თენგიზ აბულაძე
თენგიზ აბულაძე – (დ. 31 იანვარი, 1924, ქუთაისი – გ. 6 მარტი, 1994). საქართველოს სახალხო არტისტი; საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი; კანის, ედინბურგის, ლონდონის, ჰელსინკის, ბრატისლავას, სანრემოს და სხვა საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის ლაურეატი.
დაიბადა 1924 წელს ქუთაისში, 1943-1946 წლებში სწავლობდა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, 1953 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. თენგიზ აბულაძის სადიპლომო ნამუშევარია კინონარკვევი „დიმიტრი არაყიშვილი“.
დამოუკიდებელი შემოქმედებითი ცხოვრების დაწყებამდე, რამდენიმე პირველ ფილმს თენგიზ აბულაძე თავისი თაობის რეჟისორთან, რევაზ ჩხეიძესთან ერთად იღებს; ესენია: კინონარკვევები ― „ჩვენი სასახლე“ (1953) და „საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ (1954), აგრეთვე მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა“, რომელმაც 1956 წელს პირველი პრემია მიიღო კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, დიპლომი მოიპოვა ედინბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ორივე ახალგაზრდა რეჟისორს სახელი გაუთქვა.
თენგიზ აბულაძის პირველი დამოუკიდებლად გადაღებული წარმატებული ფილმებია „სხვისი შვილები“, რომელმაც 1960 წელს იტალიის საერთაშორისო ფესტივალზე პრემია დაიმსახურა, ხოლო ლონდონის, ჰელსინკისა და ტაშკენტის ფესტივალებზე ― დიპლომები, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, რომელმაც პირველი ხარისხის დიპლომი მოიპოვა ბრატისლავის საერთაშორისო კინოფესტივალზე (1963). ვაჟა-ფშაველას მიხედვით შექმნილმა მომდევნო ფილმმა „ვედრებამ“ 1974 წელს პირველი პრემია დაიმსახურა სან-რემოს საერთაშორისო ფესტივალზე… ამას მოჰყვა „სამკაული სატრფოსათვის“ და „ნატვრის ხე“ გიორგი ლეონიძის ნაწარმოებთა მიხედვით, რომელსაც 1979 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია თენგიზ აბულაძის ეპოქალური, რიგით უკანასკნელი ფილმის უდიდესი წარმატება მთელ მსოფლიოში. „მონანიება“ მძლავრსა და მკაცრ სიტყვას ამბობს ტირანიისა და დესპოტიზმის წინააღმდეგ. საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ თენგიზ აბულაძის ფილმები, მეტნაკლებად, ყველა მაღალმხატვრული და მთავარი ფილმია, სასხვათაშორისოდ მას არცერთი ფილმი არ გადაუღია.
1992-1995 წლებში თენგიზ აბულაძე საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრია.
თენგიზ აბულაძე გარდაიცვალა, როგორც ამბობენ, ძალთა გაფურჩქვნის ასაკში 1994 წელს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
წყარო
- ქართველი რეჟისორები
- საბჭოთა რეჟისორები
- ქართველი სცენარისტები
- საბჭოთა სცენარისტები
- საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები
- საქართველოს სსრ სახალხო არტისტები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურიატები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- რუსთაველის პრემიის ლაურეატები
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის ლაურეატები
- 1992-1995 წლების საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- აბულაძეები