აბასთუმანი (კურორტი)
აბასთუმნი – (ინგლ.Abastumani, რუს. Абастумани), კლიმატო-ბალნეოლოგიური კურორტი სამხრეთ საქართველოში, ადიგენის რაიონში, ქალაქის ტიპის დაბა სამცხე-ჯავახეთში, ქ. ახალციხიდან 28 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით, ქ. ბორჯომიდან − 75 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, ქ. თბილისიდან − 287 კმ-ში, დასავლეთით. მდებარეობს მესხეთის აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთის კალთაზე, მდინარე ოცხის (მდინარე აბასთუმნისწყალი, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1250-1450 მ-ის სიმაღლეზე.
რელიეფი მთაგორიანია.
ჰავა − ზომიერად ნოტიო, შუა მთის ქვედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადი, შუა დეკემბრიდან მარტის თვის მეორე დეკადის ბოლომდე. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -6,4°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 17,2°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 626 მმ-ს, ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 77%-ს, მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 1967 საათს
კურორტისა და მისი მიდამოების ტერიტორია დაფარულია წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი) ტყეებით.
აბასთუმნის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: შუა მთის ქვედა სარტყლის ჰავა და მინერალური წყლები. ეს წყლები მოიპოვება მდინარე ოცხის მარცხენა ნაპირზე მდებარე გამოსავლებიდან. აღნიშნული მინერალური წყლები არის თერმული, სუსტი მინერალიზაციის (M-0,4-0,7 გ/დმ3) კაჟმჟავა, სულფატურ-ქლორიდული, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, რომლებიც ძირითადად განსხვავდება წყლის ტემპერატურით: გოლიათის წყაროს წყლის ტემპერატურაა 50°C, გველის – 42°C და სურავანდის – 39°C.
აბასთუმანში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია:
პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის აბაზანები, შესხურებები და გამორეცხვები აღნიშნული წყლით.
ჩვენებები აბასთუმანში წასასვლელად:
ფილტვების ტუბერკულოზი; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, შარდ-სასქესო ორგანოების, სუნთქვისა და პერიფერიული ნერვული სისტემების დაავადებები.
ტურისტული ობიექტები:
აბასთუმანსა და მის მიდამოებში: აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია; ხიდი მდინარე ოცხეზე (XII-XIII საუკუნეები);< შუა საუკუნეების მართლმადიდებლური ეკლესია; „თამარის ციხე“; მართლმადიდებლური ეკლესია „ახალი ზარზმა“ (1899-1902 წლები), რომლის ინტერიერი მოხატა მ. ნესტეროვმა (1902-1904 წლები) და სხვ.).