აბსოლუტური სიმაღლე
აბსოლუტური სიმაღლე – (absolute height, altitude), დედამიწის ზედაპირის ნებისმიერი წერტილის სიმაღლე, რომელიც აითვლება ოკეანეების ან შიდა ზღვების ძირითადი დონებრივი ზედაპირის ფიქსირებული სიმაღლიდან შვეული ხაზის მიმართულებით. რუსეთისათვის ეს არის კრონშტადტის (სანქტ-პეტერბურგი, ბალტიის ზღვა) სასიმაღლო ლარტყის − ფუტშტოკის ნული. ადრე საქართველოში და ამიერკავკასიაში აბსოლუტურ სიმაღლეს აითვლიდნენ შავი ზღვის ფოთის ფუტშტოკის ნულიდან, ხოლო შემდეგ და დღესაც − ბალტიის ზღვის დონიდან.
განასხვავებენ: გეოდეზიურ სიმაღლეს (მანძილი ელიფსოიდის ზედაპირიდან დედამიწის ფიზიკურ ზედაპირამდე ნორმალის მიმართულებით);
ორთომეტრიულ სიმაღლეს (მანძილი გეოიდიდან ანუ დონებრივი ზედაპირიდან დედამიწის ფიზიკურ ზედაპირამდე შვეულის მიმართულებით) და
ნორმალურ სიმაღლეს (მანძილი კვაზიგეოიდიდან დედამიწის ფიზიკურ ზედაპირამდე შვეულის მიმართულებით).
სიმაღლე არის: დადებითი − ათვლის ზედაპირიდან ზევით და უარყოფითი − ათვლის ზედაპირიდან ქვევით