აგუადულსე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურორტი აგუადულსე

აგუადულსე – (ინგლ. Aguadulce, რუს. Агуадульсе), ზღვისპირა კლიმატო-პელოიდური კურორტი სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, ანდალუსიის ოლქში, ალმერიის პროვინციაში, ქ. ალმერიიდან 10, ხოლო ქ. მურსიიდან 176 კმ-ში, სამხრეთდასავლეთით და ქ. გრანადიდან 104 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე, კოსტა დე ალმერიის კურორტულ რეგიონში.

კურორტის ზღვისპირა ვიწრო ზოლი ვაკეა, ვაკეს ცვლის მთაგორიანი რელიეფი.

ჰავა – ხმელთაშუა ზღვის, შეხამებული ველის ჰავასთან. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 12,8°С. ზაფხული ზომიერად ცხელია და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 28,3°С. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 19,7°С, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 188 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის შემოდგომაზე (70 მმ), ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე (6მმ).

აგუადულსეს ტერიტორიაზე გავრცელებულია: ყვავილები, პალმები, კვიპაროსები და მუხის ხეები; ვენახები; ფორთოხლის, ლიმონის, ატმის, გარგარის,ავაშლის, ნუშისა და ზეთისხილის ნარგავები. კურორტის მიდამოების ტერიტორია დაფარულია: ხეშეშფოთოლა ქერმესის მუხით, ქონდარა პალმებით, ხემარწყვით, დანამასტაკით, ესპანური კურდღლისცოცხით, ესპანური საკმელით, წითელნაყოფა ღვიით, ლავანდით, როზმარინით, ალფა ბალახით და სხვ.

აგუადულსეს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ხმელთაშუა ზღვის ჰავა, ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი, ზღვის წყალი და ხმელთაშუა ზღვის ჩარკას დე ლას სელინას ზონაში მოპოვებული ლამის სულფიდური სამკურნალო ტალახი.

აგუადულსეს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში, პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.) და პელოიდოთერაპია (სამკურნალო ტალახის აბაზანები, აპლიკაციები და ტამპონები).

ჩვენებები აგუადულსეში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და შარდსასქესო ორგანოების პათოლოგიები.

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები