ავალიშვილისა ბარბარე
ავალიშვილისა, ბარბარე (ბაბო) ანდრიას ასული (1849 – 1900, 29/XI) (სხვა ცნობით 1851, 22/VII (3/VIII) – 1900, 23/XI (6/XII)) – დრამატული მსახიობი, ქართული თეატრის დედად წოდებული, ევროპული როლების პირველი შემსრულებელი. ომან მდივნის (ხერხეულიძის) შვილიშვილი, – დაიბადა თავადიშვილის ოჯახში. მამამისი „პრიკაზის“ დირექტორად მსახურობდა. 1867 წელს დაამთავრა თბილისის წმ. ნინოს სახ. სასწავლებელი. სწორედ ამ წელს ქართული სამუდამო თეატრის დაფუძნების მიზნით „მნათობის“ წრე შედგა. ამ წრის კრებები და რეპეტიციები ბარბარეს ძმის – ნ. ხერხეულიძის ოჯახში იმართებოდა. წრის საქმიანობას მუდამ ესწრებოდა ბარბარე ავალიშვილისა. იმ დროს მეტად გაჭირვებით იმართებოდა წარმოდგენები, რადგან მაღალი წრის ქართველი ქალები სცენაზე გამოსვლას სათაკილოდ თვლიდნენ, ქალთა როლებს ვაჟები ასრულებდნენ. ამ გაჭირვებიდან ქართული სცენა ბარბარე ავალიშვილისამ იხსნა: 1868 წელს, მაღალი წოდების ოჯახთაგან პირველთაგანი გამოვიდა სცენაზე, რის გამოც ნათესავებმა გაკიცხეს და განდევნეს, მაგრამ ბარბარე ავალიშვილისამ არჩეულ გზას აღარ გადაუხვია და მშობლიურ სათეატრო ხელოვნებას თავი არ გაანება. ბარბარე ავალიშვილისას გამოსვლის შემდეგ არც ერთი რიგიანი ოჯახის ქალს არ უჭირდა სცენაზე გამოსვლა. ამით წარმოდგენებსაც თანდათან წარმატება დაეტყო. (ამ საგანზე ვრცლად იხ. ნ. ავალიშვილის „ქართული თეატრის მატიანე” – „დროება”, 1909 წ.). როლების შესრულების გარდა, როცა საჭირო იყო, ბარბარე ავალიშვილისა დღე-ღამ შეუსვენებლივ სასცენო ტანისამოსს ამზადებდა, სცენის მოწყობას შველოდა. სამუდამო სცენის დაარსებამდე, ბარბარე ავალიშვილისა კ. ყიფიანთან ერთად საოჯახო და საკლუბო სცენებზე გამოდიოდა. მარიამ ყიფიანის ქალის შემდეგ იგი პირველი ქალი მსახიობი იყო, რომლის წყალობითაც ქართულ სცენაზე დაიდგა რამდენიმე კლასიკური პიესა. შეუსრულებია ასამდე როლი: ქეთევანი („სამშობლო“), ზანდა, („ბოშა ქალი ზანდა“), სერგეი ვოლინცეკის მეუღლე ნინო („ბორკილი“), მარგარიტა გოტიე, ივდითი, მარინე, და სხვ.
ბარბარე ავალიშვილისამ მთავარმართებლისაგან მეფის მთავრობისგან აკრძალული, დ. ერისთავის პიესა „სამშობლოს“ წარმოდგენის ნებართვა მოიპოვა და ამის შემდეგ, ეს პიესა შეუჩერებლივ იდგმებოდა.
1893 წლის დეკემბრის 8-ს, სცენაზე მოღვაწეობის 25 წლის იუბილე გადაუხადეს. ბარბარე ავალიშვილისა თეატრის სიყვარულით ცოცხლობდა და მანვე იმსხვერპლა: „სამშობლოში“ ქეთევანის როლის შესრულების დროს „როლში შესულმა“ ლევანის შემსრულებელმა მსახიობმა იატაკზე ისე მაგრად დააკვრევინა თავი (ბოლო მოქმედებაში), რომ ბარბარე ავალიშვილისას გული შეუღონდა, ტვინის ავადმყოფობა დასჩემდა, რისთვისაც სულით სნეულთა საავადმყოფოში მოათავსეს და იქვე გარდაიცვალა (1900 წლის ნოემბრის 29-ს). დაიკრძალა წმ. ნინოს (კუკიის) სასაფლაოზე ქართველ მსახიობთა პანთეონში. მშობლიურ სცენაზე პირველად შესვლის, მისი გატაცებით სიყვარულისა და თავგამოდებული სამსახურისათვის ეწოდა „ქართული თეატრის დედა“.
მის შესახებ:
- 1. გ. წერეთელი. ბარბარე ავალოვისა, თ. ხერხეულიძის ასული. მოგონება // კვალი. – 1893. – № 51;
- 2. უ[მიკაშვილი], პ. ბარბარე ავალიშვილისა // ივერია. – 1898. – № 243;
- 3. იმედაშვილი, იოსებ. ქართული თეატრი და მისი მსახიობი / ცხოვრების სარკე. – წიგნი I. – თბ.: იოსებ იმედაშვილის გამოცემა № 19, 1899. – 240 გვ.
გამოყენებული ლიტერატურა:
- 1. ბურჯაძე [ი. ბაქრაძე]. თეატრი // დროება. – 1878. – № 222; ქართული თეატრი // ივერია. – 1886. – № 251. – გვ. 3;
- 2. ივერია. – 1878. – № 14;
- 3. საქართველოს მატიანე. – 1890. – № 265;
- 4. გუნია, ვ.: ა) ქართული თეატრი (1879-1889). – თბ., 1889. – გვ.: 3, 18, 135-136; ბ) საქართველოს კალენდარი. – თბ., 1894. – გვ. 423;
- 5. კვალი. – 1893. – № 4;
- 6. წერეთელი, გ. (მაზაკვალი). ჩვენი სახიობა // კვალი. – 1895. – № 7 გვ. 10-11; № 49. – გვ. 10 [მარგარიტა გოტიეს შესახებ];
- 7. სხვადასხვა ამბები // კვალი. – 1900. – № 49. – გვ. 774; ავალიშვილი, ნ. // დროება. – 1910. – № 21, 23;
- 8. თეატრი და ცხოვრება. – 1910. – № 22 [კანზე]; 1914. – № 15. – გვ. 3; 1924. – № 4. – გვ. 12;
- 9. ცაგარელი, ავქსენტი. კომედიები / ი. გრიშაშვილის რედაქციით, წინათქმით, შენიშვნებით და ლექსიკონით. – ტფ.: ფედერაცია, 1936. – გვ.: 411, 476;
- 10. მგალობლიშვილი, სოფრომ. მოგონებანი / ლევან ასათიანის წინასიტყვაობით, რედაქციით და შენიშვნებით. – თბ.: ფედერაცია, 1938. – გვ.: 49, 50, 51, 237, 238;
- 11. ქართული ჟურნალებისა და კრებულების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია / გ. აბზიანიძის რედ. და წინსიტყვ.; ბიბლიოგრ. რედაქცია და საძიებლები თ. მაჭავარიანის. – ნაკვ. 2: 1877-1892. – თბ., 1941. – გვ. 383; ნაკვ. 3: (1893-1905). – თბ., 1944. – გვ. 784;
- 12. შვანგირაძე, ნინო. ვ. გუნიას უცნობი დღიური // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1947. – № 41. – გვ. 4;
- 13. ზურაბიშვილი, ილია. ოთხი პორტრეტი: მაკო, ვასო, ნატო, ლადო. – თბ.: ხელოვნება, 1948. – გვ. 6;
- 14. გვარაძე, ნიკო. თეატრალური მემუარები. – თბ.: სახელგამი, 1949. – გვ.: 3-6, 170, 239;
- 15. ბურთიკაშვილი, ალ. სცენის ოსტატები: (პორტრეტები). – თბ.: ხელოვნება, 1951. – გვ. 177.