აჭარა-იმერეთის ქედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მესხეთის ქედი

მესხეთის ქედი – ქედი მცირე კავკასიონის დასავლეთ ნაწილში. მესხეთის ქედი აჭარა-თრიალეთის ზონის ყველაზე ფართო ოროგრაფიული ერთეულია, რომელიც ვრცელდება 196კმ-ზე შავი ზღვის სანაპიროდან ბორჯომის ხეობამდე და აქვს 40-70კმ სიგანე. მთავრი წყალგამყოფი თხემი იწყება ბათუმთან მთა ეგრე (896მ) და დასაწყისში (45კმ-ს მანძილზე) მიმართულია თითქმის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ამ მონაკვეთში იგი გადაუხრელად მაღლდება და აღწევს მწვერვალ ხინოს (2598მ). მწვერვალ თაგინაურთან ფერდობი იღებს განივ გავრცელებას ბოლომდე – მწვერვალ ლომისმთამდე.

წყალგამყოფი თხემის მოცემულ განივ მონაკვეთზე ქედის სიმაღლეები აღწევს: თაგინაური 2668მ, საყორნია-2755მ, ტბისერი-2601, ზოტისმთა-2676მ, მეღვრიკი-2475მ, გომისციხე-2380მ, ხალხამი-2635მ, ლომისმთა-2198მ, ქედის უმაღლესი მწვერვალიც აქ არის მეფისწყარო 2850მ. ამავე მონაკვეთზე განლაგებული უღელტეხილების სიმაღლე 2200-2300მ-ია (ზეკარი, საირმე, ჭიდილა, ბადიში და სხვ.). ქედის საშუალო სიმაღლე 2177მ-ია. უმდაბლესი გადასვლელი ზეკარი – 2182მ.

მესხეთის ქედის თხემის მიმართულება ემთხვევა მთიანი სისტემის დასავლეთ ნაწილის ტექტონიკურ ღერძს. ქედის ეს ტექტონიკური და ოროგრაფიული ღერძი წარმოადგენს მნიშვნელოვან წყალგამყოფს, რომელიც დასავლეთში ყოფს მდინარეების აჭარისწყლისა და ჭოროხის აუზებს, მდინარეების ჩაქვისწყლის, კინტრიშის, ნატანების, სუფსის აუზებისაგან, ხოლო აღმოსავლეთით მტკვრისა და რიონის აუზებს. მესხეთს ქედის განშტოებებიდნ უკეთესად არის გამოხატული დასავლური (ჩაქვის, ქობულეთის) და ჩრდილო (ზოტისწვერი, ცამცეხილის, კინკილეთის) განშტოებები. სამხრეთ განშტოებები გაცილებით მოკლეა. მნიშვნელოვანია ჩრდილო ფერდობზე ლობოროთის ქედის განშტოება, რომელიც გამოდის მწვერვალ მეფისწყაროდან. მისი უმაღლესი მწვერვალია დიდი ლობორთი (2730მ) და ყოფს ერთმანეთისაგან სუფსისა და ხანისწყლის აუზებს.

მესხეთის ქედის სამხრეთ ფერდიობები

სარჩევი

აგებულება

მესხეთის ქედი უმთავრესად აგებულია პალეოგენური წყებებით, რომელთა შემადგენლობაში გაბატონებულ როლს ასრულებს ეოცენის ვულკანოგენური ფორმაცია. აჭარა-ადიგენის ფარგლებში შუაეოცენური ვულკანოგენურ დანალექი ქანების კომპლექსის სიმძლავრე 7000 მ-ს აღწევს და როგორც გეოლოგები ვარაუდობენ მისი სტრატიგრაფიული დიაპაზონი გაცილებით უფრო ფართოა.

ძალიან დიდი სისქე და ნუმულიტების იშვიათი ნაშთები საფუძველს იძლევიან რომ არა მარტო შუა ეოცენის, არამედ პალეოცენის, ქვედა ეოცენის, ზედა ეოცენის და ოლიგოცენის არსებობაც დაუშვათ. მესხეთის ქედის ჩრდილო კალთების აგებულებაშიმ ნიშვნელოვან როლს ასრულებს შუა ეოცენის ვულკანოგენურ-დანალექი კომპლექსის ქანები. ზედა ეოცენური ნალექები აქ ადიგენის წყების სახელითაა წარმოდგენილი. ადიგენის წყების სისქე 300-800მ-ია. მისი ზედაეოცენური ასაკი ნუმულიტური ფაუნით არის დადგენილი. ადიგენის წყება გაიდევნება აჭარაშიც. რაც შეეხება ოლიგოცენურ ნალექბს, ოლიგოცენი ქედის სამხრეთ ფერდობის ბევრ ჭრილში თანხმობით აგრძელებს ზედა ეოცენს. ოლიგოცენის ჭრილი მთავრდება კონტინენტური ბენარის წყებით, ზედა ოლიგოცენს მიეკუთვნება წყრუთის წყებაც, როგორც ავღნიშნეთ ის ზედაოლიგოცენური ბენარის წყებით იფარება, ხოლო მის ქვეშ განლაგებული ოცხეს შრეები, როგორც მოლუსკების და ოსტრაკოდების ფაუნისტური კომპლექსები გვიჩვენებს, შუა ოლიგოცენის ზედა ნაწილს შეადგენს. ოცხეს შრეებს და ზედა ეოცენს შორის განლაგებულია ქვიშიან-თიხიანი წყება, რომელიც გეოლოგიურ ლიტერატურაში ყარათუბნის წყების სახელით არის ცნობილი, მისი სისქე 900 მეტრამდეა, ქედის აგებულებაში მონაწილეობენ ზედაცარცული კირქვებიც. ქედის თითქმის მთელ ზოლზე გავრცელებული ეოცენური მტკიცე პორფირიტული წყება მონაცვლეობს ადვილადშლად მასალასთან, რის გამოც შერცევით დენუდაციას განიცდის, კლდეზვავებისა და კლდოვანი რელიეფის განვითარებისკენ აქვს მიდრეკილება.

რელიეფი

რელიეფი ძირითადში ტექტონიკურ სტრუქტურას ემორჩილება, თუმცა ფერდობთა დიდი ეროზიული დანაწევრების გამო, ქედის მთავარი განშტოებები ასტრუქტურულ ფორმებს წარმოადგენენ.

მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით მესხეთის ქედი შეიძლება დავყოთ ერთმანეთისგან განსხვავებულ რამოდენიმე ნაწილად: მთავარი წყალგამყოფი თხემი, ჩრდილო-დასავლეთ ფერდობი, ჩრდილო ფერდობი, სამხრეთ-დასავლეთ ფერდობი და სამხრეთ ფერდობი.

მესხეთის ქედის მთავარი წყალგამყოფი თხემი ხასიათდება ძირითადად მცირედ დანაწევრებული, გრძივი ტალღოვანი პროფილით, მცირე შეფარდებითი სიმაღლით მწვერვალებსა და უღელტეხილებს შორის (100-300მ). მხოლოდ ადგილ-ადგილ გვხვდება მკვეთრად განცალკევებული მთიანი მასივები (მაგ. პირამიდის ფორმის მთა ნაღება აღმოსავლეთ ნაწილში, მოდელირებულია ეგზარაციის შედეგად). თხემის ზოგიერთი ნაწილი წარმოადგენს ტალღოვან პლატოს (აღმოსავლეთით უღელტეხილი ჭედილა, სამხრეთით მთა თაგინაური).

ანალოგიურ ზედაპირებს ვხვდებით ქედის განშტოებებზე (ლობორთი). მთავარი წყალგამყოფი თხემის რელიფში მნიშვნელოვანია ძველი მყინვარული ფორმების სიმრავლე. შედარებით კარგად არის გამოხატული ჩრდილო ფერდობზე სადაც რელიეფის სიმაღლე 2300-2400მ-ს აღემატება (მ.მ. ხინო, თაგინაური, საყორნია, ზოტისმთა, მეფისწყარო, დიდმაღალი, ნაღება) მყინვარული ფორმები გამოხატულია კარებით, ცირკებით, მორენებით და სხვ. მთა ხინოსა და ნებაძირს რაიონში არის რამოდენიმე კარი, 2კმ სიგრძის ორი ტროგი და მორენები. ანალოგიური წარმონაქმნები შეინიშნება მთა საყორნიას რაიონში, სადც ჩრდილო-აღმოსავლეთ ექსპოზიციაზე კარებთან ერთად (ზღვის დონიდან 2300მ-ზე) შეინიშნება 1,5კმ სიგრძის ტროგი და ბოლო მორენა, რომლის სიგრძე 150მ, ხოლო სიმაღლე 5მ-ია. კარგად შემონახული კარები და ბოლო მორენაა მთა დიდმაღალის ჩრდილო ფერდობებზე (2500მ). სამხრეთ ფერდობზე გამყინვარების კვალი როგორც წესი არ შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ ქედის ჩრდილო ფერდობის კალთები სამხრეთთან შედარებით გამოირჩევა დიდი დახრილობით და დამრეცობით, ასეთ ასიმეტრიულობის მიზეზი არა გეოლოგია, არამედ კლიმატური ფაქტირია – ჩრდილო ფერდობებმა უფრო მეტად განიცადეს მყინვარული ეგზარაცია, თოვლის საფარის ზემოქმედება და მყინვარული გამოფიტვა თანამედროვე და გამყინვარების ეპოქებში. ჩრდილო ფერდობის თოვლიანობას გარდა დაჩრდილვისა ხელს უწყობს, სამხრეთ ფერდობიდან მშრალი თოვლის გადახვეტა, რაც ჩვენს დროშიც შეინიშნება, ხოლო ვიურმში როგორც ჩანს გამოხატული იყო უფრო მკვეთრად.

აღწერილი მთავარი წყალგამყოფი თხემი, მესხეთის ქედს ყოფს ორ მაკრო ფერდობად – ჩრდილოეთი და სამხრეთი. ჩრდილო ფერდობი მნიშვნელოვნად განიერია სამხრეთზე (30-40კმ). ის ძლიერ დანაწევრებულია და დაბლდება კოლხეთის მიმართულებით, რის შედეგად ყალიბდება კარგად გამოხატული იარუსებრივად განლაგებული დენუდაციურ-ეროზიული საფეხურები. ამასთან ერთად ძირითად ოროგრაფიული ელემენტების განლაგება (ხეობები, შტოქედბი) ჩრდილო ფერდობზე გაბატონებულია ჩრდილოდსავლური მიმართულებით, ხოლო სამხრეთ ფერდობზე მათ აქვთ მერიდიანული და განივი მიმართულება.

მდინარეები

მესხეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია ახალციხის ქვაბულის ჩრდილო ნაწილით, დრენირებულია ძირითადად მდინარეების ქვაბლიანის (გაგვა, ოცხე), ფოცხოვის (ლერწინა) და მტკვრის (ჭვინტა, წნისისწყალი, წინუბნისწყალი) შენაკადებით. საზღვარი ახალციხის ქვაბულთან საკმაოდ მკაფიოდ არის გამოხატული რელიეფში და თითქმის ემთხვევა 1400-1500მ იზოჰიფსებს.

აწყურს ქვემოთ რომელიც მდებარეობს საზღვარზე ახალციხის ქვაბულსა და ბორჯომის ხეობას შორის, მტკვარში ჩაედინებიან მესხეთის ქედის სამხრეთ ფერდობის აღმოსავლეთ ნაწილის დამანაწევრებელი მდინარეები: თედისხევი, ზუარეთი, ქვაბისხევი და სხვ.

განხილული რეგიონის დამახასიათებელი ნიშნები მდგომარეობს შემდეგში: პირველ რიგში ფერდობი ვიწროა – სიგანე 10-12კმ-ია, მეორე დამახასიათებელი ნიშანია – მნიშვნელოვნად მცირე დანაწევრების სიღრმე, რომელიც არ აღემატება 200-400მ-ს. მესამე – ეს არის ქედის დამანაწევრებელ მდინარეთა ხეობების ფერდობთა განივი პროფილის გახსნილი ხასიათი. ყველა ეს განსაკუთრებულობა დაკავშირებულია იმასთან, რომ ახალციხის ქვაბულის აბსოლიტური ნიშნულები 1000-1100მ-ის ტოლია. მისი ძირი დაკავებულია მდინარეების ქვაბლიანით და ფოცხოვით, რომლებიც წარმოადგენენ ადგილობრივ ეროზიის ბაზისს სხვა მდინარეებისათვის, რომლებიც მოედინებიან მესხეთის ქედის სამხრეთ ფერდობის ამ მონაკვეთზე.

აღწერილი რეგიონის მთავარ მდინარეების ხეობებს წარმოადგენს მდინარეები ქვაბლიანი (უღელტეხილ ჭედილადან, სოფელ დერცელამდე), ოცხე (აბასთუმანი) მისი მარჯვენა შენაკადებით კურცხანა და სხვ. ქვაბლიანის ხეობა დიდ ნაწილზე წარმოადგენს სუბგანედურს, ოცხეს ხეობა – განივს, ხოლო კურცხანას ხეობა დიაგონალურია. მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა შენაკადი – მდინარე გაგვა და მდინარე კურცხანა თავისი ეროზიული ხეობებით გამოყოფს ფერსათის პლატოს მესხეთის ქედისაგან, მაგრამ მათ შორის კავშირი მერიდიანული თხემის საშუალებით შენარჩუნებულია, აღნიშნული თხემი ყოფს ამ ორი მდინარის ნაკადებს.

ბოლოს აღსანიშნავია, რომ რეგიონს აქვს კიდევ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი განსაკუთრებულობა, რომელიც გამოიხატება ლავური საფარის ფართო პლატოსმაგვარი ნაშთის არსებობით – ფერსათი.



წყარო

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რელიეფი და გეოდინამიკური პროცესები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები