აბზაკოვო
აბზაკოვო – (Abzakovo, Абзаково), კლიმატური, სამთო-სათხილამურო საკურორტო ადგილი რუსეთის ფედერაციაში, ბაშკორთოსტანის ბელორეცკის რაიონში, ქ. ბელორეცკიდან 20, ხოლო ქ. უფადან 265 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, რკინიგზის სადგურ ნოვოაბზაკოვოდან 5, ხოლო ქ. მაგნიტოგორსკიდან 60 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს კრიკტითაუს ქედის აღმოსავლეთ ფერდობებზე, შაითანის მთის მიდამოებში, მდინარე გულსადაგის (მდინარე პატარა კიზილის შენაკადი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 445 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – კონტინენტური, დაბალი მთის. ზამთარი ცივია და ხანგრძლივი. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 14°C. ზაფხული ხანმოკლეა და გრილი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 19,7°C. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 580 მმ-ს.
მცენარეული საფარი – აბზაკოვოს და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი) და ფოთლოვანი (არყის ხე, ვერხვი და სხვ.) ხეები.
აბზაკოვოს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია დაბალი მთის ჰავა და ფიტონციდებით გაჯერებული ტყის ჰაერი. საკურორტო ადგილ აბზაკოვოში, სამკურნალო მიზნით, ფართოდ გამოიყენება კუმისი.
აბზაკოვოს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია. ფართოდ იყენებენ, აგრეთვე, კუმისის პერორალურ მიღებას (დალევას).
ჩვენებები აბზაკოვოში წასასვლელად:
დასვენება; თხილამურებით სრიალი და ციგურაობა ზამთარში; ფილტვებისა და ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი; კახექსია; ანემია; ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
საკურორტო ადგილ აბზაკოვოში
გაიშას მეჩეთი (XX საუკუნე); აკვაპარკი „აკვარიუმი“ და სხვ.)
საკურორტო ადგილები ქ. ბელორეცკში
წმიდა სამების სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი (XX საუკუნე); მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური სამწყსო (XX საუკუნე); ქალაქისა და ზამიატინის რაიონის მეჩეთები XX საუკუნე;
სატაძრო მეჩეთი (XXI საუკუნე);
მუზეუმები – მეტალურგიული კომბინატის, ისტორიულ-მხარეთმცოდნეობის, ა. მუბარიაკოვის, შრომისა და საბრძოლო ღირსების;
სამხატვრო გალერეა; ხის ხიდი მდინარე ბელაიაზე; წყალსაწნევი კოშკი (1916 წელი) და სხვ.
ქ. ბელორეცკის მიდამოებში მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (სოფელ კაგაში, XX საუკუნე); წმიდა სერგი რადონეჟელის სახელობის მართლმადიდებლური ტაძრის სამწყსო (დაბა ინზერში) (XX საუკუნე) და ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის ხატი „მანუგეშებელის“ სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი (დაბა ტირლიანსკიში, XX საუკუნე); კაპის გამოქვაბული, რომელშიც აღმოჩენილია პალეოლითის ხანის პეტროგლიფები კლდეებზე (ძვ.წ. XV-XII ათასწლეული და სხვ.
ქ. მაგნიტოგორსკში ყოვლადწმიდა სამების სახელობის მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი (1989-2004 წლები); ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის ხატის „ცხოველსმყოფელი წყაროს“ სახელობის სამლოცველო (2006 წელი); მეჩეთები – მარცხენა სანაპიროს (XX საუკუნე) და სატაძრო (1991-2004 წლები); სამხატვრო გალერეა; მუზეუმები – მხარეთმცოდნეობის, მეტალურგიული კომბინატის და სხვ.; ბ. რუჩიოვის სახლმუზეუმი; აკვაპარკი „ღირსშესანიშნაობების ჩანჩქერი“ ი. რამაზანის სახელობის სპორტის სასახლე; ყინულის სასახლე; ეკოლოგიური პარკი, ცირკი და სხვ.