ხოტევი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხოტევი – ერთ-ერთი უძველესი სოფელია რაჭაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ხოტევი, სხარტალი, წკადისი). გაშენებულია რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ხოტეურის ნაპირას, ზღვის დონიდან 1000 მეტრი, ამბროლაურიდან 10 კილომეტრი.

საისტორიო წყაროებში დადასტურებულია XI საუკუნიდან. იგი რაჭის მნიშვნელოვან სოფლებთან ერთად მოხსენიებულია საყოველთაოდ ცნობილ ძეგლში „ნიკორწმინდის იადგარში", რომელიც, XI-ის 70-80-იან წლებშია შექმნილი. აქ ვკითხულობთ: „ხოტევს ვიყიდე გაბოშისაგან მიწაჲ და მივეც ჴარი ა.“ სოფელი ხოტევი ადრიდანვე ეკონომიკურად ძალზე დაწინაურებულა, რადგანაც იგი იმერეთ-ქვემო რაჭის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობდა და მთელ სატრანსპორტო-სავაჭრო მიმოქცევას მტკიცე კონტროლს უწევდა. სოფელში შემონახულია მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, რომელიც შუა საუკუნეების (ხოტევის დაწინაურების ეპოქა) (XI-XII ს.ს.) პირმშოა.

ხოტევი ეტიმოლოგიური თვალსაზრისით შესწავლილი არ ყოფილა. მართალია, მასში გამოყოფენ -ევ სუფიქსს, მაგრამ ხოტ- საყრდენი ძირი მნიშვნელობადაბნელებულ სიტყვად არის მიჩნეული.

ჩვენი ვარაუდით ტოპონიმი ხოტევი წარმოშობით უნდა უკავშირდებოდეს სიცხე-გვალვიანობის აღმნიშვნელ ხვატ- სიტყვას (ვა – ოს გზით). მაშასადამე, ხოტ-ევ-ი (- ხვატ-ევ-ი) უნდა გავიაზროთ როგორც ხვატიანი, სიცხის ბურიანი, ხშირგვალვიანი ადგილი. დასავლური დიალექტები (იმერული, ლეჩხუმური, რაჭული…) კარგად იცნობენ ხვატ- სიტყვას როგორც კლიმატურ-მეტეოროლოგიური შინაარსის ტერმინს: „სიმხურვალე, ხვატი ახთენს ყურძენს“; „გაფურჩქნა უნდა ვენახს, რომ არ შეიხუთოს და არ წახთეს კუმპლები, რომ არ დახვატოს“, იმერულში ხვატი ხვარტი-ს სახით არის დადასტურებული. მნიშვნელობა აქაც იგივეა: ძლიერი სიცხე, პაპანაქება: რა ხვარტი არი! დახვარტამს ნაყოფს“, „დღეს ხვარტია“. იმერული დიალექტის ერთი თქმის – ხანისწყლის ხეობის მცხოვრებთა მეტყველებაშიც ხვარტი გვხვდება: „ძლიერი სიცხე მოღრუბლულ ამინდში“.

ადგილობრივი მოსახლეობის სასაუბრო მეტყველებაში ხოტევის ნაცვლად აქა-იქ ხოტებ-ი შეიძლება შეგვხვდეს („ჩვენებურნი იყვნეს ხოტებსა“) მაგრამ ეს ახალს არაფერს გვეუბნება; აქ, უბრალოდ, -ევ- და -ებ- სუფიქსთა მონაცვლეობასთან გვაქვს საქმე, რაც საერთოდ ნიშანდობლივია იმერულ და ლეჩხუმურ-რაჭული კილოებისათვის.

ხალხური წარმოდგენით ხოტევის წარმოშობა თურმე თამარ მეფის სახელთან ყოფილა დაკავშირებული: „ერთი ჩვენი თავადი წასულა უმალ თამარ დედუფალთან. ადგილ-მამული არ ქვყოფნის და რაცახანაირად უნდა გვიშველოო. მიუცია მიწები, ზოგი ლეჩხუმითგან, იქით კიდო სხვა მამულები. მერე დაიმტერესთა თვითონ მეფე, წავალ, ნავხავ, რაფლა არიენო. მისულა და რას ნახავს: ამუშავებენ ამ მიწეფს, მარა რას ამუშავებენ. გახარებია მეფეს და შეკითხებია. აქანა ხო ეტევიო? – ხო, ვეტევიო! – დაუთქვამთ მას მერე იმ ადგილებისათვის ხოეტევი, იგივე ხოტევი“ (მიხეილ ერმილეს ძე სირაძე).

სხვაგვარი გადმოცემის მიხედვით ტოპონიმ ხოტევის წარმოშობა მტრის შემოსევასთან ყოფილა დაკავშირებული: „მტერი შემოსევია რაჭას, ხალხი ციხეში შეხიზნულა, დიდი და პატარა იქ ყოფილა. უკითხია ქართველების წინამძლოლს: ხალხო, ხო ეტევითო? დარქმევია სოფელს ხოტევი“ (ლია რევაზის ასული კერესელიძე, 1989 წ. ქ. თბილისი)

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები