ადამიძე ანდრია
ადამიძე ანდრია [ადამ] ილარიონის ძე (ივლისი, 1866 – 5 მაისი, 1937) – მსახიობი და დეკლამატორი (1884 წლიდან), საოჯახო და საუბნო წარმოდგენების ერთ-ერთი პიონერთაგანი, პროფესიით ვექილი, ესტრადის ოსტატი. დაიბადა ქ. თბილისში. სწავლობდა თბილისის მეორე გიმნაზიაში. სცენაზე, ჯერ კიდევ გიმნაზიაში მოწაფეობის დროს, ვანო მჭედლიშვილთან და სხვებთან ერთად გამოვიდა: 1884 წელს, ჩუღურეთში, ბუჯიაშვილების სახლში გაიმართა საუბნო-საოჯახო წარმოდგენა, ამ საქმეში მას ვანო მჭედლიშვილი და სხვა ამხანაგები ეხმარებოდნენ. 1884-1885 წლებში შიშითა და კრძალვით 12 უფასო წარმოდგენა გამართა („მათიკო”, „არსენა”, „ძუნწი კარაპეტა” და სხვ.), რადგან პოლიცია ამ დროს ასეთ წარმოდგენებს სასტიკად სდევნიდა. 1887-1888 წლებში დ. აწყურელთან, ვ. გამყრელიძესა და სხვებთან ერთად ყოველკვირა ავჭალის ქუჩაზე – „გარაბცოვების დარბაზში” წარმოდგენებს მართავდა. 1889 წელს სანდრო ნებიერიძემ დრამატული საზოგადოების ნებართვით ვერის დასაწყისში, მებურნუთოვის მამულში, სადაც ახლა ყოფილი მელიქ აზარიანცის სახლი დგას, სახალხო თეატრი გახსნა. ამ თეატრმა ერთი წელი იარსება და ანდრია ადამიძე ამ წლის მანძილზე აქ თამაშობდა. 1890 წელს დ. აწყურელსა და გამყრელიძესთან ერთად ქართული დრამატული საზოგადოების დასში, ყოფილ არწრუნის ქარვასლაში, მიიწვიეს, სადაც 1915 წლამდე – 25 წელი იმუშავა.
1904 წელს, გიგო ჩარკვიანის თხოვნით, ნაძალადევის სახალხო თეატრს ხელმძღვანელობდა. წარმოდგენებს მართავდა წითელი მთის ქუჩაზე, გიორგი გაბიტოვის სახლში; ყოფილ ზუბალაშვილის სახალხო სახლში, რამდენიმე სეზონი, მარია დემურიას მეთაურობით და კოტე შათირიშვილის რეჟისორობით გამართულ წარმოდგენებში მონაწილეობდა; აგრეთვე, 4 წელი – ავჭალის ქუჩის აუდიტორიის თავისუფალ საღამოებში. ანდრია ადამიძემ ითამაშა ქუთაისში, ხაშურში; ხშირად, სონა ხუდადოვის მიწვევით, გორშიც გამოდიოდა. ვლ. ალექსი-მესხიშვილის მეთაურობით გასტროლებით მოიარა ბაქო, განჯა (რკინიგზის თეატრი) და ჭიათურა. ხშირად გამოდიოდა ხელოსანთა, ს. ორჯონიკიძის სახელობის და სხვა კლუბების სცენებზე. აგრეთვე მონაწილეობდა საქველმოქმედო წარმოდგენებში. 1931-1932 წლებში ზემო ავჭალაში თავისივე მონაწილეობით ოთხი საგლეხო-სახალხო წარმოდგენა დადგა. უმეტესად ასრულებდა სახასიათო-კომიკურ როლებს – იმერელ მსახურებს, გლეხებს; მაგ.: პირველმა შეასრულა იმერელი ბიჭის როლი, საუცხოოდ ასრულებდა კოსტაიას („რაც გინახავს ვეღარ ნახავ“), ივანიძეს („ძუნწი“), ლომინ გოდაბრელიძეს („დავა“) და სხვ.
ცნობილი იყო, როგორც ნიჭიერი დეკლამატორი, ლექსების კარგი მკითხველი. დივერტისმენტებში მარილიანად კითხულობდა სცენებს და გამოჩენილი ქართველი პოეტების ლექსებს, რითაც ხალხის – მასის გონებრივ და ზნეობრივ აღზრდა-განვითარებას ხელს უწყობდა.
გარდაიცვალა 1937 წლის 5 მაისს. დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე.
მისი შვილია მსახიობი ვლადიმერ ადამიძე.
გამოყენებული ლიტერატურა
1. ავტობიოგრაფია;
2. საქართველოს სახელმწიფო სათეატრო მუზეუმი;
3. რენესანსის თეატრში // ისარი. – 1907. – 21 თებერვალი. – № 39. – გვ. 1;
4. თფილისის... // ალი. – 1908. – 8 ნოემბერი. – №6. – გვ. 3;
5. მოქალაქეთა შორის // დროება. – 1908. – 27 ნოემბერი. – № 8. – გვ. 3;
6. ორშაბათს, 10 თებერვალს... // კლდე. – 1914. – №6. – გვ. 11;
7. ჯაბაური, გ. ქართული სახალხო თეატრის ისტორია // თეატრი და ცხოვრება. – 1914. – № 11. – გვ. 14-15;
8. გვარაძე, ნიკო. თეატრალური მემუარები. – თბ.: სახელგამი, 1949. – გვ.: 3, 4, 9, 10;
9. ბუხნიკაშვილი, გ. გაბრიელ სუნდუკიანი: რევოლუციამდელი სომხური და ქართული თეატრების ურთიერთობის ისტორიიდან – თბ.: ხელოვნება, 1950. – გვ. 43.