მაჩაბელი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივანე მაჩაბელი

მაჩაბელი ივანე – (ფსევდონიმი: „მ“), (1854-1898), მთარგმნელი, თეატრალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. XIX ს. მეორე ნახევრის ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე.

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში (1863-70), სადაც ქართულის მასწავლებელმა პ. უმიკაშვილმა დიდი გავლენა მოახდინა მისი გონებრივი მისწრაფებების ჩამოყალიბებაზე. აქვე გაიტაცა თეატრმაც. მონაწილეობდა თბილისისა და გორის სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. გიმნაზიას მემდეგ ერთხანს რეპეტიტორობდა კ. მამაცაშვილის ოჯახში. 1871 წლიდან სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. ესწრებოდა ლექციებს იურისპრუდენციის დარგშიც. მისი ინიციატივით ქართველმა სტუდენტებმა ნაროდნიკულ ორგანიზაციებთან ერთად დააარსეს ლიტერატურული წრე, რომელიც საქართველოს კულტურულ და ნაციონალურ-პოლიტიკურ საკითხებს განიხილავდა. 1874 წ. ი. მაჩაბელმა სწავლა განაგრძო ოპენჰაიმის (გერმანია) აკადემიაში, შემდეგ — სორბონის (პარიზი) უნივერსიტეტში. გატაცებით კითხულობდა ჰეგელს, კანტს, ბოკლს, ფურიეს, პრუდონს, სენ-სიმონს, შტრაუსს, ფლობდა რამდენიმე ევროპულ ენას. ამ დროს პარიზში კომუნის დამარცხების დღეები იყო, მაჩაბელი შეუერთდა იქ მყოფ ქართველ სტუდენტებს, ხვდებოდა რუს და ფრანგ რევოლუციონერებსაც. ამ პერიოდშივე ხდება იგი (ი. ჭავჭავაძის თხოვნით) „ივერიის“ თანამშრომელი, სადაც 1879 წ. აქვეყნებს ორ ლექსს. აღსანიშნავია „ოცნება“, რომელშიც ხაზგასმულია ადამიანის სურვილი და მისწრაფება სამყაროს ამოცნობისაკენ და გატარებულია ხალხთა თანასწორობის იდეა. რამდენიმე კორესპონდენცია გამოაქვეყნა აგრეთვე „ნოვოე ვრემიაშიც“. 1878 წ. დაბრუნდა პეტერბურგში, სადაც ქართველ სტუდენტთა წრეში მოხსენებებს კითხულობდა ლიტერატურულ თემებზე. დადგა პირველი ქართული წარმოდგენა პეტერბურგში (ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“). საამდროოდ უკვე ჩამოშორებული იყო ხალხოსნურ წრეებს.

მოღვაწეობა

ი. მაჩაბელი 1879 წ. დაბრუნდა საქართველოში. მცირე ხანს მუშაობდა სათავადაზნაურო სკოლაში ინსპექტორად, შემდეგ მთლიანად მიეცა ლიტერატურულსა და საზოგადოებრივ საქმიანობას. იყო „ივერის“ თანამშრომელი (1882–83 წწ. — მეორე რედაქტორი), 1883 წლიდან — გაზეთ „დროების“ რედაქტორი. მისმა წერილებმა ქართული მწერლობის, თეატრის, საზოგადოებრივი ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკისა და საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებაში. 80-90-იანი წწ პრესაში უხვად იპოვება აგრეთვე მისი საპოლემიკო წერილებიც, რომლებიც მიგვანიშნებენ მათი ავტორის პრინციპულ ხასიათს. ი. მაჩაბელი მესვეურობდა ქვეყნის ეროვნულ-კულტურულ წამოწყებებსაც. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი (1879 წლიდან), შემდეგ — თავმჯდომარის მოადგილე, ქართული მუდმივი თეატრალური დასის მზრუნველი და მონაწილე, სათეატრო კომიტეტის წევრი (1879 წლიდან), „ვეფხისტყაოსნის“ მეცნიერული გამოცემების ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი, საადგილმამულო ბანკის მოლარე, მერმე — დამფასებელი. ამ ხანებში წამოიჭრა დავა (ბანკის საკითხებზე) ი. მაჩაბელსა და ი. ჭავჭავაძეს შორის, რომელიც შვიდ წელიწადს გრძელდებოდა. 1883 წ. ი. მაჩაბელი საბოლოოდ ჩამოშორდა ბანკს. ამავე წელს აირჩიეს ობოლთა კომიტეტის თავმჯდომარედ. 1892 წ. ბრძოლა ი. ჭავჭავაძესა და ი. მაჩაბელს შორის კვლავ გამწვავდა. ამ დროს გამოვიდა ანონიმი ავტორის წიგნი „ი. ჭავჭავაძე და მისი მოღვაწეობა“, რომელსაც ი. მაჩაბელს მიაწერდნენ. 1898 წ. ი. მაჩაბელი უკვალოდ გაქრა.

თარგმანები

ი. მაჩაბელის ნაღვაწში უმნიშვნელოვანესია მის მიერ თარგმნილი შექსპირის ტრაგედიები. ამ თარგმანებს განუზომელი მნიშვნელობა ჰქონდათ, საერთოდ, ქართული ენის, კერძოდ, მხატვრული მეტყველების განვითარებისთვის. მთარგმნელი ძირისძირ ჩასწვდა შექსპირის შემოქმედების საიდუმლოებას, მხატვრული აზროვნების თავისებურებებს, უბადლო ოსტატობით გადმოსცა შექსპირისეული ინტონაციური მრავალფეროვნება, ლექსიკური სიმდიდრე, იდიომები და ფრთიანი სიტყვები, დიალოგი, ექსპრესია და პათეტიკური ჟღერადობა; მთარგმნელმა მეძლო შექსპირისთვის დამახასიათებელი სიტყვათა თამაშისა და ორაზროვანი გამოთქმების ქართულ შესატყვისთა მოძებნა, დედნის მხატვრული ზემოქმედების ძალის შენარჩუნება. ი. მაჩაბლისეული კომენტარები და მინაწერები შექსპირის ორიგინალთა არშიებზე აშკარად მეტყველებს, რომ მთარგმნელი დედანს მეცნიერულად სწავლობდა, ამუშავებდა და გარკვეული მხატვრული გააზრების შემდეგღა მიჰყოფდა ხოლმე ხელს თარგმანს. ზოგიერთი გამოთქმისა თუ ადგილის უკეთ ამოხსნის მიზნით ი. მაჩაბელი კომპეტენტურ პირებს მიმართავდა (დაცულია მიმოწერა მარჯორი უორდროპთან).

სხვა მიზეზთა გარდა, ი. მაჩაბელი შექსპირის შემოქმედებით იმიტომაც დაინტერესდა, რომ მაღალი ჰუმანური იდეალებისა და უხეში სინამდვილის შეუსაბამობის შექსპირისეული შეგრძნება უაღრესად ახლობელი იყო თვით მაჩაბელის ტრაგიკული მსოფლაღქმისთვის. ამის მეოხებით მთარგმნელმა ღრმად ჩაიხედა შექსპირის ტრაგედიათა ქვეტექსტში.

ი. მაჩაბელმა სტუდენტობაშივე თარგმნა შექსპირის „მეფე ლირი“ ჭავჭავაძესთან ერთად. ამ თარგმანმა იმთავითვე მოწონება და აღიარება დაიმსახურა თანამედროვეებში. შემდგომში თარგმნა „ჰამლეტი“ (1806), „ოტელო“ (1888), „მაკბეტი“ (1892), „რიჩარდ მესამე“ 1893), „იულიუს კეისარი“ (1896), „ანტონიოს და კლეოპატრა“ (წიგნად - 1928), „კორიოლანოსი“ (1898).

ქართული თეატრისთვის ი. მაჩაბელმა თარგმნა აგრეთვე გოლდონის კომედია „როგორც ჰქუხს, ისე არ წვიმს“, მოლიერის „ეჭვით ავადმყოფი“, ფრანგულიდან გადმოაკეთა პიესა „ადვოკატი მელაძე“, ვალადეს კომედია „ცქრიალა“ („ფრუ-ფრუ“), ჟირარდენის დრამა „ორ ცეცხლს შუა“.


თხზულებანი

ლიტერატურა

  • ვ. კოტეტიშვილი, ქართული ლიტერატურის ისტორია (XIX ს.), 1959;
  • ვ. ჭელიძე, ივანე მაჩაბელი, 1968;
  • გ. აბზიანიძე, ვანე მაჩაბელი, წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. IV, 1974.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები