიტო დაწესებულება დავაარსოთო, თავადაზნაურობამ გადასწყვიტა, ჩემის რჩევისამებრ, დაარსება საადგილმამულო ბანკისა და აირჩია კომისია, რომლის ერთ-ერთ წევრად მეც დამნიშნა წესდების შემდგენად. წესდება, შედგენილი მთავრობის მიერ სახელმძღვანელოდ ნაჩვენებ წესდებათა ნიმუშების მიხედვით, თავადაზნაურობამ მოიწონა იმავე 1874 წელს. მისი ნიშნობლივი და საყურადღებო თვისება, რომელიც სხვა საადგილმამულო ბანკების წასდებისაგან განარჩევს, ის არის, რომ ბანკის მოგება, იმის გარდა, რაც სხვადასხვა თანხას უნდა მიემატოს, ჰხმარდება ამერეთის არა მარტო მიწათმფლობელთა, ესე იგი თავად-აზნაურთა, არამედ მიწათმოქმედთა საერთო საჭიროებას. ამ სახით, ტფილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი თითქმის ისეთი ერთადერთი დაწესებულებაა საადგილმამულო კრედიტისა რუსეთში, რომლის წესდებითაც სრულიად უარყოფილია კერძო ინტერესი მოგებით სარგებლობისა საზოგადო სიკეთისა და საჭიროებისათვის.

ამავე 1874 წელს თავადაზნაურობამ დამავალა წავსულიყავი პეტერბურგს და გამომეთხოვნა დამტკიცება მის მიერ მოწყობილის წესდებისა. მეც ამ საქმის გულისათვის სახელმწიფო სამსახურს თავი დავანებე და პეტერბურგს წავედი.

წესდება ზემოხსენებულის განსაკუთრებულის თვისებით დაამტკიცა მთავრობამ 1875 წელს. ამ წლიდან დაიწყო ბანკმა მოქმედება და, თუმცა ძირის თანხად ჰქონდა 240.000 მან., დღეს იმ მდგომარეობამდე მიაღწია, რომ ყოველწლივ 360.000 მანეთზედ მეტს მოგებას იძლევა. თან ძირის თანხაც, თავადაზნაურთაგან შემოტანილი ბანკის დასაფუძნებლად, უკვე უკან დაუბრუნდა თითოეულს დამფუძნებელს წევრს.

ამჟამად ბანკის მოგებით ინახება ერთი კერძო გიმნაზია და, თუმცა გიმნაზიაში პანსიონიც არის უღარიბეს თავად-აზნაურთა შვილებისათვის, მაინც ამ სკოლაში ყველა წოდების ბავშვები სწვლობენ. ამას გარდა ამ მოგებით ინახება ერთი სამეურნეო სკოლა, რომელშიაც იღებენ აგრეთვე ბავშვებს წოდების განურჩევლად. ბანკის დაარსებიდან დღემდე გამგეობის თავმჯდომარედ ვიმყოფები. ეს თანამდებობა არჩევანით არის და არჩევანი ყოველს სამს წელიწადში ერთხელ სწარმოებს. 1877 წელს დავაარსე ყოველკვირეული გაზეთი „ივერია“, რომელიც შემდეგ ყოველთვიურ ჟურნალად იქმნა გადაკეთებული, ხოლო 1885 წლიდან ყოველდღიურ საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთად. 1902 წელს გაზეთი სხვას გადავეცი და იმის რედაქტორობით გამოდის დღესაც.

ჩემ თხზულებათა შორის რუსულად ითარგმნა სხვადასხვისაგან რამდენიმე წვრილი ლექსი და ერთი პოემა „განდეგილი“ სთარგმნა ბ-ნმა ტხორჟევსკიმ. რუსული თარგმანი ჩემის ლექსებისა ზოგი ჩართულ იქმნა ცალკე კრებულში, რომელიც ტფილისში დაიბეჭდა, ნაწილი კიდევ იბეჭდებოდა «Русская Мысль»-ში, «Живописное Обозрение»-ში და აღარ მახსოვს კიდევ რომელღაშიაც.

ჩემი პოემა განდეგილი გადათარგმნილია ინგლისურადაც M. Wordrop-ის მიერ და პროზად ფრანგულს ენაზედ. გერმანულად ნათარგმნი რამდენიმე ჩემი წვრილი ლექსი ჩართულ იქმნა იმ კრებულში, რომელიც დაიბეჭდა პირველად 1886 წელს ლეიცფიგს. სთარგმნა ის ლექსები არტურ ლეისტმა. კრებულს სათაურად ჰქონდა „Georgische Dichter“. მეორედ ეს კრებული დაიბეჭდა 1900 წელს დრეზდენში. რეცენზიები დაიბეჭდა თავის დროზედ ტფილისის რუსულ გაზეთებში „კავკაზსა“ და „ნოვოე ობოზრენიეში“, ხოლო სატახტო ქალაქებისაში, რამდენიმე მახსოვს, «Русская Мысль»-ში, «Живописное Обозрение»-ში და მოსკოვის ერთს გაზეთში, რომლის სახელიც სამწუხაროდ აღარ მახსოვს. საზღვარგარეთ-კი რეცენზიები დაიბეჭდა რამდენიმე გერმანულს გაზეთში და სხვათა შორის „Literarisches Echo“-ში 1898 წელს და „ასადეტუ“-ში, აგრეთვე იტალიური ჟურნალ „Nuova Anthologia“, VI, 1900 წელს. განხილვა ჩემის საზოგადოებრივისა და სალიტერატურო მოღვაწეობისა დაბეჭდილი იყო ფრანგულ „Caucase Illustre“-ში 1902 წელს.

1887 წელს ამომირჩიეს საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად და რამდენსამე ხანს მეჭირა ეს თანამდებობა. ვიყავი აგრეთვე არჩეული ქართულ დრამატიულ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარედ და ეს თანამდებობა მეჭირა 1881 წლამდე. 1886 წლიდან დღემდე ვიმყოფები „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელ საზოგადოების“ გამგეობის თავმჯდომარედ. ვიყავი აგრეთვე სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის წევრად. ვიღებდი მონაწილეობას ხან მოწვევით, ხან არჩევით, თითქმის ყოველს კომისიაში, რომელიც არკვევდა ჩვენის მეურნეობისა და სხვა საჭიროებათა საგნებსა.

ჩემი სალიტერატურო მუშაობა დაიწყო 1857 წლიდან, როცა „ცისკარში“ მივეცი დასაბეჭდად რამდენიმე წვრილი ლექსი. ხოლო შემდეგ ჩემი თხზულებანი იბეჭდებოდა „დროებაში“, „კრებულში“, ჩემ მიერ დაარსებულ „საქართველოს მოამბეში“ და „ივერიაში“, აგრეთვე ჟურნალ „მოამბეში“.

წვრილ ლექსებს გარდა დავწერე რამდენიმე პოემა, სახელდობრ: „ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, „აჩრდილი“, „დიმიტრი თავდადებული“, „განდეგილი“ და დრამატიული ეპიზოდი „დედა და შვილი“. მოთხრობათა შორის შემიძლია დავასახელო 1. „კაცია-ადამიანი?!“, დაბეჭდილი 1863 წელს „საქართველოს მოამბეში“ და შემდეგ ცალკე წიგნად გამოცემული პეტერბურგში ქართველ სტუდენტებისაგან; 2. „გლახის ნაამბობი“, იქვე და იმავე წელს დაბეჭდილი; 3. „სცენები გლეხთა განთავისუფლების პირველი დროისა“, დაბეჭდილი 1865 წელს „კრებულში“ და მერე ცალკე წიგნად; 4. „მგზავრის წერილები“, დაბეჭდილი 1874 წელს „კრებულშივე“; 5. „ოთარაანთ ქვრივი“, 1886 წელს; 6. „უცნაური ამბავი“ – „მოამბეში“; 7. „საშობაო მოთხრობა“; 8. „სახრჩობელაზედ“ – „ივერიაში“ და სხვ.

ვთარგმნე ლექსები პუშკინისა („წინასწარმეტყველი“), ლერმონტოვისა („წინასწარმეტყველი“, „ჰაჯი აბრეკი“ და „მწირი“), და ტურგენევისა „ლექსი პროზითა“, აგრეთვე რამდენიმე ლექსი ჰეინესი და გიოტესი. გადავთარგმნე აგრეთვე თ. ივანე მაჩაბელთან ერთად „მეფე ლირი“ შექსპირისა. ვიღებდი მონაწილეობას ცნობილ ქართულ პოემის „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის აღმდგენელ კომისიაში, აგრეთვე შემდეგთა თხზულებათა რედაქტორობასა და გამოცემაში: „ლექსნი“ ალ. ჭავჭავაძისა; „ლექსნი“ ვ. ორბელიანისა, ამ ლექსებს დართული აქვს ჩემი წინასიტყვაობა; ძველებური ქართული მოთხრობა „ვისრამიანი“. ამას გარდა ბევრი წერილია კიდევ ჩემ მიერ დაწერილი საპოლიტიკო, საპუბლიცისტო, საკრიტიკო და საპოლემიკო შინაარსისა, აგრეთვე წერილები საპედაგოგიო საგნების შესახებ. უფრო მოზრდილ საპუბლიცისტო წერილებს შორის შეიძლება დავასახელოთ „ხიზნების საქმე“, „ცხოვრება და კანონი“ და „ყაჩაღობა ამიერკავკასიაში“. საკრიტიკო და საპოლემიკო წერილებს ეკუთვნის სხვათა შორის აგრეთვე გაზეთ ივერიაში ფელეტონებად დაბეჭდილი „აი ისტორია“ და „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“. ეს უკანასკნელი წერილი ამას წინათ დაიბეჭდა რუსულად და დიდი ალიაქოთი ასტეხა სომხურ მწერლობაში. ქართველთა გამომცემელმა ამხანაგობამ დაიწყო ბეჭდვა ჩემის ნაწერებისა და დაბეჭდა მხოლოდ 4 ტომი. ვარაუდით კი ათი-თორმეტი ტომი უნდა დაებეჭდა. დაბეჭდილ 4 ტომში მოჰყვა ლექსები, მოთხრობანი, ამბები და სცენები.



წყარო

ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი, ტომიXIV

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები