ხარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხარება - მღვდლებამა გადაწყვიტეს ტაძრის შემკობა ფარდით. დავითის ტომიდან მოიყვანეს 7 ქალწული და მათ შორის წმ. მარიამიც, რომელსაც წილად ხვდა ჭეშმარიტი პორფირი და ძოწეულის ძაფების დართვა. მან სახლში წაიღო სართავი და დაიწყო ძოწეულის დართვა.

და აი, დადგა ჟამი წინასწარმეტყველების აღსრულებისა და ღვთიური სიტყვის ხორცშესხმისა: ერთხელ, როდესაც ყოვლადწმიდა ქალწულმა ჩვეულებისამებრ აღასრულა შუაღამიანის ლოცვა და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „ქალწული მუცლად-იღებს და შობს ძეს, და ეწოდება მას ემმანუილ (რაც თარგმანებით ნიშნავს - ჩვენთან არს ღმერთი), განიმსჭვალა სიყვარულით ამ ქალწულის მიმართ და ღრმად ჩაფიქრდა. იგი მთელი გულით ევედრებოდა ღმერთს, რომ მიენიჭებინა მისთვის ბედნიერება და ამ ქალწულის უკანასკნელ მოახლედ დაედგინა. უეცრად იგი უჩვეულო ზეციურმა ნათებამ მოიცვა და მოესმა ხმა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. მის წინაშე უფლის წარმოგზავნილი მთავარანგელოზი გაბრიელი იდგა. ქალწული შეკრთა, უკვირდა რას მოასწავებსო ეს უცნაური სიტყვები? და უთხრა მას ანგელოზმა. „ნუ გეშინინ, მარიამ! რამეთუ მადლი ჰპოვე წინაშე ღმრთისა და აჰა ესერა, შენ მუცლად-იღო და ჰშუა ძეჲ და უწოდე სახელი მისი იესო. ესე იყოს დიდ და ძე მაღლისა იწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თვისისა, და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისასა საუკუნოდ და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასულ“.

- ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი? - მორცხვად მიუგო ქალწულმა.

- სულიწმიდა მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ, ამისთვისცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლისა, - დაამშვიდა იგი მთავარანგელოზმა.

- აჰა, მხევალი ღმრთისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა - მიენდო ღვთის ნებას წმიდა ქალწული და იმავ წამს ჩაისახა მასში წმიდა ნაყოფი და აღავსო ყოვლადწმიდა მარიამის სული სიხარულითა და ბედნიერებით. აი, ამ დიდ დღეს, კაცობრიობის გადამრჩენის - მესიის - უბიწოდ ჩასახვის დღეს, ანგელოზის მიერ ყოვლადწმიდა ქალწულისადმი ხარების დღეს დღესასწაულობს წმიდა ეკლესია 7 აპრილს (ძვ.სტ. 25 მარტს). სწორედ ამ დღეს დაედო დასაბამი ქრისტეს გზას ჩვენი ცოდვებით დამძიმებულ დედამიწაზე. წმ მამათა აზრით, ხარების დღესასწაული არის ესაია წინასწარმეტყველის აღსრულების დასაწყისი.



წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები