აბუხალო
აბუხალო – (ინგლ. Abukhalo, რუს. Абухало), კლიმატო-ბალნეოლოგიური საკურორტო ადგილი აღმოსავლეთ საქართველოში, ქარელის მუნიციპალიტეტში, ქ. ქარელიდან 35 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილო კალთაზე, ზღვის დონიდან 1480 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი მთაგორიანია.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური და ნოტიო, შუა მთის ქვედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია და თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -3,2°C. გაზაფხული გრილი და ხანგრძლივი. ზაფხული გრილია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 18,6°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 680 მმ-ს. იცის მთა-ბარის ქარები.
აბუხალოს მიდამოები დაფარულია ფოთლოვანი (მუხა, ჯაგ-რცხილნარი) და წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი) ტყეებით.
აბუხალოს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: შუა მთის ქვედა სარტყლის ჰავა და სუსტი მინერალიზაციის (M-1,0-1,2 გ/დმ3) აზოტიანი, ჰიდროკარბონატულ-კალციუმიან-მაგნიუმიანი მინერალური წყალი, რომელიც მოიპოვება აბუხალოს მიდამოებში, მდინარე აბუხალოსღელის (მდინარე ტყემლოვნისწყლის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში.
აბუხალოში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების სავარაუდო მეთოდებია პასიური კლიმატოთერაპია და მინერალური წყლის აბაზანები.
სავარაუდო ჩვენებები აბუხალოში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები აბუხალოსა და მის მიდამოებში
ზღუდერის მართლმადიდებლური ეკლესია (VI-VII საუკუნეები); სამწევრისის მართლმადიდებლური ეკლესია (VII საუკუნე); რუისის (შუა საუკუნეები) და ყინწვისის მართლმადიდებლური სამონასტრო ანსამბლები (XII-XIII საუკუნეები); ორთუბნის (ძამის) ციხე (IX-XII საუკუნეები) და სხვ.