აბანო-თერმე
აბანო-თერმე - (Abano Terme, Абано-Терме), ბალნეო-პელოიდური კურორტი ჩრდილოეთ იტალიაში, ვენეციის ოლქში, ქ. პადუიდან 10, ხოლო ქ. ვენეციიდან 60 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს ვენეციის დაბლობზე, ეუგანის ბორცვების ძირში, ზღვის დონიდან 14 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი − ვაკებორცვიანი.
ჰავა − ხმელთაშუა ზღვის. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 30C. ზაფხული ცხელია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 30°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 73%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა - 845 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულზე, ხოლო მინიმუმი - ზაფხულზე.
მცენარეული საფარი − კურორტზე, თითქმის ყოველ ნაბიჯზე, გვხვდება: ნაძვი, კვიპაროსი, მუხა და სხვადასხვა ყვავილი. აბანო-თერმეს მიდამოებში გავრცელებულია: მუხნარი, წაბლნარი და ფიჭვნარი; ვენახები; ციტრუსების, ვაშლის, ატმის, ქლიავისა და ზეთისხილის ნარგავები.
აბანო-თერმეს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: დაბალი მინერალიზაციის (M-5,6-6,2 გ/დმ3) ჰიპერთერმული (ტ-750C-870C), რადონული, ქლორიდულიოდობრომიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები; ლამის სულფიდური სამკურნალო ტალახი და ხმელთაშუა ზღვის ჰავა.
აბანო-თერმეში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლის აბაზანები; ინჰალაციები და შესხურებები აღნიშნული წყლით; სამკურნალო ტალახის აპლიკაციები და ტამპონები; პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები აბანო-თერმეში წასასვლელად: საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის, შარდ-სასქესო და სუნთქვის ორგანოების, კანისა და სისხლძარღვების დაავადებები.
მჟამად კურორტზე ფუნქციონირებს 70-ზე მეტი სასტუმრო და პანსიონატი წყლისა და სამკურნალო ტალახის სააბაზანოებით.
ტურისტული ობიექტები:
აბანო-თერმესა და მის მიდამოებში (რომაული პერიოდის თერმების ნაშთები (კურორტის მინერალურ წყლებს ფართოდ იყენებდნენ რომის მცხოვრებლები ჯერ კიდევ ახ. წ. I-II საუკუნეებში, რომლებმაც შექმნეს ამ ტერიტორიაზე დასახლება აპონიუმი ანუ პატავიუმი (Aponium, Patavium);
სან-დანიელის სახელობის დედათა რომაულ-კათოლიკური მონასტერი (IX საუკუნე);
სან-ლორენცოს სახელობის რომაულ-კათოლიკური ტაძარი (1780 წელი) და IX-X საუკუნეებში აშენებული მისი სამრეკლო;
მადონა დელა სალიუტეს სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (1428 წელი);
პრალიას რომაულ-კათოლიკური სააბატო (XVI საუკუნე);
მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;
მონდირონის სამხატვრო გალერეა;
ეუგანის ბორცვების ნაციონალური პარკი;
დიდი იტალიელი პოეტის ფრანჩესკო პეტრარკას სახლ-მუზეუმი ქ. აკუაში და სხვ.),
ქ. პადუაში (ძველი რომაული ამფითეატრის, ფორუმისა და ხიდების ნანგრევები (ძვ.წ. II-ახ.წ. II საუკუნეები);
პალაცო დელა რაჯონე (1215-1306 წლები);
უნივერსიტეტი (1493 წელი);
სანტა-მარია ასუნტას სახელობის რომაულკათოლიკური ტაძარი (XVI საუკუნე);
მუზეუმები - ქალაქის, სან-ანტონიოს, ბოტაჩინის და სხვ.