ჯაფარიძე კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:17, 8 სექტემბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონსტანტინე ჯაფარიძე

ჯაფარიძე კონსტანტინე იასონის ძე - (დ. - 12.I.1884, სოფ. შარდომეთი, რაჭის მაზრ. - გ. - ?, სოფ. ქვიშხეთი, ხაშურის რ-ნი.) - სოციალ-დემოკრატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა თავადის ოჯახში, საშუალო განათლება მიიღო ქუთაისის გიმნაზიაში. უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო ხარკოვის უნივერისტეტში, სწავლობდა შვეიცარიაშიც. განათლების მიღების შემდეგ ადვოკატად მუშაობდა თბილისში. 1905 წელს შეუერთდა რსდმ პარტიის მენშევიკების ფრაქციას. იყო პარტიის აქტიური წევრი, ეწეოდა პუბლიცისტურ საქმიანობას. 1911 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.

1917 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით არჩეულ იქნა ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს გარკვეული პერიოდი იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) მდივანი. ნოე ჟორდანიას ბრძანებით, 1918 წლის დეკემბერში სერგი ჯაფარიძის ნაცვლად, კონსტანტინე ჯაფარიძე დაინიშნა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველად. 1919 წლის თებერვალში სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად. 1919 წლის 14 მარტს სხდომაზე არჩეული იქნა დამფუძნებელი კრების მდივნად, შედიოდა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის შემადგენლობაში, იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. მონაწილეობდა ანტისაბჭოთა გამოსვლებში და პროპაგანდას ეწეოდა მოსახლეობაში. ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში. შედიოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ორგანიზაციის ცეკას შემადგენლობაში. საბჭოთა რეჟიმის მიერ 1923, 1926 და 1933 წლებში სამჯერ დააპატიმრეს, გათავისუფლების შემდეგ არალეგალურად ცხოვრობდა სოფელ ქვიშხეთში, სადაც 40-იან წლებში გარდაიცვალა, გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია. დაკრძალულია ქვიშხეთში.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016;
  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107, 108, 109; გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1918, №110;
  • დამფუძნებელი კრების 14 მარტის სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო კომისიის წევრები]]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები