აბაშელი ალექსანდრე
აბაშელი ალექსანდრე (ისააკ) ბესარიონის ძე - (ჩოჩია) (15.VIII.1884, სოფ. საჩოჩიო - 27.IX.1954, თბილისი) - ქართველი პოეტი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლობდა აბაშის ორკლასიან სასწავლებელში. მსახურობდა აბაშის ფოსტის განყოფილებაში, რამდენიმე თვის შემდეგ ბორჯომის ფოსტის კანტორაში გადაიყვანეს. 1902 წელს ეცნობა არალეგალურ ლიტერატურას. 1904 წელს ბათუმში, როტშილდის ქარხანაში მუშაობს. 1905 რევოლუციურ მოღვაწეობას იწყებს. მუშაობდა პროპაგანდისტად აბაშის, ბანძისა და მარტვილის რაიონებში. 1906 წელს დააპატიმრეს და ჯერ ოლონეცისა, შემდეგ კი ვოლოგდის გუბერნიაში გადაასახლეს. 1908 წელს გაათავისუფლეს და გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა თბილისში „კავკაზისა“ და „ნოვაია რეჩის“ რედაქციებში. აქ გამოაქვეყნა პირველი ლექსები რუსულ ენაზე. 1910 წელს პირველი ქართული ლექსი „შავი აჩრდილი“ დაიბეჭდა (ჟ. „თეატრი და ცხოვრება“, № 28), 1913 - ლექსების პირველი წიგნი „მზის სიცილი“. 1911 წელს გაზ. „თემმა“ სალიტერატურო კონკურსი გამოაცხადა, სადაც „სატურნის“ ფსევდონიმით წარადგინა ლექსი „მზე“, რომელსაც ჟიურიმ მეორე პრემია მიანიჭა. ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოზე ა. წერეთელმა გამოაცხადა ავტორის ვინაობა. 1913-1914 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ სამწერლო საქმიანობას. 1918 წელს ქართულ კლუბში ჰიმნთა შეჯიბრება გაიმართა და ის მთავრობის მხრიდან ჟიურის წარმომადგენელი იყო. აქვეყნებდა ლექსებს ლიტერატურულ ჟურნალში „ლეილა“. 1920 წელს დაწერა ლექსი „ელეგია“, სადაც ამაოებაზე საუბრობს, 1921 - ლექსი „შორეული ნაპირი“, რომელშიც პესიმისტურად ეხმიანება საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებას. გახდა ლიტერატურული დაჯგუფება „აკადემიური მწერლობის კავშირის“ წევრი, რომელიც აერთიანებდა მაშინ კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს სალიტერატურო პოლიტიკის ძირითადი პრინციპებისადმი ყველაზე უარყოფითად განწყობილ მწერლებს. 1921 წელს მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი „ხომალდი“. 1921 სალიტერატურო ორგანო „სიტყვა ქართულის“ სარედაქციო კოლეგიის წევრია. 1923 გამოსცა კრებული „ანთებული ხეივანი“. დაწერილი აქვს მოთხრობები: „ქალი სარკეში“ (1930), „ატმის ყვავილი“ (1959). დაუმთავრებელი დარჩა რომანი „ირმა“. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. ქმნიდა ქართველ პოეტთა პწკარედებს. იყო ჟურნალ „წიგნის“ პასუხისმგებელი მდივანი, დიდხანს იმუშავა გამომცემლობა „ზარია ვოსტოკაში“, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის პოეზიის სექციის ლიტერატურულ კონსულტანტად. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
- გაგა ლომიძე
ლიტერატურა
- დ. ბენაშვილი, კრიტიკული ნარკვევები XX ს. ქართულ ლიტერატურაზე, ტ. 1, თბ., 1967;
- ს. ჭილაია, XX საუკუნის ქართული მწერლობა, ტ. 2, თბ., 1959;
- ს. ჭილაია, ქსე, ტ. I, გვ. 17, თბ., 1975;
- გაზ. „ერთობა“, 1918, №31.
- ჟურ. „ახალი კავკასიონი“, 1925, №1-2;
- გაზ. „თემი“, 1911, №9; გაზ. „თემი“, 1912, №56.
ბიბლიოგრაფია
- ქალი სარკეში : ფანტასტიკური რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1987. - 400 გვ.
- ატმის ყვავილი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1968. - 28გვ.
- გაბზარული სარკე : ლექსები (ავტორი). - S.L., ზარია ვოსტოკა-ს სტ., 1929. - 136გვ.