ჯვართამაღლება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმ. კონსტანტინე და წმ.ელენე

ჯვართამაღლება - (27 სექტემბერი ახ. სტილით) თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი. იმპერატორმა ადრიანემ (117-138 წ.წ.) ახალი ქალაქი აღაშენა თავისი წინამორბედის - იმპერატორ ტიტეს მიერ 70 წელს მთლიანად დანგრეული იერუსალიმის ადგილას და სახელიც კი შეუცვალა მას (აკრძალული იყო წმიდა ქალაქის ძველი სახელწოდების ხსენება და მას წარმართი ხელმწიფის ბრძანებით ელიუს-ანდრიანოპოლს ეძახდნენ). იმავე ადრიანემ ბრძანა მიწით დაეფარათ გოლგოთა და საფლავი უფლისა, ხოლო ამ ხელოვნურ ბორცვზე აღეშენებინათ წარმართული საკერპე ბომონი, ღვთაება ვენერას პატივსაცემად და იუპიტერის ქანდაკებაც აღემართათ. ამ ადგილას იკრიბებოდნენ ხოლმე წარმართები წლების განმავლობაში, რათა მსხვერპლშეწირვა აღესრულებინათ.

მაგრამ 300 წლის შემდეგ უფლის ჯვარზე სიკვდილისა და მკვდრეთით დიდებული აღდგომიდან, ეს უდიდესი სიწმინდენი - უფლის საფლავი და მისი ცხოველმყოფელი ჯვარი - ღვთის განგებით, კვლავ მოპოებულ იქნა ქრისტიანთა მიერ და ყველა მორწმუნისათვის ხელმისაწვდომი გახდა თაყვანისსაცემად. ეს მოხდა მოციქულთასწორი წმიდა იმპერატორის კონსტანტინე დიდის დროს (ხსენება 21 მაისს) - რომელმაც პირველმა რომის იმპერატორთაგან, შეწყვიტა ქრისიანთა დევნა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

ქრისტეს ჯვარი აღმოაჩინა წმ. კონსტანტინეს დედამ, წმ. ელენემ. აღმოაჩინეს საფლავი უფლისა, ხოლო მის შორიახლოს სამი ჯვარი ნახეს. აქვე იყო ის ფიცარიც, რომელზეც პილატემ სამენოვანი წარწერა გააკეთებინა, „იესო ნაზარეველი - მეფე ჰურიათა.“ და ის ოთხი ლურსმანიც, რომლებითაც მტარვალებმა ჯვარს მიამსჭვალეს მაცხოვარი იესო. იმისათვის, რომ შეეტყოთ, თუ ამ სამიდან რომელი იყო ჯვარი უფლისა, პატრიარქმა მაკარიმ რიგ-რიგობით მიადო ისინი ერთ ახალ მიცვალებულს, რომელსაც ამ დროს მიასვენებდნენ დასაკრძალავად: როცა შესვენებულს ცხოველმყოფელი ჯვარი შეეხო, ჯვარზე ზეციდან გადმოვიდა ნათელი და მიცვალებული გაცოცხლდა. ამით ყველანი დარწმუნდნენ, რომ ეს სწორედ ის ჯვარია, რომელზედაც ევნო უფალი იესო ქრისტე. ეს ამბავი მაშინვე მოედო მთელ ქალაქს და გოლგოთაზე მრავალი ქრისტიანი შეიკრიბა. მათი თხოვნით წმ. ელენემ და პატრიარქმა მაკარიმ ისე მაღლა ასწიეს ქრისტეს ჯვარი, რომ ყველას შესძლებოდა მისი ხილვა. ამას ეწოდება ჯვართამაღლება და ყოველთვის აღინიშნება 27 სექტემბერს.


ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები